წითელი ვერსია
  • 9
  • 10021

თურქეთის არჩევნები და ქართული მედია

19 მაისი 2023

14 მაისს თურქეთში ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები გაიმართა: ამ დღეს თურქეთის მოსახლეობას მიეცა საშუალება, გადაეწყვიტა, უგრძელებს თუ არა ნდობის მანდატს რეჯებ ტაიპ ერდოღანს და მის პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ქვეყანას 2003 წლიდან მართავს.


წლევანდელ არჩევნებს განსაკუთრებულ ინტრიგას სძენდა ის გარემოება, რომ პრეზიდენტი ერდოღანი, რომელიც ნატოს წევრ ქვეყანას მართავს, ბოლო წლებში და განსაკუთრებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სულ უფრო და უფრო ხშირად უპირისპირდება ბაიდენის ადმინისტრაციას. 69 წლის პოლიტიკოსმა საკუთარი საარჩევნო კამპანიაც ძირითადად მშვიდობის შენარჩუნების, თურქეთის სუვერენიტეტის გაძლიერებისა და ტრადიციული ფასეულობების დაცვის სტრატეგიაზე ააგო.


თუმცა ეს არჩევნები არ იყო „ცალ კარში თამაში“ - ერდოღანს ამ არჩევნებზე დაუპირისპირდა კონსოლიდირებული და ძლიერი ოპოზიციური კოალიცია, რომელიც თურქეთს გამოკვეთილად პროდასავლური კურსის გატარებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას, ლგბტ უფლებების დაცვას და ინსტიტუციური დემოკრატიის აღდგენას დაპირდა.


ცნობისთვის, - ოპოზიციის და რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ერდოღანის მმართველობის წლებში თურქეთი დაშორდა დასავლეთს, ქვეყანაში დასუსტდა დემოკრატიული ინსტიტუტები და მმართველობაში გამოიკვეთა ავტორიტარული ტენდენციები.


მეორე მხრივ, პრეზიდენტის მომხრეები ამ პროცესს ეროვნული ინტერესების დაცვის პრიზმიდან აფასებენ და ვაშინგტონს თურქეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევისთვის აკრიტიკებენ; მათ შორის, ერდოღანი სწორედ კოლექტიურ დასავლეთს ადანაშაულებს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, რასაც თურქეთში რეჟიმის გამკაცრება და მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.


გარდა ამისა, თურქული საზოგადოების ლიბერალური და პროდასავლური ფლანგი ერდოღანს აკრიტიკებს ქვეყნის „მზარდი ისლამიზაციისთვის“, რის გამოც, ოპოზიციის განცხადებების თანახმად, თურქეთი დასავლეთს კიდევ უფრო შორდება და სამაგიეროდ, სულ უფრო „ასიმეტრიულად დამოკიდებული“ ხდება რუსეთზე.


ასეთი იყო თურქეთის წლევანდელი არჩევნების ისტორიული კონტექსტი.


პოლიტიკური და კულტურული შემადგენელის გარდა, წელს თურქეთში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ეკონომიკურმა ასპექტმაც. განვლილი 20 წლის მანძილზე, ერდოღანის პოპულარობას ხელს უწყობდა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებაც; თუმცა კოვიდპანდემია, სირიის ომით გამოწვეული ლტოლვილთა კრიზისი და ბოლოს, მიმდინარე წლის თებერვალში თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრები უარყოფითად აისახა თურქეთის მოსახლეობის კეთილდღეობაზე და გააძლიერა საპროტესტო განწყობა.


ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ერდოღანის მოწინააღმდეგეებს 2003 წლის შემდეგ ალბათ არ ჰქონიათ უკეთესი შანსი, დაემარცხებინათ მოქმედი პრეზიდენტი და მისი „სამართლიანობის და განვითარების პარტია“.


მითუმეტეს, რომ 14 მაისს თურქეთში ჩატარდა როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნები.


