წითელი ვერსია
  • 10
  • 4932

ტრამპი და სოციალური მედია

17 ივლისი 2024

დონალდ ტრამპი, რომელიც 13 ივლისს პენსილვანიაში, მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური კანდიდატი და მსოფლიო მედიასა თუ სოციალურ ქსელებში მთავარი განსახილველი ფიგურაა.


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმის შემდეგ მსჯელობენ, როგორ აისახება ტრამპზე თავდასხმა ნოემბრის არჩევნების შედეგებზე.


და ვიდრე ამ თემაზე აქტიური დისკუსია გრძელდება, დონალდ ტრამპის კუთვნილი სოციალური ქსელის Truth Social-ის აქციების ფასი 31%-ით გაიზარდა.


Truth Social-ის აქციების ღირებულება, როგორც წესი, პირდაპირ კავშირშია ყოფილი პრეზიდენტის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებთან - იქნება ეს წინასაარჩევნო რბოლა თუ მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეები.


აქციების ფასის ამჟამინდელი ზრდა ასახავს მოლოდინებს, რომ ტრამპზე თავდასხმა, არჩევნებში მისი გამარჯვების შანსებს გაზრდის.


დონალდ ტრამპმა Trump Media and Technology Group 2021 წელს დააფუძნა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ძირითადი სოციალური ქსელებიდან განდევნილი აღმოჩნდა.


ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, უმსხვილესმა პლატფორმებმა, მათ შორის, Twitter-მა, Facebook-მა და YouTube-მა ის ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულეს და ანგარიშები გაუუქმეს.


საზოგადოების ნაწილმა და თავად ტრამპმა ეს ცენზურად მიიჩნიეს.


სოციალური ქსელები, განსაკუთრებით კი Twitter (ამჟამინდელი სახელწოდება X), დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, მისთვის კომუნიკაციის მთავარი საშუალება იყო. არსებული მონაცემებით, თეთრ სახლში ოთხწლიანი მუშაობის პერიოდში, მან Twitter-ში დაახლოებით 25 ათასი პოსტი გამოაქვეყნა.


2022 წლის ნოემბერში, Twitter-ის შეძენის შემდეგ მალევე, ილონ მასკმა ყოფილ პრეზიდენტს ანგარიში აღუდგინა.


აღსანიშნავია, რომ მასკმა ეს სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით გააკეთა, სადაც შეკითხვას - „უნდა აღდგეს თუ არა ტრამპის ანგარიში?“ მომხმარებელთა 51,8%-მა დადებითი პასუხი გასცა.


ილონ მასკის კეთილგანწყობის მიუხედავად, ტრამპმა საკუთარ პლატფორმას მიანიჭა უპირატესობა და კომუნიკაციის ძირითად არხად სწორედ Truth Social-ს იყენებს, რომელსაც, დაახლოებით, ორი მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.


X-ში კი (ყოფილი Twitter) ყოფილმა პრეზიდენტმა, ანგარიშის აღდგენიდან მხოლოდ ერთი პოსტი გამოაქვეყნა - მისთვის ბრალის წარდგენისას გადაღებული ფოტო.


ტრამპზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ბოლო შეზღუდვები მას მარკ ცუკერბერგის კომპანია Meta-მაც მოუხსნა, რომელიც Facebook-ს და Instagram-ს ფლობს.


აღნიშნულ სოციალურ ქსელებში დონალდ ტრამპს საერთო ჯამში, 60 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.


ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშების აღდგენის გადაწყვეტილება კომპანიამ 2023 წელს მიიღო, თუმცა, ისინი ამ დრომდე გაძლიერებულ მონიტორინგს ექვემდებარებოდა. ახლა კი ეს დამატებითი ზომაც მოიხსნა. X-სგან განსხვავებით, ტრამპი ამ ანგარიშებს საარჩევნო კამპანიის შესახებ პოსტებისა და „მიმების“ გამოსაქვეყნებლად იყენებს.


კომპანია Meta ამ გადაწყვეტილებას თავის პლატფორმებზე პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების აუცილებლობით ხსნის. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამერიკელებს უნდა შეეეძლოთ, თანაბრად მოუსმინონ პრეზიდენტობის კანდიდატებს.


მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის წვდომა მრავალმილიონიან აუდიტორიაზე აღდგენილია, ის თავისი გზავნილების გასაჯაროების მთავარ ინსტრუმენტად კვლავ Truth Social-ს იყენებს.


პენსილვანიაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ პირველი განცხადებაც სწორედ ამ პლატფორმაზე გამოაქვეყნა.


ფოტო nypost.com

ქეთი ჩოხელი
  • 10
  • 4932
0 Comments