წითელი ვერსია
  • 2
  • 8348

ცალმხრივად გამჭვირვალე (ნეტ)გაზეთი

05 ივლისი 2020

დეზინფორმაციასა და „ფეიკ ნიუსს“ ზოგჯერ სწორედ ის მედიასაშუალებები ავრცელებენ, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა მოგვიწოდებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ. სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით „რატომ არ მოსწონს კომუნიკაციების კომისიას წერილი, რომელიც ფეისბუკს პოლიტიკურ რეკლამაზე საქართველოდან მისწერეს“.


აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული მასალა არის პასუხის მცდელობა კომუნიკაციების კომისიის 30 ივნისის განცხადებაზე, სადაც კომისია, თავის მხრივ, ეხმიანება მედიისა და არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის („მთავარი არხის“, ტელეკომპანიების „ფორმულისა“ და „პირველის“; ონლაინგამოცემების on.ge-სა და „ტაბულის“, მედიის განვითარების ფონდის (MDF), „თბილისი პრაიდისა“ და სხვათა) მიმართვას „ფეისბუკის“ ადმინისტრაციისადმი, გაასაჯაროოს დეტალური ინფორმაცია ამ სოციალურ პლატფორმაზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამისა და დაფინანსებული გვერდების შესახებ.


ამ მიმართვისა და გამჭვირვალეობისთვის წინასაარჩევნოდ გააქტიურებული ბრძოლის ფონზე, კომისიამ კიდევ ერთხელ გამოხატა სინანული იმის გამო, რომ საქართველოში მედიის ფინანსები დიდწილად კვლავინდებურად გაუმჭვირვალეა, რითაც მედიასაშუალებებს მოუწოდა, თავადაც ისეთივე გამჭვირვალე იყვნენ, როგორ გამჭვირვალეობასაც სოციალური მედიისგან მოითხოვენ. ამასთანავე, კომისიამ ურჩია მათ, იფიქრონ მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალეობის შესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს მიღებული კანონის აღსრულებაზე, რომელიც გულისხმობს საზოგადოების ინფორმირებას მედიასაშუალებებში შესული რეკლამისა და სხვა ფინანსური წყაროების წარმომავლობის შესახებ.


ეს შეხსენება სავსებით ლოგიკურად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხსენებული კანონის მიზანი და დანიშნულება სწორედ ისაა, რაზეც ზემოხსენებული ორგანიზაციები თავიანთ მიმართვაში ლაპარაკობენ; ანუ უდავოდ სასურველია, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რათა მაყურებელმა, მსმენელმა თუ მკითხველმა ამოიცნოს, ვის ინტერესებს შეიძლება გამოხატავდეს იგი.


კომუნიკაციების კომისიის განცხადება ლოგიკურად და სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს იმიტომაც, რომ მიუხედავად ზემოხსენებული არგუმენტებისა, რომლებსაც, თუ „ფეისბუკისადმი“ გაგზავნილ მიმართვას დავეყრდნობით, ხელმომწერი მაუწყებლებიც იზიარებენ, კანონი დღემდე არ სრულდება და ამის მიზეზი, ძირითადად, ამავე მაუწყებლების წინააღმდეგობაა.


ერთი სიტყვით, ცალკეული მედიასაშუალებები, რომლებიც „ფეისბუკს“ მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ, თავად კატეგორიულ უარს აცხადებენ, ასეთივე გამჭვირვალობას მიმართონ, რაც სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტი. სწორედ ეს არის აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის განცხადებაშიც, თუმცა სტატია, რომელიც ამ განცხადების პასუხად „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე სწორედ ორმაგ სტანდარტთან და დეზინფორმაციასთან გვაქვს.


დეზინფორმაცია სტატიის სათაურიდანვე იწყება: „რატომ არ მოსწონს კომუნიკაციების კომისიას წერილი, რომელიც ფეისბუკს პოლიტიკურ რეკლამაზე საქართველოდან მისწერეს“ − სვამს კითხვას „ნეტგაზეთი“. არადა, არავის არსად უთქვამს ან დაუწერია, რომ წერილი არ მოსწონს. სტატიის ავტორი აქ აშკარად აბრალებს მეორე მხარეს იმას, რაც ამ უკანასკნელს არ გაუკეთებია, რითაც ცდილობს, დასაწყისშივე უარყოფითად განაწყოს მკითხველი კომისიის მიმართ; ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ფაქტებით მანიპულირება.


ამასვე აკეთებს ონლაინგამოცემა on.ge, რომელიც ამ საკითხისადმი მიძღვნილ სტატიაში წერს, რომ „კომუნიკაციების ეროვნული კომისია Facebook-ისადმი მიწერილი ღია წერილის გამო მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს“. კომისიის განცხადების ამგვარი ინტერპრეტაცია არასწორია, რადგან კომუნიკაციების კომისია ხსენებულ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს არა მათი წერილის სულისკვეთების, არამედ ორმაგი სტანდარტების დამკვიდრების მცდელობის გამო.


მიუხედვად ამისა, ნიშანდობლივია, რომ შინაარსობრივი განხილვისას „ნეტგაზეთის“ სტატიაშიც კი დასტურდება, რომ საქმე გვაქვს ორმაგი სტანდარტის დამკვიდრების მცდელობასთან რიგი მედიასაშუალებების მხრიდან. მაგალითად, „ნეტგაზეთი“ ცდილობს, მკითხველს მიაწოდოს მაუწყებლების არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რატომ ეწინააღმდეგებიან ისინი ფინანსური წყაროების გასაჯაროებას და გვთავაზობს „მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის სიტყვებს:


„ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე კომისიას საშუალება ექნება იმ ბიზნესსუბიექტების სარეკლამო დანახარჯებზე მიიღოს ინფორმაცია, რომლებიც, რეალურად, მისი რეგულირების მიღმაა, მაგალითად, რეკლამის დამკვეთებზე“.


გარდა ამისა, როგორც მურადაშვილი ამბობს, ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში კონკურენტებისთვის ცნობილი გახდება, რომელ ბრენდს რა ბიუჯეტი აქვს.


მოკლედ, „მთავარი არხის“ (და, როგორც ჩანს, „ნეტგაზეთის“) ლოგიკითაც გამოდის, რომ „ფეისბუკის“ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მივანიჭოთ საზოგადოების ინტერესს, იცოდეს ფინანსური წყაროების წარმომავლობა, ხოლო, მაგალითად, „მთავარი არხის“ შემთხვევაში, პირიქით − უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ბიზნესის ინტერესს, კონფიდენციალურად შეინახოს საკუთარი სარეკლამო და სხვა ტიპის დანახარჯების ბუღალტერია.


რა არის ეს − ლოგიკური, თანმიმდევრული და სამართლიანი პოზიცია თუ ორმაგი სტანდარტის დამკვიდრების მცდელობა, მკითხველმა და საზოგადოებამ განსაჯოს. ჩვენი მხრიდან კი აღვნიშნავთ, რომ მედიის ფინანსური წყაროების გამჭვირვალობა უდავოდ უმნიშვნელოვანესი საკითხია და საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იბრძოლოს მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის. ეგ არის, რომ ეს ბრძოლა ვერ წარიმართება მედიის „მეგობარ“ და „მოწინააღმდეგე“ ბანაკებად დახარისხებით და მათ მიმართ განსხვავებული სტანდარტების მიყენებით.


ზვიად ავალიანი
  • 2
  • 8348
0 Comments