წითელი ვერსია
  • 8
  • 12851

ვინ სვამს შეკითხვებს საქართველოს შესახებ?

26 მაისი 2023

მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმა მის მიერ 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ, ქართულ მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს „აფრთხილებს“ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით.


ამასთან, მედიის უმრავლესობა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის სტანდარტულ პასუხს კითხვაზე, რომელსაც ერთი და იგივე ჟურნალისტი ფაქტობრივად ყოველ მორიგ ბრიფინგზე სვამს, წარმოგვიდგენს, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო გაფრთხილებას, რაც მკითხველს თუ მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ დეპარტამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით ორი კვირის განმავლობაში რამდენიმე სპეციალური განცხადება გააკეთა.


ამ ფონზე ცალკეული მედიასაშუალებები ცდილობენ დაგვარწმუნონ იმაშიც, რომ აშშ ქართულ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს მალე სანქციებს დაუწესებს.


მოდი ვნახოთ, რეალურად როგორ მოხდა ე.წ. „მესამე გაფრთხილება“, რომელიც, თავის მხრივ, არაფრით განსხვავდებოდა წინა შემთხვევებისგან.


22 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა მორიგი ბრიფინგი მედიისთვის, სადაც აშშ საგარეო უწყებას ერთ-ერთი სპიკერი მეთიუ მილერი წარმოადგენდა. მილერმა მიმდინარე აქტუალური თემები მიმოიხილა და საქართველო ან ფრენების აღდგენის საკითხი საერთოდ არ უხსენებია.


ვნახოთ კითხვა-პასუხიც, რომელიც ბრიფინგის ბოლოს მილერსა და აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო TURAN-ის კორესპონდენტ ალექს რაუფოღლუს შორის გაიმართა.


რაუფოღლუ: გადავინაცვლოთ სამხრეთ კავკასიაში, საქართველოზე. ჩვენი ბოლო პრეს-კონფერენციის შემდეგ აქ ბევრი რამ მოხდა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გავიგეთ, რომ ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი საქართველოში გამოჩნდა. ასევე თბილისში გამოჩნდა რუსული თვითმფრინავები. ახლა ქართული ავიაკომპანია ემზადება მოსკოვის მიმართულებით ფრენების შესასრულებლად. საინტერესოა, სად იყო ამერიკის შეერთებული შტატები ამ დღეების განმავლობაში? ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ სანქციას ან რეაქციას.


მილერი: რუსული ავიაკომპანიების მიერ საქართველოში ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით მე გეტყვით იმას, რომ დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები არ უშვებს რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში. ამიტომ, ჩვენ შევშფოთდით როცა შევიტყვეთ პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. ამან შესაძლოა საქართველოს აეროპორტებთან კავშირში მყოფი კომპანიები სანქციების რისკის საფრთხის წინაშე დააყენოს. ჩვენ - ანუ მთლიანად დასავლურმა სამყარომ მოვახდინეთ საკუთარი თავის დისტანცირება ამ [რუსეთის - ავტ.] რეჟიმისგან და ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.


რაუფოღლუ: მაგრამ გაქვთ თუ არა უკვე გაწერილი თქვენი რეაქციები? იდგმება თუ არა უკვე კონკრეტული ნაბიჯები?


მილერი: არ მაქვს.


საგულისხმოა, რომ თითქმის იდენტური დიალოგი გაიმართა 11 მაისს რაუფოღლუსა და სახდეპის წარმომადგენელ ვედანტ პატელს შორის, რომელიც ამ დღეს პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს.


17 მაისს გამართულ ბრიფინგზე კი ამავე ჟურნალისტმა (ალექს რაუფოღლუმ) დასვა კითხვა მიხეილ სააკაშვილის შესახებაც, რაზეც პასუხად ასევე სტანდარტული და უკვე არაერთხელ გაჟღერებული პოზიცია მოისმინა, რომ დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდება სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ამ თემაზე და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას სააკაშვილის უფლებები და უზრუნველყოს მისი მკურნალობა.


წინა შემთხვევის მსგავსად, ამჯერადაც, სააკაშვილის საკითხი ბრიფინგის დღის წესრიგში შემოიტანა არა სახდეპის წარმომადგენელმა, არამედ ჟურნალისტმა, რომელმაც ჰკითხა პატელს, შეუძლია თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას სააკაშვილის გადარჩენა (?!)


მეტიც: - მას შემდეგ რაც მიიღო სტანდარტული პასუხი, რაუფოღლუ ბოლომდე შეიჭრა პოლიტიკური აქტივისტის როლში და პრეს-სპიკერს ასეთი საყვედურით მიმართა:


- ეს მე თქვენგან ადრეც მომისმენია... ჩვენ ვსაუბრობთ ქართული ოცნების ხელისუფლების შესახებ, რომელსაც კრემლთან აქვს ფლირტი და მე გეკითხებით იმ პრეზიდენტზე, რომელსაც ბევრი მტერი ჰყავს კრემლში, რადგან წარსულში წინ აღუდგა რუსეთს. არ ფიქრობთ, რომ როცა მხარს არ უჭერთ სააკაშვილს და როცა მის ბედს ქართული ოცნების ხელში ტოვებთ, ამით არასწორ სიგნალს უგზავნით... (ვის? - ავტ.)


- არა, ასე არ ვფიქრობ..


ვედანტ პატელმა რაუფოღლუს „კითხვა“ არ დაასრულებინა და სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, ვისთვის შეიძლებოდა ეს ყველაფერი „არასწორი სიგნალი“ ყოფილიყო, თუმცა ეს დიალოგი უკვე საკმარისი საბაბი იყო იმისთვის, რომ ქართულ მედიაში სახდეპის ახალი „განცხადება“ გაჩენილიყო.


ეს მაგალითები ნათლად გვაჩვენებს, რომ ბოლო დროს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის გახშირებული „განცხადებები“ და „გაფრთხილებები“ რეალურად ერთგვარი მედია-ტავტოლოგიაა, როცა არსებითად ერთი და იგივე ინფორმაცია (ერთი და იგივე შინაარსის მქონე კომენტარი) რამდენჯერმე „ნიუსდება“, როგორც ახალი ამბავი, მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტული ჟურნალისტი გამუდმებით იმეორებს ერთსა და იმავე შეკითხვას და მათზე ასევე ერთსა და იმავე პასუხებს იღებს.


დაბოლოს, მთელ ამ ორმოქმედებიან მედიამანიპულაციაში განსაკუთრებით საინტერესოა ჟურნალისტის - ქართული საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობი ფიგურის - ალექს რაუფოღლუს როლი, რომელიც გაუგებარია, რომელი სააგენტოს სახელით ინტერესდება ასე ენერგიულად საქართველოს თემატიკით.


ასევე უცნობია, თანამშრომლობს თუ არა იგი უშუალოდ ქართულ მედიასთან, ან რა აკავშირებს საქართველოსთან.


თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ოპერატიულად და ენერგიულად აშუქებენ ცალკეული ქართული მედიასაშუალებები რაუფოღლუს მიერ გავრცელებულ „სახდეპის მორიგ გაფრთხილებას“, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ რაუფოღლუ ოფიციალურად ან არაოფიციალურად არის დაკავშირებული საქართველოსთან, რაც დანაშაული ცხადია არ არის, თუმცა ამ კავშირის შესწავლამ შესაძლოა ნათელი მოჰფინოს კითხვებს მის ინტერესებსა და მოტივაციასთან დაკავშირებით.


ზვიად ლიპარტელიანი
  • 8
  • 12851
0 Comments