წითელი ვერსია
  • 6
  • 4412

ციფრული უსაფრთხოება ბავშვებისთვის

13 ივლისი 2025

არასრულწლოვნების მიერ სოციალური მედიის გამოყენების საკითხს ევროკავშირი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს. პრობლემაზე მსჯელობა წევრ ქვეყნებში დაიწყო და ევროკავშირის სტრუქტურებში გაგრძელდა. არასრულწლოვანთა მშობლები ყურადღებას სოციალური მედიის შინაარსზე ამახვილებენ, რომელიც ბავშვებს საფრთხეს უქმნის.


არასრულწლოვნების დაცვის საკითხზე საბერძნეთში დაწყებული განხილვები საფრანგეთსა და ესპანეთში გაგრძელდა. მთავარი საზრუნავი ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. მშობლების ძალისხმევით, არასრულწლოვნებს სოციალური მედიის ანგარიშების შექმნისას, მალე შესაძლოა, მკაცრი შეზღუდვები დაუწესდეთ.


ევროკავშირი განიხილავს რეგულაციებს, რომელიც 15 წლამდე ასაკის მომხმარებლებს სოციალურ მედიაზე წვდომას შეუზღუდავს. ასაკობრივი ზღვრის გაზრდას მხარს უჭერს ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი, ხოლო ესპანეთში ფიქრობენ, რომ შეზღუდვა 16 წლამდე უნდა დაწესდეს. სოციალური მედიის პლატფორმების უმეტესობისთვის, ამჟამად მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 13 წელია.


ევროკავშირის ინიციატივის მიზანი სტანდარტიზებული ციფრული სრულწლოვანების ასაკის დანერგვაა. წინადადებას, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, მშობლების, პედაგოგებისა და ბავშვთა უსაფრთხოების ექსპერტების მზარდი შეშფოთება უდევს საფუძვლად.


შეშფოთება ონლაინ ბულინგს, დეზინფორმაციას და სოციალურ პლატფორმებზე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ მასალის გავრცელებას უკავშირდება.


პარალელურად, ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ მსგავსი შეზღუდვების აღსრულება ტექნიკურ პრობლემებს წააწყდება, - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მომხმარებელთა ასაკის დადასტურებას ეხება.


მშობლები და ბავშვთა უფლებადამცველები ითხოვენ, რომ მოზარდების მიერ სოციალური მედიის გამოყენება მკაცრ ზედამხედველობას დაექვემდებაროს.


ვილნიუსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ლიეტუვაში მოზარდები ეკრანთან დღეში, საშუალოდ, 5 საათს ატარებენ.


„რამდენიმე წლის წინ, მავნე ონლაინ-შინაარსის უმეტესობა ბავშვთა პორნოგრაფიას ეხებოდა. ახლა კიბერბულინგისა და ძალადობრივი შინაარსის ზრდას ვხედავთ“, - განაცხადა ლიეტუვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს საბჭოს წევრმა კრისტინა მიკოლიუნიენემ.


საფრანგეთმა ორი წლის წინ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, 15 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს, სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებისთვის მშობლების თანხმობა სჭირდება. თუმცა, რეგულაციის აღსრულება პრობლემური გახდა. კანონის გვერდის ავლა იოლია, რადგან ბავშვის ასაკის ან მშობლების თანხმობის დასადასტურებლად სანდო მეთოდი არ არსებობს.


„ყველანი ვყოფილვართ ბავშვები, დაბადების თარიღის შეცვლა ძალიან ადვილია. ამჟამინდელი სისტემის მიხედვით, საშუალოდ, ბავშვები 7-8 წლის ასაკიდან იწყებენ ანგარიშების შექმნას,“ - აცხადებს ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის საკითხებში საფრანგეთის მინისტრ დელეგატი, კლარა ჩაპესი.


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ თუ ევროკავშირის დონეზე პროგრესს ვერ მიაღწევენ, უახლოეს თვეებში საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალურ მედიას აკრძალავს.


მაკრონის თქმით, საფრანგეთში მალე აუცილებელი იქნება ასაკის დადასტურება ონლაინ-მაღაზიებში დანების გაყიდვის დროს. მსგავსი ასაკობრივი აკრძალვები საფრანგეთში ამჟამად პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე ვრცელდება.


ევროკავშირში მიმდინარე განხილვებს და სტანდარტიზებული ციფრული სრულწლოვანების ასაკის დანერგვას მხარი დაუჭირა ამერიკულმა კომპანია Meta-მ, რომელიც ცნობილი სოციალური მედიის პლატფორმების და საკომუნიკაციო სერვისების - Facebook, Instagram, Threads, Messenger და WhatsApp-ის მფლობელია.


კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ინიციატივა მშობლების თანხმობას, ასაკის მკაცრ შემოწმებასა და ინდუსტრიაში თანმიმდევრულობას ეფუძნება.


„მეტაში“ ახალგაზრდების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენ ათ წელზე მეტია, რაც მოზარდებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს ამის გათვალისწინებით ვქმნით”, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.


Meta-ს მხარდაჭერა ასახავს ზოგად ცვლილებებს პლატფორმების პოლიტიკაში, რომელიც გამოწვეულია მზარდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ზეწოლით.


ევროკავშირში მიმდინარე განხილვებს წინ უძღოდა ავსტრალიის გადაწყვეტილება. 2024 წლის ნოემბერში იქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაცია მიიღეს, რომელიც 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებით სარგებლობას ან ახალი ანგარიშების გახსნას უკრძალავს.


კანონი, რომელიც მიღებიდან ერთი წლის შემდეგ ამოქმედდება, ბავშვების ასაკის დადასტურებაზე პასუხისმგებლობას სოციალური მედიის კომპანიებს აკისრებს.


რეგულაციის შეუსრულებლობამ, შესაძლოა, 50 მილიონამდე ავსტრალიური დოლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწვიოს.


კანონის მიღების დროს არ გაითვალისწინეს სოციალური მედიის კომპანიების პროტესტი, რომლებიც რეგულაციას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევდნენ.


ფოტო bbc.com

გივი ბარამიძე
  • 6
  • 4412
0 Comments