რიგი სოციოლოგიური კვლევები ოპოზიციას 5-6 პროცენტიან უპირატესობასაც კი უწინასწარმეტყველებდა, თუმცა რეალურად, ერდოღანის პარტიამ მოკავშირეებთან ერთად, არჩევნებში დამაჯერებელი უმრავლესობა მოიპოვა (322 მანდატი 600-იდან).


პრეზიდენტის სავარძლის ბედი კი მეორე ტურში, 28 მაისს გადაწყდება, რადგან ერდოღანის უპირატესობის მიუხედავად (49.52%), პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.


აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები თურქეთში ჯერ არ დასრულებულა, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თურქული საზოგადოების შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების სიმწვავეს და იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება არჩევნების შედეგებს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი რეგიონისთვის.


სწორედ ამ მნიშვნელობით აიხსნება მსოფლიო და მათ შორის, ქართული მედიის განსაკუთრებული ყურადღებაც თურქეთის წლევანდელი არჩევნების მიმართ, რომელიც ზოგადად (და სამწუხაროდ), არცთუ ისე დიდ ყურადღებას უთმობს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს.


ამასთან, თუ დავაკვირდებით ქართულ მედიაში თურქეთის არჩევნების გაშუქების პროცესს, დავინახავთ არა მხოლოდ გაზრდილ ინტერესს, არამედ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტენდენციას: - წამყვანი მედიასაშუალებები გამოკვეთილად თანაუგრძნობდნენ (ან პირიქით, არ თანაუგრძნობდნენ) ერთ-ერთ მხარეს და შესაბამისად, ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას თურქეთის არჩევნებთან მიმართებაში.


მაგალითად: - ტელეკომპანია „იმედი“ აღნიშნავდა, რომ თურქეთის ოპოზიციამ „ხმების დათვლის პროცესში სპიკერად მეთიუ ბრაიზა გამოიყვანა, ამის მიუხედავად, ერდოღანი წინასწარი მონაცემების მიხედვით, ლიდერობს“.


„საპირისპირო ფლანგზე“, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი გვიმტკიცებდა, რომ „ერდოღანის მარცხი მსოფლიოში ავტორიტარიზმის კიდევ ერთ მარცხად იქნება აღქმული“ (ანუ ჟურნალისტმა თურქეთის პრეზიდენტი ფაქტობრივად პირდაპირ გამოაცხადა ავტორიტარულ მმართველად).


ამავე დღეს არხმა შემოგვთავაზა ჩართვა სტამბოლიდან, სადაც კორესპონდენტმა მხოლოდ ისეთი მოქალაქეები „იპოვა“ და გამოკითხა, რომლებიც მკვეთრად ოპოზიციურად იყვნენ განწყობილი და პოზიტიური ცვლილების იმედებს ერთმნიშვნელოვნად ოპოზიციის გამარჯვებასთან აკავშირებდნენ.


ცხადია, პოზიციის გამოხატვა მეზობელ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფ ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით თავისთავად ნორმალური მოვლენაა, თუმცა ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მედიამ მკითხველს (ან მაყურებელს) შესთავაზოს ასევე მოვლენების კონტექსტი და ის არგუმენტები, თუ რატომ შეიძლება იყოს სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის ერთი ან მეორე კანდიდატის გამარჯვება.


ამ მხრივ ქართულ საზოგადოებას ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა, რადგან მედიასაშუალებები ან საერთოდ არ გვთავაზობდნენ საკუთარი პოზიციის არგუმენტაციას, ან ეს არგუმენტაცია არასაკმარისად დამუშავებული და ნაკლებად დამაჯერებელი იყო.


დავიწყოთ თუნდაც ერდოღანით. რატომ შეიძლება საქართველოსთვის უკეთესი იყოს მისი გამარჯვება?


მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ შეიძლება მოვიტანოთ, მაგალითად, ის არგუმენტი, რომ რუსეთ-უკრაინის ომისა და ახალი გლობალური დაპირისპირების დაწყების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი მუდმივად უსვამს ხაზს, რომ არ დაუშვებს თურქეთის ომში ჩართვას და პირიქით, ცდილობს მხარეებს შორის მედიატორის როლი ითამაშოს (სტამბოლის მოლაპარაკებები, ე. წ. მარცვლეულის შეთანხმება და სხვ.)


