წითელი ვერსია
  • 9
  • 12963

ჟურნალისტი, დეკანოზი და დაბნეული მაყურებელი

13 ნოემბერი 2023

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე „თავს დაესხა „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს“


გვითხრა 11 ნოემბერს „მთავარი არხის“ 15 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში კორესპონდენტმა, რომელსაც რეპორტაჟი მიჰყავდა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის დაკრძალვის შესახებ.


ჟურნალისტმა ჯაღმაიძეს სხვა „ბრალდებებიც“ წაუყენა:


„ანდრია ჯაღმაიძე ცდილობდა, რომ დავედანაშაულეთ დეზინფორმაციის გავრცელებაში, თითქოს, როდესაც ჩვენ ორი კვირის წინ მოვამზადეთ რეპორტაჟი ლომისასთან დაკავშირებით, საუბარი არის მლეთაზე და ასევე კირბალის ლომისაზე, თითქოს ეს საკითხი იყო ორივე გაერთიანებული ისე, რომ მაყურებელს დარჩა განცდა, თითქოს ოკუპანტებმა არა კირბალში აჭედეს ლომისის კარი, არამედ - მლეთაში“.


ამის შემდეგ მაყურებელმა იხილა კადრები, სადაც ჟურნალისტი პანაშვიდიდან გამოსულ დეკანოზს ეკამათება იმის გამო, რომ მას საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურდა. ჯაღმაიძე კი ირწმუნება, რომ შეცდომაში მაყურებელი ჟურნალისტის მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა შეიყვანა.


იქვე ჟურნალისტი დაჟინებით ითხოვდა დეკანოზისგან პასუხს, მორალურად გამართლებული იყო თუ არა მისი პანაშვიდზე ყოფნა, რადგან ჯაღმაიძე თითქოსდა მოქალაქეებს აკისრებდა პასუხისმგებლობას კირბალში მომხდარზე.


ამ დიალოგიდან მაყურებელმა ვერაფერი გაიგო იმის შესახებ, რა შუაში იყო კირბალში მოკლული თამაზ გინტურის გასვენებასთან, მლეთის ლომისას შესახებ ორი კვირის წინ მომზადებული სიუჟეტი.


ამ საკითხის გასარკვევად უნდა გავიხსენოთ „მთავარ არხზე“ 25 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი, რომლის წამყვანმა გვითხრა, რომ:


„საოკუპაციო ძალები დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციას გეგმავენ. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფორმიანების გააქტიურება შეინიშნება“.


იგივე გაიმეორა ჟურნალისტმაც:


„ოკუპაციის ახალი ტალღა ქვეყანაში! საოკუპაციო ძალები დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციას გეგმავენ!...


ოკუპანტების მიერ შედგენილი ახალი გეგმის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა ისტორიული ტაძარი სოფელ მლეთაში, საუბარი არის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაზე, რომლის გარშემო უკვე 24 საათიან რეჟიმში დათარეშობენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.. და უნდა მოხდეს დამატებით 208 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ოკუპაცია..“


ამ შოკისმომგვრელი განცხადების წყარო, ჟურნალისტის თქმით, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა და მომლოცველების მიერ გავრცელებული ვიდეომასალაა, რომელზეც ჩანდა, როგორ მოძრაობდნენ რუსი შეიარაღებული პირები მლეთის ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის გარშემო.


ინფორმაცია ჟურნალისტს სხვა წყაროებთან არ გადაუმოწმებია.


ამის ნაცვლად, მაყურებელს უამბო, რა ვითარებაა იმ ადგილებში, სადაც, მისი თქმით, „საოკუპაციო რეჟიმს გეგმა უკვე სისრულეში ყავს მოყვანილი, მაგალითად, სოფელ კირბალში“.


სოფელ კირბალში, მოსახლეობას „რუსმა ოკუპანტებმა აუჭედეს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ელესია და იქ მისვლის საშუალებას არ აძლევენ.“ - გვითხრა ჟურნალისტმა.


მისი თხრობის პარალელურად, მაყურებელს შესთავაზეს კადრები, სადაც ხან მლეთის ტაძარი ჩანდა, ხანაც კირბალის.


დაგეგმილი ოკუპაციის შესახებ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელსაც თან ახლდა სიცხადეს მოკლებული თხრობა და გაუმიჯნავი ვიზუალური მასალა მლეთისა და კირბალის ლომისის სალოცავებზე, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა მაყურებლის შეცდომაში შეყვანას.


აღნიშნულ სიუჟეტს მეორე დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ინფორმაცია მლეთის ლომისის ტაძრის ალყაში მოქცევის შესახებ არასწორია.


მისივე თქმით, საქართველოში რამდენიმე ლომისის ტაძარია და მოხდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა - "სიუჟეტიდან გაუგებარი იყო, რომელ ტაძარზეა ლაპარაკი".


ლელა კურდღელაშვილი
  • 9
  • 12963
0 Comments