წითელი ვერსია
  • 12
  • 8389

ვინ დაიცავს აკაკი წერეთელს?

21 ივლისი 2022

ეს ამბავი საუკუნე-ნახევრის წინ რომ მომხდარიყო, ან ამბის მთავარი გმირი დღეს ცოცხალი რომ იყოს, ყველაფერი ბევრად მძაფრი და მახვილგონივრული, კვიმატი პასუხით დამთავრდებოდა. შესაძლოა, დუელითაც, იმის მიუხედავად, რომ ამ გმირს საქმის გარჩევის ამ დელიკატური ფორმისთვის არასდროს მიუმართავს და თან, ბევრად შთამბეჭდავ იარაღს ფლობდა - ენას, რომლითაც ბევრი მტერიც დაამარცხა და რომლითაც დიდი პოეზიაც შექმნა.


ის ხომ აკაკი წერეთელი იყო. საუკუნე-ნახევრის შემდეგ მომხდარი ამბავი კი იმაში მდგომარეობს, რომ ორიოდე დღის წინ გავრცელებულ, ერთი ლექციის ვიდეოში, ლიტერატორი და პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი მას, როგორც სექსუალურ მოძალადეს, ისე მოიხსენიებს - „ჩვენს პატრიარქს უნდოდა აკაკის გაწმინდანება, მარა საქართველოში ოჯახი არ არის, სადაც აკაკი არ შევიდა ხვადაგური მიზნით, რომ ადგილობრივი დიასახლისი გაეუპატიურებინა, არ გამოვიდა მაგის წმინდანობა.“


ბუნებრივია, საზოგადოებაში ამ ფაქტმაც დიდი მღელვარება გამოიწვია; მით უფრო, რომ ჯერაც არ განელებულა პროტესტი ერეკლე მეფის მოღალატეობაზე იგივე ლიტერატორის მიერ გამოთქმული აზრის მიმართ.


სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს 19 ივლისს სიუჟეტი მიუძღვნა ტვ „იმედმა“. ჟურნალისტს არ დაუკონკრეტებია, როდისაა ლექცია ჩაწერილი, აკაკი წერეთელთან დაკავშირებული ფრაგმენტი გაუშვა უკონტექსტოდ და რაც ყველაზე უცნაურია, ამ ფაქტის შესაფასებლად ჩაწერა ინტერვიუები ისტორიკოსთან და ორ პარლამენტართან, რომელთა აზრიც ბუნებრივად გულისხმობდა პოლიტიკურ კონტექსტს.


ეს ამბავი წარმოჩნდა ერთი კონკრეტული მხრიდან - „თავდასხმა ეროვნულ ცნობიერებაზე“, რამაც სიუჟეტს გამოაცალა ობიექტურობის, საკითხის სრულყოფილად, მთლიანობაში გააზრების პერსპექტივა და რიგითი პარტიული მესიჯ-ბოქსის ნაწილად აქცია - ოპოზიციონერი აქტორი ებრძვის ეროვნულ ღირებულებებს, ზნეობრივ იდეალებს, რაც რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა.


თავად აკაკის, შესაძლოა, მოკლედ ასეც ეთქვა: რაც ლექცია, ის მედია.


მართალია, სიუჟეტი საზოგადოების ლოგიკური პროტესტის გამოძახილი იყო, მაგრამ მსგავსი არასრულყოფილი, ცალსახა რეფლექსია ხშირად პროტესტის შინაარსს უფრო მეტად აღვივებს, ან უპასუხოდ/სიცარიელეში ტოვებს ისეთ საკითხებს, როგორებიც სწორედ ჯანსაღი მსჯელობით, არგუმენტებით უნდა მოგვარდეს.


სიუჟეტის ავტორი არ დაინტერესებულა იმ ადამიანების აზრით, ვინც ყოველგვარი პოლიტიზების, ემოციური ეგზალტაციის გარეშე, მკაფიო არგუმენტებით გააქარწყლებდა ლექციაში გამოთქმულ აზრს - ლიტერატორებით, ფილოლოგებით, აკაკი წერეთლის შემოქმედების მკვლევარებით (საბედნიეროდ, ასეთი რესპონდენტის მოძებნა რთული სულაც არაა).


„ჩვენში საზოგადო სამსახური თავის გაწირვაა და გამეტებით ზედ ხელის აღება, მაშინ კაცი ყოველგვარ კერძო, საპირადო სიხარულს ჰკარგავს და იბღალება სხვადასხვა მითქმა-მოთქმით და ცილის წამებით, ასში ხუთი თუ გამოესარჩლება, მაგრამ ისე მკრთალად და გაუბედავათ, რომ თითქმის ნახევრად ეთანხმებიანო: ან გაჩუმდებიან...“ - ეს აკაკი წერეთლის სიტყვებია.


მას არასდროს აკლდა არც მტერი, არც მოღალატე და ცილისმწამებელი; მისი ცხოვრებაც, ისევე როგორც მისი დიდი, და ჩვენი ეროვნული ცნობიერებისთვის საბედისწეროდ ძლევამოსილი თაობის ცხოვრება სავსე იყო დრამატიზმით, ტკივილებით, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ეღვაწა(თ) სამშობლოსათვის, შეექმნა(თ) მისი მომავლის პერსპექტივა.


არავინ იცის, რის საფუძველზე თქვა ბერძენიშვილმა ის, რაც თქვა. აღარაფერს ვამბობ თავად ბრალდების სიმძიმეზე, მით უფრო დღეს, როცა საზოგადოება ასეთი სენსიტიურია სექსუალური ძალადობის თემების მიმართ, როცა მოძალადე კაცის სახე ერთ-ერთი ყველაზე საძულველი, განსაკვეთი, მიუღებელი სახეა;


როგორ წარმოჩნდება ამ იარლიყის შემდეგ აკაკი წერეთლის პიროვნული პორტრეტი მომავალ თაობებში? რამდენად მისაღებია წმინდანობის საკითხის გასაბათილებლად ისეთი ცილისწამება, როგორიც „საქართველოს ყველა ოჯახში დიასახლისის გაუპატიურებაა?“


ვინ დაიცავს აკაკი წერეთელს?


ეს კითხვა კონკრეტულიცაა და რიტორიკულიც. კონკრეტულია, როცა მის მოპასუხედ ყველა პირუთვნელ ლიტერატორს ვგულისხმობთ; ხოლო რიტორიკულია, როცა თავად აკაკი წერეთლის შემოქმედებას ვგულისხმობთ, მის პოეზიას, მის ბიოგრაფიას - მის დიდ ნაკვალევს ქართული კულტურის და ცნობიერების რელიეფზე.


მედია ვალდებულიცაა, ამგვარ პასუხებში ჩაერთოს;


როცა ქართული ჟურნალისტიკის სათავეებთან, სხვა დიდ სახელებთან ერთად აკაკი წერეთელიც იდგა, სწორედ ამგვარ მედიას გულისხმობდა - ფაქტებისა და მოვლენების პირუთვნელ, არგუმენტირებულ, სრულყოფილ განსჯას და ღონიერ რეფლექსიას, რომლის შედეგადაც ბნელს ბნელი კი არ ემატება, არამედ სინათლე ამარცხებს.

ნინია სადღობელაშვილი
  • 12
  • 8389
0 Comments