წითელი ვერსია
  • 7
  • 6096

უილ კათკარტის პირადი მოსაზრება

12 მარტი 2023

10 მარტს CNN-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის, უილ კათკარტის პირადი მოსაზრება (opinion) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.


აღნიშნული წერილი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სპეციალურად პირადი მოსაზრებებისთვის განკუთვნილ კატეგორიაში, ხოლო სტატიის დასაწყისში განთავსებული სარედაქციო ტექსტი გვაცნობებს, რომ ყველაფერი, რასაც შემდგომ წავიკითხავთ, არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის უილ კათკარტის პირადი მოსაზრება.


შინაარსობრივად, საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ჟურნალისტის ხედვა და შეფასებები ემთხვევა მიხეილ სააკაშვილის და ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.


მაგალითად, კათკარტი მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის ჭეშმარიტ დამცველად მოიხსენიებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი მისთვის ოლიგარქი და არაფორმალური მმართველია. გარდა ამისა, კათკარტი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა უკრაინის დახმარებაზე და ა. შ.


რეალურად, კათკარტის სუბიექტური პოზიცია ნათელი ხდება მასალის სათაურიდანვე, სადაც ვკითხულობთ, რომ „საქართველოს მმართველი პარტია მოსკოვისკენ ტრიალდება. ხალხი კი არა“.


უილ კათკარტის ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ავტორის რიტორიკა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან მისი კავშირებით უნდა იყოს განპირობებული.


თუმცა ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს კათკარტის პირადი პოზიციის ანალიზი ან მისი კრიტიკა. მითუმეტეს, რომ CNN-ის რედაქცია საგანგებოდ გვაფრთხილებს სავარაუდო მიკერძოების შესახებ.


ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა, როგორ გააშუქა CNN-ის ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა ქართულმა მედიამ.


11 მარტის საინფორმაციო გამოშვებებებში „მთავარმა არხმა“ და ტელეკომპანია „პირველმა“ მაყურებელს აუწყეს, რომ „სიენენი“ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ანალიტიკური სტატიით (?!) გამოეხმაურა.


„საქართველოს მმართველი პარტია მოსკოვისკენ იხრება, მისი ხალხი კი არა, - ამ სახელწოდებით სიენენი ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს. მაღალი რეპუტაციის მქონე გავლენიანი მედიასაშუალება საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება. უილ კათკარტის ავტორობით შედგენილ მასალაში ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ ოლიგარქ მმართველად მოიხსენიებენ და წერენ, რომ მან არასწორად შეაფასა თავისი ხალხი, ისევე როგორც პუტინმა - უკრაინელები. ამერიკული მედია წერს, რომ ივანიშვილი პოზიციებს კარგავს და სასოწარკვეთილ გადაწყვეტილებებს იღებს.“ -


ასეთი იყო ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ტექსტი, საიდანაც მაყურებელმა არა მხოლოდ ის ვერ გაიგო, რომ მოსაზრების (და არა ანალიტიკური სტატიის) ავტორი მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველია (რაც CNN-ის ვებ-გვერდზე საგანგებოდ არის მითითებული), არამედ მას შეუქმნეს არასწორი წარმოდგენა, თითქოს ხსენებული მასალა და მისი შინაარსი CNN-ის სარედაქციო პოზიციას ასახავს.


რეალურად, როგორც უკვე ვთქვით, მასალა პირადი მოსაზრებებისთვის განკუთვნილ კატეგორიაში არის გამოქვეყნებული და მედიასაშუალება საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ იგი არა რედაქციის, არამედ უშუალოდ ავტორის პირად პოზიციას გამოხატავს.


კათკარტის ვინაობის შესახებ ვერაფერი შეიტყო „მთავარი არხის“ მაყურებელმაც, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ჟურნალისტის პირადი მოსაზრება ასევე CNN-ის ანალიტიკურ სტატიად წარუდგინეს. „მთავარმა არხმა“ ამ თემას უფრო მეტი დრო დაუთმო და აუდიტორიას კათკარტის წერილიდან ვრცელი ციტატებიც შესთავაზა.


შესაბამისად, უილ კათკარტის პირადი მოსაზრების გაშუქებისას „მთავარმა არხმა“ და ტელეკომპანია „პირველმა“ მანიპულაციას მიმართეს იმ მიზნით, რომ კონკრეტული, პოლიტიკურად მიკერძოებული პირის პირადი მოსაზრება წარმოეჩინათ, როგორც „მაღალი რეპუტაციის მქონე გავლენიანი მედიასაშუალების ანალიტიკური სტატია“.


ზვიად ლიპარტელიანი
  • 7
  • 6096
0 Comments