წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 508

ციფრული კლონირება

24 ოქტომბერი 2025

ივლისის ბოლოს, მუსიკოსმა როდ სტიუარტმა ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ კონცერტზე, გარდაცვლილ მუსიკოს ოზი ოსბორნს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილი გამოსახულებებით მიაგო პატივი. აღნიშნულ გამოსახულებებში ლეგენდარული მუსიკოსი, სხვა გარდაცვლილ არტისტებთან ერთად, ზეცაში იყო გამოსახული, რასაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება და მწვავე კრიტიკა მოჰყვა.


ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების დიპფეიკები, რომლებიც კომპანია OpenAI-ის პროგრამა Sora-ს მიერაა გენერირებული. ასეთი ვიდეოების ხილვა განსაკუთრებით შემზარავი აღმოჩნდა ამ პირთა ოჯახების წევრებისთვის.


მათ შორის არიან ამერიკელი უფლებადამცველი აქტივისტის, მარტინ ლუთერ კინგის შთამომავლები, რომელთა მიმართვის საფუძველზე, OpenAI-მ Sora-ს პროგრამაში კინგის გამოსახულებების შექმნა შეზღუდა.


მიზეზად კომპანიამ „ისტორიულ ფიგურებზე კონტროლის გაძლიერება” დაასახელა. OpenAI -მ აღიარა, რომ ვიდეოგენერატორი პროგრამის გამოყენებით იქმნებოდა სამოქალაქო უფლებების დამცველი აქტივისტის მიმართ შეურაცხმყოფელი კონტენტი, მათ შორის რასობრივი შინაარსის.


თუმცა კომპანიის ამ გადაწყვეტილებით პრობლემა არ აღმოფხვრილა.


სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით პოპულარულია რობერტ კენედის, უინსტონ ჩერჩილის, ელისაბედ მეორის, მაიკლ ჯექსონის, ელვის პრესლის, ემი უაინჰაუსის, კობი ბრაიანტის დიპფეიკები.


ზოგჯერ ვიდეო იმდენად რეალისტურია, რომ მომხმარებლებს უჭირთ გაარჩიონ, რეალურია ის თუ ყალბი.


დარგის სპეციალისტებმა ამგვარ დიპფეიკებს შესაბამისი ტერმინიც შეურჩიეს - “ციფრული კლონირება”.


Sora-ს მეშვეობით შექმნილი ერთ-ერთი ფეიკ-ვიდეო ვიდეო თითქოს ავიაკატასტროფაში გარდაცვლილი კალათბურთელის კობი ბრაიანტის სიცოცხლის ბოლო წამებს ასახავს, კიდევ ერთ ვიდეოში პრეზიდენტი ჯონ კენედი თითქოსდა ხუმრობს ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ.


“მტკივნეულია იმის ხილვა, თუ როგორ გამოიყენება მამაჩემის გამოსახულებები ასე თავხედურად და გულგრილად მაშინ, როდესაც მან საკუთარი სიცოცხლე ჭეშმარიტებას მიუძღვნა”, - ამბობს Washington Post-თან ინტერვიუში ილიასა შაბაზი, რომლის მამა - შავკანიანთა უფლებების ცნობილი დამცველი მალკოლმ იქსი 1965 წელს მის თვალწინ მოკლეს.


მსახიობ რობინ უილიამსის შვილმა, ზელდა უილიამსმა კი ინტერნეტ-მომხმარებლებს მოუწოდა, შეწყვიტონ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი, მამამისის ვიდეოების გაგზავნა.


ხელოვნურმა ინტელექტმა აქტუალური გახადა კითხვა - ვის აქვს საავტორო უფლება პიროვნების გამოსახულებაზე მისი გარდაცვალების შემდეგ?


კომპანიებს არ აქვთ უფლება, გამოიყენონ რობინ უილიამსის გამოსახულება კომერციული მიზნებისთვის ოჯახის ნებართვის გარეშე. ამ დროს კი, Sora-ს მომხმარებლები მსახიობის დიპფეიკებს თავისუფლად ქმნიან.


გარდაცვლილი ადამიანების ციფრული კლონირება ოჯახის წევრებისთვის არა მხოლოდ ემოციურად არის მძიმე, ის ასევე ართულებს სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გამიჯვნას.


ჰიპერრეალისტური დიპფეიკების მზარდმა გამოყენებამ დეზინფორმაციის გავრცელების საშიშროება გააძლიერა.


“ეს ძალიან ჰგავს ისტორიის გარკვეული ასპექტების გადაწერის მცდელობას”, - აღნიშნავს BBC-თან საუბარში ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სპეციალისტი ოლივია გემბელინი.


მისი შეფასებით, OpenAI-ს მიერ მარტინ ლუთერ კინგის გამოსახულებების შექმნის შეზღუდვა წინ გადადგმული კარგი ნაბიჯია, თუმცა, როგორც მკვლევარი აღნიშნავს, კომპანიას ასეთი ზომები წინასწარ უნდა მიეღო.


ოქტომბრის დასაწყისში კომპანია OpenAI-მ განაცხადა, რომ Sora-ს ბოლო ვერსია ხუთ დღეში ერთ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გადმოიწერა.


OpenAI-ში ამბობენ, რომ ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ საჯარო ფიგურებთან და საავტორო უფლებების მფლობელებთან, რათა შემდგომში, პროგრამაში სათანადო ცვლილებები განახორციელონ.


თუმცა აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა - ვინ იქნება დაცული ციფრული კლონირებისგან და ვინ არა?


“მარტინ ლუთერ კინგის მემკვიდრეებმა სამართლიანად წამოჭრეს ეს საკითხი OpenAI-სთან, თუმცა ბევრ გარდაცვლილს არ ჰყავს ცნობილი, ან ფინანსური რესურსების მქონე მემკვიდრეები“, - განაცხადა BBC-სთან ხელოვნური ინტელექტის საკითხებში ექსპერტმა ჰენრი აიდერმა.


ფოტო bbc.co.uk

ქეთი ჩოხელი
  • 0
  • 508
0 Comments