წითელი ვერსია
  • 9
  • 7642

ზღვრული ფასები წამლებზე - საფრთხე თუ სიკეთე?

10 ნოემბერი 2022

2023 წლის იანვრიდან სახელმწიფო მედიკამენტების ფასებზე ზედა ზღვარს დააწესებს.


თავდაპირველად ზედა ზღვარი ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე დაწესდება, შემდგომ ეტაპზე, ე.წ. რეფერენტული ფასები სხვა ჯგუფის პრეპარატებზეც გავრცელდება.


აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 9 ნოემბერს გააკეთა. მინისტრის თქმით, წამლის ფასის გაკონტროლება მკაცრად მოხდება. მისივე შეფასებით, ცვლილება მოსახლეობას მედიკამენტებზე დანახარჯს თითქმის 40 პროცენტით შეუმცირებს.


ამავე დღეს, „ტვ პირველის“ 5 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ონკოლოგიურ და ქრონიკულ პაციენტებს გამოუცხადეს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება „საფრთხის შემცველია“.


წამყვანის განცხადებით: „იაფი წამალი არ ნიშნავს კარგს, ამიტომ არსებობს რისკი, რომ მაღალი საერთაშორისო ბრენდები საქართველოს ბაზრის მიმართ ინტერესს დაკარგავენ და მედიკამენტების ნაწილი აფთიაქებიდან უბრალოდ გაქრება“.


თემაზე მომზადებულ რეპორტაჟში ჟურნალისტმა კიდევ უფრო მკაფიოდ გვითხრა, რომ 2023 წლიდან წამლების შეძენა, დიდი ალბათობით, შავ ბაზარზე მოგვიწევს:


„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში ამბობენ, რომ ამ რეგულაციების გამო შესაძლოა ბევრმა საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანიამ ქართულ ბაზარზე უარი თქვას და ქართველი მომხმარებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების მთელი რიგი, უბრალოდ, ხელმისაწვდომი აღარ იყოს. ძირითადად საუბარი არის ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების პრეპარატებზე, რომელთა ხარისხიც არის მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის და შესაბამისად, მათი ფასიც არის მაღალი და იმის გამო, რომ მთავრობა ახლა რეგულაციებს აწესებს, ეს მედიკამენტები ქართულ ბაზარზე 2023 წელს ვერ გაიყიდება!


ჟურნალისტის ამ განცხადების საფუძველი „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ დირექტორის კომენტარია, თუმცა ამ კომენტარში ირაკლი მარგველაშვილი არსად ამბობს, რომ მედიკამენტები 2023 წლიდან ვერ გაიყიდება. მისი თქმით, არსებობს რისკი, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორი იქნება მთავრობის მიერ შემოტანილი რეფერენტული მოდელი და რა სქემას გამოიყენებს მთავრობა.


რამდენად იძლევა ასოციაციის დირექტორის ეს განცხადება საფუძველს, რომ ჟურნალისტმა ონკოლოგიურ და ქრონიკულ პაციენტებს იანვრიდან აპოკალიფსი დაუანონსოს?


კიდევ რომელი წყაროები გამოიყენა ჟურნალისტმა საიმისოდ, რომ ეს მოსაზრება ფაქტად გამოეცხადებინა?


სხვა წყაროების განცხადებები მხოლოდ „ტვ პირველის“ საღამოს გამოშვებაში ამავე თემაზე მომზადებულ სიუჟეტში მოვისმინეთ.


„მედგიდის“ დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ აუცილებლად მოხდება დასავლური კომპანიების გადინება საქართველოდან და დაზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უხარისხო მედიკამენტებს მიიღებენ.


„ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი კი დარწმუნებულია, რომ დეფიციტი საკმაოდ დიდი რისკია და გამოსავალი არის არა მეტი რეგულირება, არამედ ბაზრის მაქსიმალურად გახსნა.


ტელეკომპანიამ მაყურებელს დაუმალა, რომ ამ შემთხვევაში ორივე რესპონდენტი მიკერძოებული წყაროა - სოფო ჯაფარიძე თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილეა, ვახტანგ კალოიანი კი „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენდა თვითმმართველობის არჩევნებში.


მიუკერძოებელ მხარედ ვერ ჩაითვლება ვერც ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციის წარმომადგენელი, რომლის მოვალეობა ფარმაცევტულ სფეროში მოქმედ ბიზნეს-ჯგუფების ინტერესების ლობირებაა.


რაც შეეხება ზღვრული ფასების დაწესებას, ამ ცვლილებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე ექსპერტულ წრეებში ჯერ კიდევ გაზაფხულზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ თავისთავად, რეფერენტული ფასების დაწესება ნორმალურია, თუმცა გააჩნია, რომელი ქვეყნის მოდელს აამოქმედებს სახელმწიფო.


მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასს ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა, ასევე აზერბაიჯანი, მოლდოვა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები იყენებენ. შესაბამისად, რეფერენტული ფასის ბევრი მოდელი არსებობს და მნიშვნელოვანია, რომელს შეარჩევს სახელმწიფო, რადგან რეფერენტული ფასის დაწესება სწორედ სხვა ქვეყნებში არსებული ფასების შესწავლას გულისხმობს.


ლელა კურდღელაშვილი
  • 9
  • 7642
0 Comments