წითელი ვერსია
  • 8
  • 7759

ტვ „პირველის“ ახალი სტილი?

07 ოქტომბერი 2021

თანამედროვე, მულტიმედიურ ეპოქაში ყველა მსხვილი ტელეკომპანია, საეთერო მაუწყებლობასთან ერთად, სოციალურ ქსელშიც „მაუწყებლობლობს“. საქართველოს შემთხვევაში ეს ძირითადად ფეისბუკის ქსელია, რომელიც ინფორმაციის სწრაფად გავრცელებას და უკუკავშირს უზრუნველყოფს.


სოციალური ქსელის გამოყენება მედიას არ ათავისუფლებს პროფესიული ეთიკისა და სტანდარტებისგან, თუმცა რეალურად, ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელი მთავარი გამოწვევები და, მათ შორის, პროპაგანდისა და შავი პიარის ელემენტები მედიასაშუალებების ფეისბუკგვერდებზე სულ უფრო შესამჩნევი ხდება.


პოლიტიკური ანტირეკლამა ქართულ მედიაში საკმაოდ ხშირად გვხვდება. ამ მხრივ განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების „ფეისბუკმაუწყებლობა“ გამოირჩევა, თუმცა შავი პიარისა და სარკაზმული ხასიათის პროპაგანდის ყველაზე უჩვეულო პროდუქტს მომხმარებელი ტვ „პირველის“ ფეისბუკგვერდზე ხვდება, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე „სკანდალური“ ვიდეოპოსტი ვიხილეთ.


ასე, მაგალითად, 3 ოქტომბერს ტვ „პირველის“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეორგოლი, რომელიც ორი „ფანჯრისგან“ შედგება. კადრის მარჯვენა ნაწილში ვხედავთ სახლს, სადაც მიცვალებულს ჭირისუფალი დასტირის, მეორე ნაწილში კი „ქართული ოცნების“ ლიდერებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თბილისის მერს კახა კალაძეს, რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნების დასრულების შემდეგ საკუთარი მხარდამჭერების წინაშე გამოდიან.


ამავე პოსტის აღწერაში ვკითხულობთ შემდეგი შინაარსის ტექსტს:


„'აგერაა მიცვალებული. მოდით და დაეხმარეთ თქვე არაადამიანებო... 40% კი არა 15% უნდა აგეღოთ', - ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. გააზიარეთ, იქნება დაეხმაროთ ვინმე...“


ამ სიტყვებით ტელეკომპანია თითქოს ცდილობს აირიდოს პასუხისმგებლობა და პროპაგანდისტული ვიდეომონტაჟი ინფორმაციის გავრცელებად წარმოაჩინოს, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობი რჩება უშუალოდ მიცვალებულის დატირების ამსახველი ვიდეოს წარმომავლობაც და ისიც, თუ ვის უნდა დაეხმაროს, რადგან კლიპი არ შეიცავს არავითარ ცნობას პრობლემის წინაშე მდგარი ოჯახის შესახებ.


გარდა ამისა, ნათელია, რომ დახმარების მობილიზების მიზნით გავრცელებულ ვიდეორგოლში პოლიტიკოსების საარჩევნო აქტივობის კადრების ჩვენება საჭირო არ არის; შესაბამისად, ხსენებული კლიპის რეალური ფუნქცია პოლიტიკური ანტირეკლამის წარმოება უნდა იყოს, რასაც, ამ შემთხვევაში, უშუალოდ ტელეკომპანია ახორციელებს.


ამ ვარაუდს ამტკიცებს ის გარემოებაც, რომ იმავე დღეს ტვ „პირველმა“ კიდევ ერთი ანალოგიური ტიპის ვიდეორგოლი გაავრცელა სახელწოდებით „კლუბური თუ დოლდუდუკი - ქეიფის მოყვარული ქართული ოცნება“, სადაც მთავარი აქტორები კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე არიან, რომლებიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად კლუბში იმყოფებიან, კადრის მარჯვენა ნაწილში კი ვხედავთ ერთ-ერთ საარჩევნო უბანს, სადაც დოლზე და დუდუკზე უკრავენ.


მთლიანობაში, როგორც დაკვირვება გვაჩვენებს, პოლიტიკური ანტირეკლამის წარმოების მიზნით მომზადებული მსგავსი ვიდეორგოლები ტვ „პირველის“ ფეისბუკგვერდზე ერთგვარ ახალ ტენდენციად მკვიდრდება, რადგან მსგავსი რგოლები აუდიტორიამ მომდევნო დღეებშიც იხილა.


მაგალითად - 5 ოქტომბერს გავრცელდა ვიდეომონტაჟი სახელწოდებით „ხინჩეგაშვილის დაპირებული დასვენების დღეები გავიდა“, სადაც ტელეკომპანია ამჯერად ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისა და გორის მერად არჩეული ვლადიმერ ხინჩეგაშვილის პიროვნულ დამცირებას ცდილობს.


დაბოლოს - პიროვნული ანტიპიარის განსაკუთრებით არაეთიკურ მაგალითად უნდა ჩაითვალოს ტელეკომპანიის მიერ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებული მორიგი ვიდეორგოლი, სადაც ყოფილი პარლამენტარისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას ფეისბუკპოსტის ფონზე ვხედავთ კადრებს, სადაც ხოფერია სხვებთან ერთად საწნახელში ყურძენს წურავს.


საგულისხმოა, რომ კადრები თავისთავად არავითარ მაკომპრომეტირებელ შინაარსს არ შეიცავს, თუმცა ტექსტისა და ვიდეოს ერთობლივი კონტექსტიდან გამომდინარე ნათელია, რომ ტელეკომპანიის მიზანი ამ შემთხვევაში კადრში ასახული პირების დამცირება და მათთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება იყო.


როგორც ვხედავთ, ტვ „პირველის“ „ახალი სტილის“ პროპაგანდისტული ვიდეოპოსტები მიმართულია არა მხოლოდ რომელიმე პარტიის ან ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგაც, რომლებიც მედიის სამიზნე თავიანთი პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულების გამო აღმოჩნდნენ.


ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მედიასაშუალების უკიდურეს მიკერძოებულობას და პოლიტიზებას, რის შედეგადაც ყველაზე მეტად მედიაპროდუქციის მომხმარებელი, ანუ აუდიტორია ზარალდება.


ხათუნა კიღურაძე
  • 8
  • 7759
0 Comments