წითელი ვერსია
  • 8
  • 7705

ცრუ ”სკანდალი” არასწორად გაგებული ტერმინის გამო

26 აპრილი 2023

”დიდი სკანდალი ევროპულ საბჭოში - პრემიერის და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმებულია. ერთობლივი განცხადება ოფიციალურ ვებ-გვერდზე დილიდან იყო დაანონსებული, თუმცა მოულოდნელად ჩაიშალა. განცხადების ჩაშლასთან დაკავშირებით განმარტებები არ გაკეთებულა.


ოპოზიცია ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, შეხვედრა იმდენად მძიმე იყო, რომ შარლ მიშელს სათქმელი არაფერი დარჩა“ – ეს ინფორმაცია „ტვ პირველმა“ 25 აპრილს გაავრცელა, მოგვიანებით კი ამავე თემაზე ვრცელი სიუჟეტიც მომზადდა სათაურით: „ღარიბაშვილმა დანგრეული რეპუტაციის აღდგენა ვერ შეძლო!“


როგორც სიუჟეტიდან გაირკვა, ამ „დიდი სკანდალის“ საფუძველი ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური დღის წესრიგია, სადაც ვკითხულობთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელის დროით 11 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მართავდა, 12 საათზე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის „დორსთეფი“ იგეგმებოდა.


12:00 – Doorstep by Prime Minister of Georgia - ვკითხულობთ დოკუმენტში, სადაც მოგვიანებით გაჩნდა აღნიშვნა, რომ ღონისძიება გაუქმდა.


ძნელი სათქმელია, რატომ გადაწყვიტეს „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურში, რომ „დორსთეფი“ იგივეა, რაც „შარლ მიშელის და ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი განცხადება მედიისათვის“.


პროფესიონალმა ჟურნალისტებმა კარგად იციან, რას გულისხმობს ტერმინი „DOORSTEP“ - ჩასაფრებას რესპონდენტზე, როდესაც ჟურნალისტები შეხვედრაზე მისულ, ან შეხვედრიდან გამოსულ რესპონდენტს შეკითხვებით დახვდებიან „კართან“.


ევროპულ სტრუქტურებში „დორსთეფი“ გამოყენებულია, როგორც პიარული შესაძლებლობა ოფიციალური პირებისთვის, როცა მათ შეუძლიათ, მეტად წარმოაჩინონ საკუთარი პოზიციები სხვადასხვა მედიასაშუალებებში. ასეთი „დორსთეფების“ დაანონსება უფრო ევროპული საბჭოს მხარდაჭერაა ლიდერებისთვის საიმისოდ, რომ მათ დამატებით გამოიყენონ მედიარესურსი საკუთარი გზავნილების გასავრცელებლად.


არსად და არცერთ ენაზე „დორსთეფი“ არ ნიშნავს ბრიფინგს ან ერთობლივ განცხადებას.


ასეთ დროს იმავე ევროპული საბჭოს ოფიციალურ გვერდზე ყოველთვის ზუსტად მიუთითებენ - პრეს-კონფერენცია იმართება, საჯარო განხილვა, თუ დახურული შეხვედრა.


ნებისმიერ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილის „დორსთეფი“ ნიშნავდა იმას, რომ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შარლ მიშელთან შეხვედრიდან გამოსული პრემიერ-მინისტრისათვის იქვე, დერეფანში დაესვათ შეკითხვები, პრემიერს კი გაეკეთებინა იმ ტიპის მოკლე განცხადება, რომელიც მოგვიანებით „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა -


„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან. ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას. საქართველო მუშაობს 12 რეკომენდაციის დასრულებაზე და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს“.


ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა შარლ მიშელმაც. მის განცხადებაში ვკითხულობთ:


„ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას ამ გზის თითოეულ ეტაპზე და კვლავაც მტკიცედ ერთგულია ევროპული პერსპექტივის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს“.


რატომ გაუქმდა ირაკლი ღარიბაშვილის „დორსთეფი“? ანუ, რატომ არ მოინდომა პრემიერ-მინისტრმა „ჩასაფრებულ“ ჟურნალისტებთან შეხვედრა?


ამაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა გვითხრა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში ნდობა დაკარგა, ევროპელი პარტნიორები იმედგაცრუებულები არიან!“


ძნელი სათქმელია, რამ მისცა ჟურნალისტს ასეთი ხმამაღალი დასკვნის გაკეთების საფუძველი.


თუ მის მიერ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით ვიმსჯელებთ, ამის საფუძველი ყოფილა რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელის რიკარდ იოზვიაკის ინტერვიუ „ტვ პირველისათვის“, სადაც იოზვიაკი საუბრობს წინა დღით, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით დარჩიაშვილის შეხვედრაზე ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან. იოზვიაკმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ დარჩიაშვილის შეხვედრა შეფასდა როგორც „არაშთამბეჭდავი“.


თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს მიერ ამ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბევრი ძირითადი რეფორმის მიმართულებით“.


რატომ ნიშნავს ეს ყველაფერი ჩაშლილ ბრიფინგს ან დანგრეულ რეპუტაციას, გაუგებარია.


„ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიერ არასწორად გაგებულმა ტერმინმა და ევროპული საბჭოს პროცედურების არცოდნამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საშუალება მისცა, მწვავე პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ „ჩაშლილ პრესკონფერენციაზე“, „შეუსრულებელ ვალდებულებებზე“, “ წარუმატებელ ვიზიტზე“ და ა.შ.


გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე აგორებულ ვნებათაღელვას წერტილი დაუსვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პრეს-სპიკერმა, რომელმაც „ქრონიკას“ განუცხადა, რომ შარლ მიშელის და ირაკლი ღარიბაშვილის არანაირი ერთობლივი განცხადებები დაგეგმილი არ ყოფილა. იგივე ინფორმაცია გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.


ლელა კურდღელაშვილი
  • 8
  • 7705
0 Comments