წითელი ვერსია
  • 0
  • 2760

სოციალური მედია - გამოწვევა ტრადიციული მედიისთვის

19 მაისი 2022

„კონკურენტი, რომლისაც ნამდვილად მეშინია, არის სოციალური მედია. მე უფრო მეტად მაშფოთებს ფეისბუკის 500 მილიონი მომხმარებელი, ვიდრე Fox-ის ორ მილიონიანი აუდიტორია“ – ამერიკული მედიაგიგანტის CNN-ის პრეზიდენტის ჯონ კლეინის გამოსვლა 2010 წელს Bloomberg BusinessWeek-ის მიერ მოწყობილ მედიასამიტზე.


ასეთი განწყობით შეხვდა ტრადიციული მედია 21-ე საუკუნის სრულიად ახალ მოვლენას - სოციალურ მედიას, რომელიც მანამდე არნახული სისწრაფით იზრდებოდა და იპყრობდა პლანეტის თითოეული მაცხოვრებლის გულსა და გონებას.


ცნობისთვის:


50 მილიონი მომხმარებლისთვის რომ მიეღწია:


რადიოს დასჭირდა 38 წელი;


ტელევიზიას - 13 წელი;


ინტერნეტს - 4 წელი;


ფეისბუკზე კი 2011 წელს, მხოლოდ ერთ კვარტალში 80 მილიონი ახალი ანგარიში შეიქმნა. ფეისბუკის დაბადების თარიღად 2004 წელი მიიჩნევა. 2011 წელს უწყინარ ფეისბუკს მესენჯერის ფუნქცია დაემატა, რასაც ინსტაგრამი და ვოთსაფი მოჰყვა. თავის მხრივ, ციფრულ სივრცეში ახალი მეგა-ბრენდები გამოჩნდა, რომლებიც ელვისებური სისწრაფით ცვლიდნენ ადამიანების ცხოვრების და აზროვნების წესს: - ლინკდინი, ტიკ-ტოკი, ტვიტერი, ტელეგრამი, იუთუბი და სხვა.


ინტერნეტის ამ პროდუქტების გარეშე დღეს არც ეკონომიკა ვითარდება, არც პოლიტიკა არსებობს და აღარც მეომრები იბრძვიან.


ტრადიციული მედიები - პრესა, რადიო, ტელევიზია, რომლებიც მე-20 საუკუნის პირმშოდ და ნებიერად ითვლებოდნენ, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების პირისპირ აღმოჩნდნენ.


2005 წელს მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა ამერიკული გაზეთების გამომცემელთა ასოციაციას გამოუცხადა, რომ დასრულდა დრო, როცა ინფორმაციის გავრცელებას რამდენიმე რედაქტორი აკონტროლებდა და მათი გადასაწყვეტი იყო, რა უნდა სცოდნოდათ ადამიანებს და რა - არა. მერდოკის თქმით, ადამიანები უკვე თავად ირჩევდნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას. მეტიც, მათ სურდათ აზრის გამოთქმა, დისკუსია, შეკითხვების დასმა.


მოკლედ, კომპიუტერის ეკრანის აუდიტორია არაფრით ჰგავდა ტელეეკრანის პასიურ აუდიტორიას, რომელსაც მეგავარსკვლავები მოძღვრავდნენ და რომელთა საღამოებსაც ტელეპროდიუსერები გეგმავდნენ.


სოციალურმა ქსელებმა მალე შესაძლებელი გახადა, მომხმარებელი თავად ქცეულიყო ავტორად, ბლოგერად, ინფლუენსერად, იუთუბერად; კომპიუტერის ეკრანთან ჯდომაც აღარ იყო საჭირო, რადგან ყველა პლატფორმა აპლიკაციად იქცა, მობილურ ტელეფონში მოიყარა თავი და და ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცა, თავად გამხდარიყო რეპორტიორი და „ლაივში“ ეწარმოებინა მოვლენების ტრანსლაცია.


დღეს ქვეყნის განვითარების მთავარ საზომად ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა სახელდება - რაც მეტია წვდომა, მით მაღალია ეკონომიკური განვითარება, მმართველობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა და რაც მთავარია, სოციალური ურთიერთობების ხარისხი.


კვლევები აჩვენებს, რომ ინტერნეტის მოხმარება მსოფლიოში, ბოლო 15 წელიწადში მკვეთრად გაიზარდა. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში მობილური ინტერნეტ-კავშირით 3 მილიონი მომხმარებელი სარგებლობდა. აქედან ახალი ამბების მისაღებად მობილურ ინტერნეტს მხოლოდ 55 პროცენტი იყენებდა, ანუ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება.


ინტერნეტის მოხმარების შედარებით დაბალ მაჩვენებელს მკვლევარები აპარატურისა და ინტერნეტის სიძვირით ხსნიან და ამას ციფრულ უთანასწორობასაც უწოდებენ, რაც ეკონომიკური და ინფორმაციული ჩამორჩენილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არის მიჩნეული. ამას ემატება რეგიონების მიხედვით ინტერნეტის მოხმარების უთანასწორო განაწილებაც.


ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ პრობლემებს ინტერნეტის მოხმარების არასათანადო უნარებისა და ცოდნის დეფიციტიც ემატება, ეს კი ფართო შესაძლებლობას ქმნის სხვადასხვა კიბერდანაშაულისა და საინფორმაციო მანიპულაციებისთვის.


დღეს უკვე ბუნებრივად მიიჩნევა მედიასაშუალებების მიერ სოციალური მედიების და სხვადასხვა ინტერნეტ-სერვისების გამოყენება, რაც აუდიტორიის წვდომასაც აფართოებს და აუდიტორიასთან ინტერაქციასაც ზრდის.


თუმცა, უნდა ითქვას, რომ სოციალური ქსელები, რომლებიც მომხმარებლის მეტად ინფორმირების და მეტი კომუნიკაციისათვის შეიქმნა, ხშირად ხდება დეზინფორმაციის, ფეიკის, ბულინგის და სხვა, გაცილებით საშიში დანაშაულების ჩადენის ინსტრუმენტი. ამ მხრივ, ყველაზე დაუცველი, ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნები არიან. კიბერსაფრთხეები საქართველოში მზარდია, რაზეც კიბერდანაშაულის სტატისტიკა მეტყველებს.


სოციალური მედიებიდან საქართველოში დღეს ყველაზე ფართოდ ფეისბუკი გამოიყენება. უთანასწორობა აქაც აშკარაა: შედარებით კარგად დაფინანსებული მედიებისთვის გაცილებით ადვილია გამართული და ძვირადღირებული ვებ-გვერდის შექმნა, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში საკუთარი პროდუქტის გავრცელება, ვიდრე მცირე ზომის მედიასაშუალებებისთვის.


რაც შეეხება ჩვენთვის ხელმისაწვდომ მონაცემებს, ქართული ტელემედიის ნაწილი მართლაც ეფექტურად იყენებს ინტერნეტმარკეტინგს და აქტიურად მუშაობს სოციალურ ქსელებში აუდიტორიის მოსაზიდად. იგივე სტატისტიკა გვეუბნება, რომ მატერიალურ და ტექნიკურ ბაზასთან ერთად, სოციალურ ქსელებში მნიშვნელოვანია ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიების გამოყენებაც.


ქართული ტელემედიის ერთი ნაწილის ფეისბუკ-ჩართულობა გასულ ერთ კვირაში



ამასთან, თუ ქართული მედიები სოციალურ სივრცეში მაინც შეძლებენ არაქართულენოვანი მოსახლეობის სეგმენტის ათვისებას, მაშინ მათი წვდომა და გავლენა მნიშვნელოვანად გაიზრდება. სამწუხაროდ, ამ სეგმენტზე საერთოეროვნული მედიასაშუალებები თითქმის არ მუშაობენ, რაც ართულებს საზოგადოების ამ ნაწილის ინტეგრაციას საინფორმაციო სივრცესა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.


როგორც კოვიდპანდემიისას ჩატარებულმა გლობალურმა კვლევებმა ცხადყო, სოციალური მედია, რომლის მომხმარებელიც ბოლო წლებში არნახული სისწრაფით იზრდება და ფართოვდება, დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებისგან არასათანადოდ იცავდა მომხმარებელს.


მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მეთოდები მთელ მსოფლიოში იდენტურია. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, რაც გულისხმობდა კომპანიების (გუგლი, ფეისბუკი, ტვიტერი) შესაბამისი ალგორითმების და ასევე, ევროკავშირის მიერ სპეციალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ კიბერსივრცე კვლავ სავსეა „კლავიატურის მეომრებით“ და ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, სადაც რუსული და არა მხოლოდ რუსული დეზინფორმაცია, ფეიკი, სიძულვილის ენის და არაეთიკური კონტენტის შემცველი ინფორმაცია ვირუსულად ვრცელდება და საზოგადოების პოლარიზებას და დაქსაქსვას უწყობს ხელს.


სამწუხაროდ, ქართული მედიასაშუალებების მხრიდან არაერთგზის დადასტურდა სოციალურ ქსელებში გადაუმოწმებელი კონტენტის გავრცელება-ტირაჟირება, რაც საზოგადოებაში ხშირად ხდება არაჯანსაღი შფოთის მიზეზი. ამის კარგი მაგალითია ე.წ. „ღრუბლების მხატვრის“ ამბავი, რომელიც ვირუსულად მოედო ჯერ სოციალურ ქსელს, შემდეგ კი - თბილისის მოსახლეობას.


და ბოლოს, ტრადიციული მედიიდან ციფრულ სამყაროში გადასვლისას ჟურნალისტებისთვის არაფერი შეცვლილა - პროფესიული და ეთიკური სტანდარტი კვლავ უცვლელია. სოციალურ მედიაში ქცევის წესები იმავე ეთიკურ და პროფესიულ პრინციპებს ეფუძნება, რომელსაც ზოგადად, ჟურნალისტური საქმიანობა.


შესაბამისად, თვითრეგულირებად მედიაგარემოში პასუხისმგებლიანი მედია და ჟურნალისტი სოციალურ ქსელებშიც უნდა ინარჩუნებდეს პროფესიული სტანდარტის ერთგულებას და ერიდებოდეს გადაუმოწმებელი, საეჭვო მასალის ტირაჟირებას.


ლელა კურდღელაშვილი
  • 0
  • 2760
0 Comments