წითელი ვერსია
  • 9
  • 8535

ვინ აწყვილებს საქართველოს ბელარუსთან?

29 ოქტომბერი 2023

27 ოქტომბერს გადაცემა „ფორმულას დღის“ წამყვანი თამარ ჩიხლაძე შეეცადა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მორიგი არამეგობრული განცხადება საქართველოს მიმართ, სადაც მან საქართველო ბელარუსთან ერთად მოიხსენია, დასავლეთის ოფიციალურ პოზიციად წარმოეჩინა.


„სად ხედავს დასავლეთი საქართველოს ადგილს პოლიტიკურ რუკაზე? ისევ აღმოსავლეთის პარტნიორობის ტრიოში თუ წყვილში ბელარუსთან ერთად?“


- დასვა კითხვა ჟურნალისტმა, რასაც მოაყოლა მანიპულაციური მსჯელობა, თითქოს საქართველოს „ასოცირებული ტრიოსგან“ გამოცალკევება და უკრაინისა და მოლდოვას მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართველოზე ადრე მიღება, საქართველოს ხელისუფლების არასაკმარისი მონდომებით ყოფილიყო გამოწვეული.


რეალურად, თავის დროზე, თავად ევროპელ ლიდერთა (მაგალითად, ემანუელ მაკრონის) განცხადებები ცხადყოფდა, რომ უკრაინამ სტატუსი არა რეკომენდაციების შესრულების გამო, არამედ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ერთგვარი კომპენსაციის და ავანსის სახით მიიღო, ხოლო მოლდოვა, საქართველოსგან განსხვავებით, „იმავე გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში“ აღმოჩნდა.


რეკომენდაციების, ანუ ოფიციალური კრიტერიუმების ნაწილში საქართველო უკრაინას რომ არ ჩამორჩება და პირიქით, უსწრებს კიდეც, ადასტურებს თავად წამყვანის მიერ მონოლოგის ფარგლებში წარმოდგენილი სტატისტიკა;


თუმცა ჟურნალისტის ამოცანას ამ შემთხვევაში წარმოადგენდა საზოგადოებისთვის ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს საქართველო, საკუთარი ინიციატივით (იგულისხმე: ხელისუფლების გამო) „ჩამორჩა“ უკრაინას და მოლდოვას, და დღეს დასავლელი ლიდერები მას ბელარუსთან ერთად განიხილავენ.


ამასთან, ჟურნალისტმა, როგორც ჩანს, მაინც ვერ იპოვა ევროკავშირის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება, სადაც საქართველო ბელარუსთან არის „დაწყვილებული“ და ვოლოდიმირ ზელენსკის ფრაზა, „სრულიად დასავლური სამყაროს“ პოზიციად და შეფასებად წარმოგვიდგინა.


მონოლოგში ხაზგასმული იყო ბოლო პერიოდში უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებაც, რითაც შეიძლებოდა უფრო მარტივად აგვეხსნა ზელენსკის მიერ თბილისისა და მინსკის ერთმანეთთან დაკავშირება, თუმცა ჟურნალისტს არც კი უცდია ამგვარი ვერსია შემოეთავაზებინა.


მეტიც, - მან ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ქართულ მხარეს დააკისრა და მაყურებელს უთხრა, რომ საქართველო უბრალოდ ვალდებულია (?!) ჰქონდეს კარგი ურთიერთობა უკრაინასთან, რადგან ეს თურმე მე-13 და „არაფორმალური“ (?!) რეკომენდაცია ყოფილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე.


სად, ვინ ან როდის გასცა ეს „არაფორმალური რეკომენდაცია“, წამყვანს არაფერი უთქვამს; ისევე როგორც იმ მიზეზებზე, რამაც კიევსა და თბილისს შორის უთანხმოებების დაგროვება განაპირობა.


მაგალითად, ჟურნალისტს არ უხსენებია ომის დაწყებიდან პირველივე თვეებში, უკრაინული დაზვერვის ბრალდება, საქართველოდან კონტრაბანდული გზით რუსეთში სანქცირებული პროდუქტების და საბრძოლო დანიშნულების ნივთების შეტანის შესახებ, რომელიც არ დადასტურდა; არაერთი განცხადება საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით; არ უხსენებია პირდაპირი მუქარა, რომელიც კიევიდან არაერთხელ მოვისმინეთ;


ასევე არაფერი თქმულა იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლება ჯერ კიდევ 2014 წლიდან, საქართველოს ხელისუფლების არაერთი პროტესტის მიუხედავად, არა მხოლოდ თავშესაფარს აძლევდა, არამედ თანამდებობებზე ნიშნავდა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც არსებობდა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.


ეს ყველაფერი, ცხადია, არ ჯდება მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობის ეთიკაში და თუ ამ კონტექსტს გავითვალისწინებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებში რეალურად, ახალი არაფერია.


ეს სიტყვები ასახავს იმ დამოკიდებულებას და პოზიციას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიკავა საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის „მთელი დასავლური სამყაროს“ პოზიცია; ისევე როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი არ წარმოადგენს დასავლეთს, როგორც ასეთი.


ზვიად ლიპარტელიანი
  • 9
  • 8535
0 Comments