წითელი ვერსია
  • 7
  • 5616

სოციალური მედია და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობა

03 მარტი 2024

სოციალური მედიის მოხმარების ზრდასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებმაც იმატა, განსაკუთრებით - მოზარდებში.


სილამაზის არარეალისტური სტანდარტები, ბულინგი, სექსუალური ძალადობა და კვებითი აშლილობა იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ახალგაზრდები სოციალურ მედიაში აწყდებიან. აღნიშნული პრობლემით აშშ-ის კონგრესი უკვე დიდი ხანია დაინტერესდა.


ერთი თვის წინ სენატის კომიტეტის წინაშე ჩვენება მისცეს „მეტას“, „ტიკ-ტოკის“, “X”-ის (ყოფილი „ტვიტერი“) და სოციალური მედიის სხვა კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა. გამოიკითხა „ფეისბუკის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგიც.


სხდომას, სადაც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკაზე სოციალური მედიის უარყოფითი გავლენები განიხილებოდა, ესწრებოდნენ ის მშობლები, რომელთა შვილებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. სენატის მოსმენაზე მყოფმა უფლებადამცველებმა სოცმედია-გიგანტების დირექტორები, პრობლემაზე არასათანადო რეაგირებაში დაადანაშაულეს.


ჟურნალ „ფორბსის“ ინფორმაციით, სოციალურ მედიაპლატფორმებს 13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 95% იყენებს. ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების საკითხი კი იმდენად მწვავედ დადგა, რომ აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ოპერაციულმა ხელმძღვანელმა, გამაფრთხილებელი წერილი გამოაქვეყნა.


ვივეკ მურთი მიმართავს პოლიტიკოსებს, ტექნოლოგიურ კომპანიებს, მკვლევარებს, მშობლებსა და ახალგაზრდებს - უკეთ შეისწავლონ სოციალური მედიის გამოყენების უარყოფითი გავლენები და მინიმუმამდე დაიყვანონ ამ პლატფორმებიდან ზიანის მიყენების რისკები.


„მშობლები ყველაზე ხშირად მეკითხებიან არის თუ არა სოციალური მედია უსაფრთხო მათი ბავშვებისთვის. ჩვენ კი არ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ეს უსაფრთხოა. თუმცა გვაქვს მზარდი რაოდენობის მტკიცებულებები, რომ სოციალური მედიის გამოყენება მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საზიანო ზეგავლენასთან ასოცირდება“, - აცხადებს აშშ-ის მთავარი ქირურგი.


სოციალურმა მედიაპლატფორმებმა პოპულარობა დროის მოკლე მონაკვეთში მოიპოვა. 2004 წელს შექმნილ „ფეისბუკს“ დღეს 2.9 მილიარდი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს, 2018 წლიდან გააქტიურებულ „ტიკ-ტოკს“ კი - 1.7 მილიარდი.


აშშ-ის მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიის უახლეს დასკვნაში ნათქვამია, რომ მოზარდების მიერ სოციალური მედიის აქტიური მოხმარების პარალელურად, ბოლო ათწლეულში გაიზარდა როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მაჩვენებელი, ისე სუიციდალური ფიქრები და სუიციდის შემთხვევებიც. მკვლევარების თქმით, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პრობლემა სოციალურ მედიასთან პირდაპირ კავშირშია.


ეჭვი კიდევ უფრო გაამძაფრა „ფეისბუკის“ მამხილებლის მიერ გავრცელებულმა დოკუმენტებმა, სადაც ნათქვამია, რომ სოციალური მედიაპლატფორმები აცნობიერებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებულ რისკებს და ამის მიუხედავად, განაგრძობენ საკუთარ პლატფორმებზე მეტი მომხმარებლის მოზიდვას.


მზარდი პრობლემის ფონზე, ნიუ-იორკის მერმა სოციალური მედიაპლატფორმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხედ გამოაცხადა. მეგაპოლისი სოციალურ ქსელებს, მათ შორის „ფეისბუკს“, „ინსტაგრამს“, „ტიკ-ტოკს“ და „იუთუბს“ სასამართლოში უჩივის.


სარჩელში ნათქვამია, რომ აღნიშნული პლატფორმები პასუხისმგებელი არიან ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, მათ შორის დეპრესიისა და სუიციდალური ფიქრების გახშირებაზე. სარჩელის თანახმად, ეს პრობლემა საჯარო სკოლებსა და ჯანდაცვის სისტემას მძიმე ტვირთად აწვება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოზარდების დასახმარებლად შექმნილი პროგრამები კი ქალაქს ყოველწლიურად 100 მილიონი დოლარი უჯდება.


„ბავშვები და მოზარდები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯებიან და დამნაშავე ისეთი კომპანიებია, როგორიც არის „მეტა“, - განაცხადა ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა.


სოციალურ მედიაპლატფორმებს აშშ-ის 40-ზე მეტი შტატიც უჩივის. მაგალითად, კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში შეტანილია 33 შტატის ერთობლივი სარჩელი, რომლის თანახმად, კომპანია „მეტა“, 13 წლამდე ბავშვების მონაცემებს, მშობლების თანხმობის გარეშე, რეგულარულად აგროვებს.


ფოტო forbes.com

მარიამ გიგანი
  • 7
  • 5616
0 Comments