წითელი ვერსია
  • 4
  • 3613

წინასაარჩევნო ტელე-სოციოლოგიური გაუგებრობა „მთავარ არხზე“

30 ოქტომბერი 2021

27 ოქტომბერს „მთავარმა არხმა“ მაყურებელს საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების რეიტინგები გააცნო, რომელიც არხის დაკვეთით კომპანია Ipsos Global-მა ჩაატარა და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე 2600 ამომრჩეველი გამოკითხა.


შედეგების წარდგენა ტელეკომპანიამ ზუგდიდის მონაცემებით დაიწყო, სადაც ჟურნალისტის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიას გამოკითხულთა 54,7% უჭერდა მხარს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მამუკა წოწერიას, შესაბამისად - 45,3%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.


კვლევაში კითხვა ამგვარი ფორმულირებით იყო ჩამოყალიბებული: „მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“ გადაცემის წამყვანმა კი ზუგდიდის შედეგების წარდგენისას საგანგებოდ აღნიშნა, რომ „ამ შემთხვევაში სხვაობა თითქმის 10 პროცენტია და ანზორ მელიას ძალიან მნიშვნელოვანი წინსწრება აქვს.“


გარდა ამისა, გიორგი გაბუნიამ მაყურებელს განუცხადა, რომ გასათვალისწინებელი იყო კვლევის ჩატარების პერიოდში (23-27 ოქტომბერი) გამოკვეთილი ტენდენცია, რომლის თანახმადაც „დამოკიდებულება დღიდან დღემდე დრამატულად იცვლება ოპოზიციის სასარგებლოდ“.


ჟურნალისტმა იქვე საზოგადოებას არხის პოლიტიკური პოზიციაც შეახსენა და აღნიშნა: „ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ჩვენ ოპოზიციას ვუჭერთ ზოგადად მხარს... არამედ ფაქტია ასეთი: ჩვენი მკვლევარებისგან ვიცით ის, რომ დღიდან დღემდე დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ სულ უფრო პოზიტიური ხდება.“ პრეზენტაციის დასასრულს კი მან დაასკვნა: „აი, ასეთი შანსები აქვს ოპოზიციას, ძალიან კარგი შანსები - ჩვენი კვლევის მიხედვით“.


მეორე დღეს - 28 ოქტომბერს, საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეიტყო, რომ „მთავარმა არხმა“ Ipsos Global-ისგან განსხვავებული მონაცემები გამოაქვეყნა და უშუალოდ ზუგდიდში, რომელიც ოპოზიციისა და სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებს შორის ბრძოლის ერთ-ერთი ეპიცენტრია, კვლევის მიხედვით არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანზორ მელია, არამედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა წოწერია ლიდერობს.


უფრო კონკრეტულად - როგორც პაპუაშვილმა განაცხადა (და ამას ადასტურებს კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შედეგებიც), Ipsos Global-ის კვლევით, ანზორ მელიას გამოკითხულთა 49%-მა გამოუცხადა მხარდაჭერა, ხოლო მამუკა წოწერიას - 51%-მა.


ცდომილების გახმაურებიდან რამდენიმე საათის შემდეგ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და პასუხისმგებლობა Ipsos Global-ს დააკისრა:


„იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას და ეს ინციდენტი ამით ამოიწურება“, ვკითხულობთ გვარამიას ფეისბუკსტატუსში, თუმცა 29 ოქტომბერს, მან Iposos Global-თან თანამშრომლობის შეწყვეტისა და კომპანიის ქმედების გასაჩივრების შესახებ განაცხადა, რასაც მალე ყოფილი პარტნიორის კორუფციულ გარიგებაში დადანაშაულებაც მოჰყვა.


Ipsos Global-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია საპასუხო განცხადება ნიკა გვარამიას ბრალდებებზე, თუმცა კომპანიის ოფიციალურ ვეგბგვერდზე დღემდე, სწორედ, ის მონაცემებია განთავსებული, რომლებიც საზოგადოებას შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.


მეორე მხრივ, „მთავარმა არხმა“ და მისმა გენერალურმა დირექტორმა მაყურებელს მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ასევე ვერ განუმარტეს, თუ რით იყო გამოწვეული პრინციპული სხვაობა კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რიცხვებსა და ტელევიზიით გამოცხადებულ შედეგებს შორის და საბოლოო ჯამში, ფაქტმა სოციოლოგიური კვლევით მანიპულირების შთაბეჭდილება დატოვა.


აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა განწყობების კვლევა ტელეარხების დაკვეთით არჩევნების წინ ხშირად ტარდება, თუმცა ამგვარი კვლევების მიმართ ხშირად გვესმის პრეტენზიებიც, რადგან მათი შედეგები, როგორც წესი, უშუალოდ დამკვეთი მედიასაშუალებების პოზიციას ასახავენ და არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა მათი მიზანიც არა განწყობის შესწავლა, არამედ პირიქით - შექმნა იყოს.


ამგვარი ფონის მიუხედავად „მთავარი არხისა“ და Ipsos-ის შემთხვევა ქართული ტელე-სოციოლოგიის პრაქტიკაშიც კი გამორჩეულად უნდა ჩაითვალოს, რადგან ამჯერად ერთმანეთს დამკვეთისა და შემსრულებლის მონაცემებიც კი არ დაემთხვა, რამაც მაყურებელი განსაკუთრებულად დააბნია, ხოლო მედიის დაკვეთით ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევების მიმართ კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 4
  • 3613
0 Comments