წითელი ვერსია
  • 2
  • 3540

ტვ „პირველის“ „სახალისო ორთოგრაფია“

09 ივნისი 2021

ინფორმაციის ტექსტური ნაწილის გავრცელებისას მართლწერის შეცდომებისგან აბსოლუტურად დაზღვეული, ცხადია, არც ერთი მედიასაშუალება არ არის; დღეს ორთოგრაფიული შეცდომების დაშვების რისკი განსაკუთრებით მაღალია ონლაინმედიაში, რომელიც ინფორმაციას ფაქტობრივად უწყვეტი ნაკადის სახით აწვდის საზოგადოებას. თუმცა, ამ გამოწვევის პირობებშიც კი მედიის დიდი ნაწილი, განსხვავებული წარმატებით, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც ახერხებს მართლწერის ელემენტარული წესების დაცვას.


ამავე დროს, საქართველოში გვხვდება ისეთი მედიასაშუალებებიც, რომლებიც ზოგჯერ ერთ წინადადებაში რამდენიმე შეცდომას უშვებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ტელეკომპანია „პირველი“, რომლის ვებგვერდსა და ფეისბუკგვერდზე განთავსებულ ტექსტებში შეცდომები იმდენად ხშირია, რომ ინფორმაციის დიდი ნაკადისთვისაც კი აშკარად გადაჭარბებული და შესამჩნევი ხდება.


ამასთან, თუნდაც მხოლოდ ორი კვირის მანძილზე განთავსებულ მასალებზე დაკვირვება საშუალებას გვაძლევს გამოვყოთ რამდენიმე დამახასიათებელი ტენდენციაც:


ტვ „პირველის“ ფეისბუკგვერდისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ხშირი შეცდომა სიტყვებში ასოების ნაკლებობაა. მაგალითად: „წიწლებს შემოდგომაზე მართლა ითვლიან".


შესაძლოა ერთ წინადადებაში ამ ტიპის ორი და მეტი შეცდომაც შეგვხვდეს: „გაუმჯობესდეს სამუშაო ირობები, მოიმატოს ანაზღაურებამ - ბორჯომის, ნაბეღლავისა და თბილისის ქარნის გაფიცულ მუშებს ანალოგიური მოთხოვნები აქვთ“;


„მოდელი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ქმარი არ სცმედა და ძალადობას დედამთლ-მამათილიც ახორციერლებდნენ“.


ბოლო მაგალითიდან ნათელია, რომ ტვ „პირველის“ ტექსტებისთვის დამახასიათებელია არა მხოლოდ სიტყვებში ასოების ნაკლებობა, არამედ ზოგჯერ პირიქით - ზედმეტობა, მათთვის ადგილების შეცვლა და სხვა „ორთოგრაფიული თვითნებობები“, რომლებიც რომელიმე კონკრეტულ კანონზომიერებას არ ექვემდებარება.


მაგალითად:


„გუმათში სიტყაცია დაძაბულია“;


„შაბათის ეთერში გასული გამოძიება ოპოზიციისთვის პირდპაირი მტლიცებულებაა რომ ხელისუფლება კრიმინალებთან გარიგებულია“;


„ამერიკულმა სპეცსამსახურებმა უნდა შესწავლონ, კორონავირუსი ლაბორატორიაშია შექმნილი თუ ცხვოველთან კონტაქტის შედეგად გავრცელდა“;


„ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ამბობს, რომ მინსკში სიკვდილითდ ასჯა ემუქრება“;


„პოლიციელები ხმაურით წუხდებიან და ამის გამო ცდილობენ ადამაინები დააკავონ“.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ცხადია, მკითხველისთვის შესაძლებელია იმის გამოცნობა, თუ რა სიტყვა უნდა ეწეროს შეცდომით დაწერილი სიტყვის ნაცვლად, თუმცა ზოგ შემთხვევაში მკითხველი შესაძლოა დაიბნეს კიდეც.


მაგალითად, ამ წინადადების წაკითხვისას - „სასტიკად ნაცემი ტურისი [ტურისტი] საავადმყოფოში რჩება“ - მკითხველი შესაძლოა მხოლოდ წამით დაფიქრდეს, თუმცა როდესაც „ნიუსის“ სათაური გვამცნობს, რომ „მღვდელმა ანაფორა გაიხარა, მონაზონმა კაბა“ ინფორმაციის სრულად გაცნობამდე ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენს, რომ სათაურში „გაიხარა“-ს ნაცვლად „გაიხადა“ უნდა ეწეროს.


