წითელი ვერსია
  • 5
  • 3338

წიგნი, როგორც აღიარება

26 ივნისი 2025

ამერიკული მედია, ნებსით თუ უნებლიეთ, შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალის თანამონაწილე აღმოჩნდა.


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გონებრივი უნარების აშკარა დაქვეითების მიუხედავად, მედიის ხანგრძლივი დუმილი, ახლა უკვე კონსტიტუციურ კრიზისად შეფასებული ვითარების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.


მედიის როლი ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი გაუარესების დამალვაში, ცნობილმა ჟურნალისტებმა, ჯეიკ ტეპერმა და ალექს ტომფსონმა გამოააშკარავეს.


ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ მათ გამოსცეს წიგნი, სახელწოდებით „პირველყოფილი ცოდვა“.


CNN-ის ცნობილმა ტელეწამყვანმა ჯეიკ ტეპერმა, თავის კოლეგასთან ერთად, ამ წიგნისთვის, ჯო ბაიდენის გარემოცვიდან 200-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის დემოკრატი მაღალჩინოსნების ინტერვიუები ჩაწერა.


წიგნიდან ირკვევა, რომ ბაიდენის მდგომარეობა იმაზე გაცილებით უარესი იყო, ვიდრე ეს ამერიკულ მედიასა თუ პოლიტიკურ ელიტას ეგონა. თეთრი სახლის მეთაურის ქმედუუნარობის მხილება CNN-ის იმ ტელეწამყვანის მიერ, რომელიც ბაიდენის ერთ-ერთ დიდ მხარდამჭერად გვევლინებოდა, ამ წიგნს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.


ჯეიკ ტეპერი აცხადებს, რომ ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების გაუარესების საწყის ნიშნებზე მედიის მიერ თვალის დახუჭვა „ფაქტების გამოტოვების კოორდინირებული ძალისხმევა“ იყო.


თეთრ სახლში 2021 წლიდან 2024 წლამდე მიმდინარე გასაიდუმლოებულ პროცესებს წიგნის ავტორი „უოტერგეიტის“ სკანდალსაც კი ადარებს. როგორც ის წერს, სხვადასხვა ნიუსრუმების რედაქტორები და პროდუსერები, ხშირ შემთხვევაში, ბაიდენის პრობლემებს თვალს იმიტომ არიდებდნენ, რომ პოლიტიკური თავდასხმის ეშინოდათ.


წიგნში ასევე ნათქვამია, რომ ბაიდენი, საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელს, იმდენად ქმედუუნარო იყო, რომ მის ადმინისტრაციას, პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი მართავდა.


„ვისურვებდი, რომ მაშინ მცოდნოდა ეს ყველაფერი, რაც ახლა ვიცი. მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც კითხვებს ვსვამდი თეთრ სახლთან და მუდამ მატყუებდნენ. უნდა გახსოვდეთ, რომ ბაიდენის გარემოცვა არა მხოლოდ პრესას ატყუებდა, არამედ ხალხს, დონორებს, მინისტრებს, კონგრესის დემოკრატ წევრებს. ყველამ ვიცოდით, რომ ბაიდენი ასაკში იყო, თუმცა არ ვიცოდით რამდენად უფუნქციო, რამდენად უუნარო იყო ის და ვერ ახერხებდა მართვას“, - განმარტა ჯეიკ ტეპერმა The Free Press-თან ინტერვიუში.


პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ქმედუნარიანობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 2024 წლის ივნისში გამართულ საპრეზიდენტო დებატების შემდეგ გახდა. დონალდ ტრამპის პირისპირ, ბაიდენმა რამდენჯერმე ვერ შეძლო წინადადების და აზრის დასრულება.


სწორედ ამ დებატების ერთ-ერთი მოდერატორი იყო ჯეიკ ტეპერი. რადგან CNN-ის ტელეწამყვანი საკუთარი თვალით და ახლო დისტანციიდან ხედავდა პრეზიდენტის რეალურ მდგომარეობას, მის აღიარებით წიგნს კოლეგების მხრიდან მწვავე კრიტიკაც მოჰყვა.


ცნობილმა ტელეწამყვანმა მეგინ კელიმ ტეპერს ჰკითხა, რატომ ვერ ამჩნევდა იმას, რასაც მისი კონსერვატორი კოლეგები ხედავდნენ და საუბრობდნენ კიდეც. მეგინ კელის შოუში, ტეპერმა დაშვებული შეცდომა კიდევ ერთხელ აღიარა.


„ახლა, როცა ყველაფერი ვიცი, სირცხვილით ვუყურებ ჩემს რეპორტაჟებს. ვისურვებდი, რომ უკეთ გამეშუქებინა მისი ასაკი და გონებრივი შესაძლებლობები. ნეტავ, ბევრად მეტი მეთქვა. ჩემი ძველი განცხადებები დღეს ძალიან ცუდად ისმინება. ლორა ტრამპს, რომლისგანაც წლების წინ ინტერვიუ ავიღე და მარწმუნებდა ბაიდენის მწვავე გონებრივ მდგომარეობაზე, მე კი არ ვუჯერებდი, ახლა დავურეკე და ბოდიში მოვუხადე“, - განაცხადა ტეპერმა მეგინ კელისთან საუბრისას.


ბაიდენის მდგომარეობის დამალვაში მედიის როლზე საუბრობენ ამერიკელი კანონმდებლებიც. ყოფილი პრეზიდენტის ქმედუნარიანობის დასადგენად და იმის გასარკვევად, თუ ვინ მართავდა თეთრ სახლს 4 წლის განმავლობაში, გასულ კვირას სენატში მოსმენების სერია დაიწყო.


„პარტიულმა მედიამ თავისი მაქსიმუმი გააკეთა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის კრახი დაემალა“ - განაცხადა სენატის დროებითმა პრეზიდენტმა ჩარლზ გრასლიმ სიტყვით გამოსვლისას.


ამავე სხდომაზე სენატორმა ჯონ კორნინმა ბაიდენის სკანდალს კონსტიტუციური კრიზისი უწოდა და პრეზიდენტის ქმედუუნარობის დამალვის შესაძლო შეთქმულებაში პრესას თავისი პასუხისმგებლობა დააკისრა:


„ეს იყო კონსტიტუციური კრიზისი, რასაც პრესის მხრიდან კოლექტიური ბოდიში ვერ გამოისყიდის. მედიას არ ჰქონდა წვდომა. ბაიდენს ოჯახი მეტისმეტად იცავდა. კაბინეტი არაკომპეტენტური იყო. უამრავი შეცდომა დაუშვეს. ამ შეთქმულების თითოეული მონაწილე, მედიიდან დაწყებული და მინისტრებით დამთავრებული, ერთობლივად და მწვავედ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც შესაძლოა ჩვენი ერის ისტორიაში უდიდეს ღალატად ჩაითვალოს“ - განაცხადა სენატორმა.


რესპუბლიკელი კონგრესმენები დარწმუნებული არიან, რომ დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებულ მედიას პრეზიდენტ ბაიდენის კოგნიტური პრობლემები კი არ გამოჰპარვია, არამედ მიზანმიმართულად დუმდა ამაზე.


ფოტო axios.com

მარიამ გიგანი
  • 5
  • 3338
0 Comments