წითელი ვერსია
  • 8
  • 6059

თამაში პრეზიდენტის წესებით?

19 ივნისი 2024

უწევთ თუ არა ამერიკელ ჟურნალისტებს ჯო ბაიდენის „წესების მიხედვით თამაში“ და არის თუ არა პრეზიდენტის პრეს-კონფერენციები თეთრი სახლის მიერ მკაცრად რეგულირებული?


მსგავსი ვარაუდები ამერიკულ მედიაში ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების დროიდან არსებობს;


თუმცა, იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, პრეს-კონფერენციის დროს მომხდარმა ინციდენტმა ეს კითხვები იმდენად აქტუალური გახადა, რომ „თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციას“ ოფიციალური განცხადების გავრცელება მოუხდა.


13 ივნისს, იტალიაში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს, Bloomberg-ის ჟურნალისტმა ჯოშ ვინგრუვმა თეთრი სახლის მეთაურს, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მის მიერ ინიცირებულ შეთანხმებაზე „ჰამასის“ პასუხის შეფასება სთხოვა.


პრეს-კონფერენციის მთავარი თემიდან გადახვევამ პრეზიდენტი გააღიზიანა და მან კორესპონდენტს შენიშვნა მისცა:


„ვისურვებდი, რომ ცოტა უფრო მეტად დაიცვათ თამაშის წესები. მე აქ უკრაინაში არსებულ კრიტიკულ ვითარებაზე სასაუბროდ ვარ მოსული, თქვენ კი სრულიად სხვა თემაზე მეკითხებით.“


Fox News-მა ბაიდენის ამ რეაქციას ჟურნალისტის დატუქსვა უწოდა.


რა იგულისხმა პრეზიდენტმა „თამაშის წესებში“?


იქნებ Bloomberg-ის ჟურნალისტმა არა მხოლოდ პრეს-კონფერენციის მთავარი თემიდან, არამედ თეთრ სახლთან წინასწარ შეთანხმებული კითხვების სიიდანაც გადაუხვია?


ამერიკულ თუ საერთაშორისო საზოგადოებაში, ამ ეჭვების გაქარწყლების მიზნით, „თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ“ ახსნა-განმარტებითი განცხადება გამოაქვეყნა:


„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მკაფიოდ განვმარტოთ, რომ პრეზიდენტის პრეს-კონფერენციაზე, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ჟურნალისტთა კითხვების თემატიკასთან დაკავშირებით არავითარი წინაპირობები არ არსებობს. მართალია, თეთრი სახლი თავად განსაზღვრავს, რამდენი ჟურნალისტის კითხვას მიიღებს პრეზიდენტი, თუმცა, კითხვებს თავად პროფესიონალი ჟურნალისტები ირჩევენ. ნებისმიერ ლიდერს ურჩევნია, რომ რეპორტიორებმა მხოლოდ ერთი, ან ისეთი კითხვა დასვან, რაც პრეზიდენტის ან სხვა მსოფლიო ლიდერის ინტერესებში შედის, თუმცა, თავისუფალი პრესა დამოუკიდებლად ფუნქციონირებს.“


ავსტრალიური Sky News-ისთვის ეს განცხადება დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. ტელეწამყვან ჯეიმს მოროუს შეფასებით, ბაიდენი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ჟურნალისტმა თეთრი სახლის მიერ მკაცრად კონტროლირებულ სცენარს უღალატა“.


ეს მოსაზრება, შესაძლოა, რეალობისგან შორს სულაც არ იყოს.


2023 წლის 26 აპრილს, თეთრი სახლის ბაღში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა იმ პატარა ფურცლის კადრი გადაიღო, რომელიც ჯო ბაიდენს ეჭირა.


ფურცელზე, იქ დამსწრე ჟურნალისტის, Los Angeles Times-ის კორესპონდენტის, კორტნი სუბრამანიანის ფოტო და მისი კითხვები იყო მოცემული.


ამავე ფურცელზე ხელით იყო მიწერილი შენიშვნაც - „შეკითხვა N.1“, რაც პრეზიდენტ ბაიდენს, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებდა, რომ პრეს-კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პირველი კითხვა სწორედ ამ ჟურნალისტისგან მოესმინა.


ბაიდენის მიერ ამერიკელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ მითითებებზე წერს გამოცემა Politico. 1 მაისის სტატიაში ჟურნალისტი ჯეკ შეიფერი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს, თეთრი სახლის კორესპოდენტთა ტრადიციულ ვახშამზე, პრეზიდენტმა „ჟურნალისტებსა და რედაქტორებს ლექცია წაუკითხა იმის თაობაზე, თუ როგორ გააშუქონ 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანია“.


ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპს დიქტატორობის ამბიცია აქვს და ჟურნალისტებს მოუწოდა, ამ საკითხს მეტი სერიოზულობით მოეკიდონ:


„მე ნამდვილად არ მოგიწოდებთ, რომ მხარე აირჩიოთ, თუმცა, გთხოვთ, რომ ვითარების სერიოზულობა გაიაზროთ, გვერდზე გადადოთ რეიტინგების თვლა და ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, თუ რა დევს სასწორზე. ვფიქრობ, გულის სიღრმეში კარგად იცით, რაც დევს სასწორზე,“ - განაცხადა ბაიდენმა.


Politico წერს, რომ პრეზიდენტმა ამერიკელ ჟურნალისტებს ასეთი არჩევანი მისცა: - წინასაარჩევნო კამპანიას ან სერიოზულად გააშუქებენ, რაც ტრამპის, როგორც ქვეყნისათვის სახიფათო კანდიდატის წარმოჩენაში გამოიხატება, ან ისევ გააანალიზებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, გამოავლენენ ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომებს, რაც „ზედაპირულ“ გაშუქებად ჩაითვლება.


სტატიის ავტორი იმედს იტოვებს, რომ შესაძლოა, ეს არა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, არამედ პრეზიდენტის მხოლოდ რიტორიკული განცხადება იყო.


მარიამ გიგანი
  • 8
  • 6059
0 Comments