ორთოგრაფიაზე ორკვირიანი დაკვირვების განმავლობაში მკითხველი და მაყურებელი ალბათ ასევე მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობდა გამოეცნო თუ რას ნიშნავს - „დღიდ“, „რამდნეიმე“, „ძიუდოიდტი“, „აქტივისტო“, „რომელც“, „კოლასალური“, „საბავშო“, „სადაზღვეო“, „ქჰონდა“, „თვმკვლელობამდე“, „მჭობენ“, „თვითოეული“, „აგიმბღვრევთ“, „ჰქოდან“, „დავტივო“ და „სხვ“.


ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ხშირად უშვებენ შეცდომებს საკუთარი და გეოგრაფიული სახელების წერის დროს. ამ მხრივ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო მაგალითი, როცა ტელეკომპანია თავად აკრიტიკებდა დაბნეულობის გამო თარჯიმანს და ინფორმაციის წარსადგენ ერთადერთ წინადადებაშიც კი შეცდომა დაუშვა, თანაც თურქეთის პრეზიდენტის გვარის დაწერისას: „თარჯიმანს თარჯიმანი დასჭირდა, რათა ღარიბაშვილის სიტყვები ერდოღაბისთვის ეთარგმნა.“


ამავე კატეგორიიდან საინტერესოა ქართველი პოლიტიკოსების გვარებიც: „მთხოვეს რომ ფრაქციის შექმნაში დავხმარებოდი ... - ზურაბ ჯაფარიაძე“.


არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ინფორმაციაში ერთი და იგივე ადამიანის გვარი სწორად დაწერილიც გვხვდება და შეცდომითაც; მაგალითად - „სამების ტაძრიდან ეროვნული გმირის, გენერალ კვინიტაძის, ნეშტი გადმოასვენეს. გენერალ გიორგი კვენეტაძეს მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ“.


რაც შეეხება გეოგრაფიულ სახელებს - შეცდომები ისეთი მეზობლებისა და პარტნიორი ქვეყნების დასახელებებშიც გვხვდება, როგორიც აზერბაიჯანი და უკრაინაა: „რუსეთმა ან აზერბაიჯანამ, 10 წლის შემდეგ, განაცხადონ, რომ აღარ გვაძლევენ ელექტროენერგიას, მერე დავსხდეთ კალკულატორებით და ვითვალოთ იაფია თუ ძვირი - ანდრია გვიდიანი, ექსპერტი“;


„მნიშვნელოვანი იყო ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება - ამბობს უკრიანდან საქართველოში დაბრუნებული ნიკა მელია.“


ეს მაგალითი კი უკვე უშუალოდ საქართველოს გეოგრაფიიდანაა: „კალაძე, რიჟვაძე, კობახიძე - ვინ მოაწერა ხელი ნამოჰვანჰესის მშენებლობას?“


აღსანიშნავია, რომ შეცდომები ტვ „პირველის" შემთხვევაში მხოლოდ ვებგვერდსა და ფეისბუკგვერდზე არ გვხვდება და მსგავსი (და კიდევ უფრო უცნაური) გაუგებრობები ამ მედიასაშუალების საეთერო ტიტრებშიც არაერთხელ გვინახავს.


ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უხერხული მაგალითი იყო გასული წლის აგვისტოში ბელარუსში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიმართვის ჩვენებისას გამოყენებული ტიტრი: „ვითარება მინსკში - ტრახანოვსკაიას მიმართვა“. შედარებით ახალი და „ნაკლებად სკანდალური“ ნიმუშია ასევე: ექსპრეს-კრიმინალისტები გელათის სამონასტრო კომპლექსში“.


მიმოხილული მასალა ტვ „პირველის“ მიერ საკუთარ პლატფორმებზე დაშვებული ორთოგრაფიული შეცდომების მხოლოდ მცირე კრებულია. როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ამგვარი შეცდომები ნებისმიერმა მედიასაშუალებამ თუ ორგანიზაციამ შეიძლება დაუშვას.


თუმცა, „პირველის“ შემთხვევაში განსაკუთრებით საგულისხმო ის არის, რომ ეს შეცდომები იმდენად ხშირია, რომ უკვე ერთგვარ „საფირმო“ ტენდენციადაც კი დამკვიდრდა, რომელიც უწყვეტად გრძელდება და მედიასაშუალება ხშირ შემთხვევაში არც უკვე აღმოჩენილი და საყოველთაოდ ცნობილი შეცდომების გასწორებას ჩქარობს.



მანანა მჭედლიშვილი
  • 2
  • 3540
0 Comments