აქედან გამომდინარე, დღევანდელი თურქეთი შესაძლოა წარმატებულ მაგალითად და საყრდენადაც კი ჩაითვალოს რეგიონის იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ასევე მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკა აირჩიეს და ამის გამო რიგი დასავლელი თუ უკრაინელი პოლიტიკოსების კრიტიკაც კი „დაიმსახურეს“. გარდა ამისა, დღევანდელი თურქეთი შესაძლოა საინტერესო იყოს იმ კუთხითაც, თუ როგორ შეიძლება ნატოს წევრი ქვეყანა ატარებდეს ტრადიციული ღირებულებების დაცვის და სუვერენიტეტის გაძლიერების პოლიტიკას.


რაც შეეხება ქილიჩდაროღლუს და მის გუნდს - ქართული ოპოზიციური მედიისგან (რომელიც მას ღიად გულშემატკივრობდა) მაყურებელმა ასევე ვერ მოისმინა მწყობრი და არგუმენტირებული ანალიზი, თუ რატომ იქნებოდა იგი ერდოღანზე უკეთესი მეზობელი საქართველოსთვის ან საერთოდ რით განსხვავდება მისი პროგრამა და იდეები მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკისგან.


მაგალითად, თუნდაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ასპექტში, ქემალ ქილიჩდაროღლუ არაერთხელ წასულა კომპრომისზე რელიგიურ თუ ნაციონალისტურ პოპულიზმთან. პირველი ტურის შემდეგ მან ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მილიონობით სირიელ ლტოლვილს სასწრაფოდ უკან, სირიაში დააბრუნებს.


ასევე ნაკლებსავარაუდოა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთის საგარეო პოლიტიკა და თუნდაც დამოკიდებულება უკრაინის ომის მიმართ (რიტორიკის მიღმა) რადიკალურად შეიცვალოს, რადგან თურქეთის დღევანდელი სტრატეგია ამ ქვეყნის ეროვნული (მათ შორის, ეკონომიკური) ინტერესებით და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით არის ნაკარნახევი.


ქილიჩდაროღლუს მთავარმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაცხადა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, დასავლეთთან დაახლოების პარალელურად, თურქეთი გააგრძელებს და გააძლიერებს მედიატორის ფუნქციას რუსეთსა და უკრაინას შორის და მათ შორის, გააფართოებს მარცვლეულის შეთანხმების მუშაობის პროცესს.


და ბოლოს - როგორ შეიძლება აისახოს ოპოზიციის გამარჯვება უშუალოდ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობაზე?


ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ ქილიჩდაროღლუს გულშემატკივარ ქართულ მედიასაშუალებებს ასევე მხედველობიდან გამორჩათ (ან შეგნებულად დამალეს) ის ფაქტი, რომ თურქეთის მთავარ ოპოზიციურ პარტიაში („სახალხო რესპუბლიკური პარტია“) და უშუალოდ ქილიჩდაროღლუს გუნდში არიან აფხაზეთის აღიარების ღია მხარდამჭერები.


მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზური წარმოშობის დეპუტატი ენგინ ოზქოჩი (პაპბა), რომელიც წლების მანძილზე სოხუმის მთავარი ლობისტი იყო თურქეთის პარლამენტში და რომელმაც, რამდენიმე თვის წინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პირდაპირ ჰკითხა, აპირებს თუ არა ანკარა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.


ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში თურქეთი აუცილებლად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, თუმცა ქართულმა მედიამ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე არჩევნების გაშუქებისას სასურველია მეტი ყურადღება დაუთმოს უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებულ განცხადებებს და გაგვაგებინოს ისიც, თუ როგორი პოზიცია აქვს ამა თუ იმ პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ გუნდს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.


ფოტო Financial Times

ზვიად ლიპარტელიანი
  • 9
  • 10021
0 Comments