წითელი ვერსია
  • 6
  • 5085

ვინ გვიყვება ამბავს?

29 ივლისი 2025

BBC-ის დოკუმენტურმა ფილმმა ღაზის სექტორში არსებული ვითარების შესახებ დაარღვია სარედაქციო წესები სიზუსტესთან დაკავშირებით - ასეთ დასკვნამდე მივიდა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის მიერ ჩატარებული შიდა შემოწმება.


ფილმი „როგორ გადავრჩეთ საომარ ზონაში“, რომელიც BBC-სთვის კერძო კომპანია Hoyo Films-მა გადაიღო, ღაზის სექტორში მრავალთვიანი ომის შედეგად შექმნილ მძიმე ვითარებას, ადგილობრივი მოზარდის თვალით მოგვითხრობს.


თუმცა, მიმდინარე წლის თებერვალში BBC-მ ფილმი თავისი სტრიმინგ-პლატფორმა iPlayer-დან წაშალა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ფილმის მთხრობელი, მთავარი გმირი, 13 წლის აბდულა, ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ მაღალჩინოსნის, ღაზის მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის შვილია.


ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ეს ფაქტი მაყურებელს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, ამიტომ გენერალური დირექტორის ტიმ დეივის დავალებით დაინიშნა შიდა შემოწმება, რათა დადგენილიყო, იცოდნენ თუ არა ფილმის ავტორებმა მთავარი გმირის ოჯახური კავშირების შესახებ.


შიდა კორპორაციულმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გადამღებ კომპანიას, თუმცა ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს თავად BBC-ს, რომელსაც გადაღების პროცესი უფრო მკაცრად უნდა გაეკონტროლებინა.


როგორც გაირკვა, გადამღები კომპანიის სამმა თანამშრომელმა იცოდა, რომ ფილმის მთავარი გმირის მამას მაღალი თანამდებობა ეკავა „ჰამასის“ მთავრობაში, თუმცა ეთერში გასვლამდე, BBC ამ დეტალის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. ამავე დროს აღნიშნულია ისიც, რომ Hoyo Films-ს მაუწყებელი შეცდომაში განზრახ არ შეუყვანია.


შიდა გამოძიებას არ გამოუვლენია სხვა სარედაქციო პრინციპების, მათ შორის მიუკერძოებლობის წესის დარღვევა.


ასევე, ანგარიშის თანახმად, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ფილმის მთხრობელის მამამ ან ოჯახმა რაიმე გავლენა მოახდინა გადაცემის შინაარსზე.


ამის მიუხედავად, შიდა მოკვლევის ხელმძღვანელი, BBC-ის სარედაქციო საჩივრების განყოფილების დირექტორი პიტერ ჯონსტონი მიიჩნევს, რომ მთავარი გმირის მამის სტატუსი იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მაყურებელს თავიდანვე უნდა სცოდნოდა.


დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით საკუთარი გამოძიების ჩატარებას გეგმავს ბრიტანეთის მედიის მარეგულირებელი ორგანო Ofcom.


„BBC-ის დასკვნების შესწავლის შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ გამოძიებას ჩვენი წესების შესაბამისად, რომელთა თანახმად, ფაქტებზე დაფუძნებულმა გადაცემებმა აუდიტორია არ უნდა შეიყვანოს საგნობრივ შეცდომაში“, - ნათქვამია მედიამარეგულირებლის განცხადებაში.


თავად ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია შეცდომას აღიარებს და ბოდიშს იხდის.


„ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს შეცდომებს, ვარკვევთ, რა მოხდა არასწორად, ვმოქმედებთ დასკვნების მიხედვით და ბოდიშს ვიხდით“, - განაცხადა BBC News-ის ხელმძღვანელმა დებორა ტერნესმა ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.


ამასთან, მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, BBC გარკვეული ზომების მიღებას გეგმავს.


„ჩვენ ახლა ორი მიმართულებით გადავდგამთ ნაბიჯებს. სამართლიანი, მკაფიო და შესაბამისი ზომები სათანადო ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმა, მომავალში მსგავსი შეცდომების პრევენციისთვის“, - განაცხადა BBC-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ დეივიმ.


ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი პერიოდულად კრიტიკის სამიზნე ხდება, როგორც ისრაელის მხარდამჭერი, ისე პროპალესტინური ჯგუფების მხრიდან. ორივე მხარე მაუწყებელს მიკერძოებაში სდებს ბრალს.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში, BBC-მ, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული ეჭვების გამო, ეთერში არ გაუშვა კიდევ ერთი ფილმი ღაზაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომელიც ომის პირობებში ექიმების მუშაობას შეეხებოდა. BBC-ის მიერ თაროზე შემოდებული ეს ფილმი საბოლოოდ ბრიტანულმა მაუწყებელმა Channel 4-მა აჩვენა.


ფოტო BBC.com

ქეთი ჩოხელი
  • 6
  • 5085
0 Comments