წითელი ვერსია
  • 16
  • 5150

სხვის თვალში ლარსის მძებნელთა მწარე რეალობა

26 თებერვალი 2023

25 თებერვალს „მთავარმა არხმა“ თარგმნა და ეთერში გაუშვა NBC News-ის სიუჟეტი, რომელშიც საქართველო წარმოჩენილია, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი სანქცირებული პროდუქციის რუსეთში შესატანად.


ცალკე საუბრის თემაა, თეორიულად როგორ შეიძლება ამინდზე დამოკიდებული, მაღალმთიან უღელტეხილზე გამავალი ვიწრო საავტომობილო გზა ჩაითვალოს ტერიტორიით მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფოს მომარაგების წყაროდ, მაგრამ პრობლემა თვისობრივად სხვაა:


ან ჟურნალისტმა არ იცოდა თემა, რომელზეც მუშაობდა, ან განგებ დაამახინჯა ფაქტები.


NBC News-ის სიუჟეტში მოყვანილია სამი ფაქტი, რომლებზე დაყრდნობითაც ჟურნალისტს გამოაქვს დასკვნა, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება:


1. რუსეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ბევრი სატვირთო მანქანა დგას;


2. ერთ-ერთი მძღოლი ჟურნალისტს უდასტურებს, რომ თურქეთიდან რუსეთში მიაქვს ქსეროქსის პრინტერის მელანი;


3. ორი ამერიკული, RAM-ის ფირმის პიკაპი საზღვარზე, რომლებსაც სომეხი მძღოლები მოსკოვში უპირებენ ჩაყვანას;


ბოლო პერიოდში საქართველოში საავტომობილო ტვირთების ბრუნვა მართლაც გაიზარდა 17%-ით, თუმცა ამ ზრდის გარეშეც ცნობილია, რომ ლარსის გზა საკმაოდ ვიწრო, რთული და ამინდზე დამოკიდებულია.


რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე სატვირთო მანქანების კილომეტრიანი რიგები იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეც.


სწორედ გზის სირთულემ და მასზე მეზობელი სომხეთის ეკონომიკის დიდწილად დამოკიდებულებამ მიაღებინა საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილება, გვირაბების მშენებლობით გაეზარდა გზის გამტარუნარიანობა და არა ჩინეთთან და რუსეთთან საიდუმლო გარიგებამ, რის არადამაჯერებელ მინიშნებასაც ცდილობდა NBC-ის ჟურნალისტი.


ანომალიად ვერ ჩაითვლება ვერც თურქეთიდან რუსეთისკენ მიმავალი ტვირთებიც, რადგან თურქეთი თავად წყვეტს, მისი პროდუქცია რომელ ქვეყანაში შეიძლება გაიტანონ და თუ საქართველოს საბაჟო სისტემა არ დააფიქსირებს ტვირთის სახეობას, როგორც სანქცირებულს, ტვირთი შედის რუსეთში.


ლარსის საბაჟოზე დიდი ხნით დაყოვნებულ და თოვლით დაფარულ ორ ამერიკულ პიკაპს ფორმალურად ამერიკასთან აკავშირებს მხოლოდ ამერიკული მწარმოებელი ბრენდი. თუ ავტომობილები კეთილსინდისიერად შეიძინა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთმა იურიდიულმა პირმა (რასაც თავად NBC-იც ადასტურებს), რომელმაც სავარაუდოდ, ასევე გაყიდა ავტომობილი მაგალითად, სომხეთის მოქალაქეზე, რომელმაც თავის მხრივ მიჰყიდა ეს ავტომობილი სხვა პირს და საბუთებში დაფიქსირდა დაშვებული ღირებულება, მაშინ ასეთი ავტომობილს რეექსპორტის სახით შეუძლია საზღვრის კვეთა. ფორმალურად, არც საამიროებს და არც სომხეთს არ აქვთ ვალდებულება, არ გადაყიდონ ევროკავშირში ან აშშ-ში წარმოებული მანქანა და არცერთის საბაჟო არ არღვევს კანონს.


ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ საქართველოს საბაჟოს გაუჩნდა ეჭვი და მაინც არ გაატარა ავტომობილები, რაც ადასტურებს, რომ ქართული მხარე ზედმიწევნით ამოწმებს სისტემაში არსებული სანქცირებული საქონლის დეტალებს.


თუმცა, უდავოდ რთულია თითოეული პროდუქტის წინაისტორიის, ტრანსპორტირების მარშრუტების და მეპატრონეების მონაცვლეობის შესწავლა, მითუმეტეს, როცა პროდუქტი საქართველო-რუსეთის საზღვრამდე გადის მინიმუმ სამი სახელმწიფოს იურიდიულ პროცედურებს, და ხშირად იკარგება მნიშვნელოვანი დეტალები.


ეს სირთულე საქართველოს არ შეუქმნია. შექმნა ორმა მიზეზმა - სანქციებზე რუსეთის რეაგირების არასაკმარისმა გათვლამ და „ფულის შოვნის“ ელემენტარული სურვილის ფაქტორმა, რომელმაც მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი ჩართო რუსეთთან ალტერნატიული ვაჭრობის ათასობით სხვადასხვა სქემაში.


მაშ, რა მომენტში ჩათვალა NBC-ის ჟურნალისტმა საქართველო რუსეთის მხარდამჭერად?


რატომ არ იყო მოყვანილი დასტურად თუნდაც ერთი ანგარიშფაქტურა, რომელიც დარღვევას გამოააშკარავებდა?


სანქციებისგან თავის არიდების სქემებზე არაერთი გამოძიება და სტატია გამოქვეყნდა მსოფლიოს წამყვან გამოცემებში, მათ შორის „ნიუ-იორკ თაიმსში“, „ეკონომისტში“, ასევე BBC-ის ეთერში.


ამ მასალების გაცნობა საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ჟურნალისტს დაენახა რუსეთის სანქცირების ობიექტური პრობლემატურობის მასშტაბი.


ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა საიმისოდ, რომ მისთვის დაწესებული სანქციების კონტროლი განახორციელო.


რუსეთის საზღვარი მხოლოდ ყაზახეთთან 7.5 ათასი კილომეტრია, რუსულ-ჩინური საზღვარი - 4.1 ათასი, ხოლო რუსულ-მონღოლური - 3.4 ათასი კილომეტრი. ანუ მხოლოდ ამ სამ ქვეყანასთან არსებული საზღვრების საერთო ჯამი 15 000 კილომეტრს აღწევს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსები ამ მასშტაბის საზღვრების კონტროლისთვის.


აქ არ ითვლება რუსეთის საზღვაო საზღვრები, რომელთა სიგრძე 35 ათას კილომეტრამდეა და ასევე ვერ გაკონტროლდება რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერების მოძრაობა მომიჯნავე ზღვებში. მითუმეტეს, რომ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ გამოძიებებში ნახსენებია ამ ტანკერების მხრიდან გეოლოკაციების შეგნებულად გამორთვის ან არასწორი კოორდინატების მიწოდების შემთხვევებიც.


არავისთვის, მათ შორის არც NBC-სთვის არაა დამალული, რომ რუსეთი ხშირად მესამე ქვეყნის გამოყენებით ახერხებს ნავთობპროდუქტების არა მარტო გატანას, არამედ მათ შეტანას ევროკავშირის პორტებშიც. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჰოლანდია ან ესტონეთიც გარიგებულია მოსკოვთან? მაშინ რატომ უნდა დადანაშაულდეს საქართველო?


გეოგრაფიის მიღმა არსებობს გეოპოლიტიკაც. რუსეთი მეგობრობს არა მარტო ყაზახეთთან, ჩინეთთან და მონღოლეთთან, არამედ ჩრდილო კორეასთან, ბელარუსთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ეს ქვეყნები დაუფარავად არიან დაინტერესებული, ნახონ სარგებელი ახალი რეალობიდან და ამას დასავლეთი ჯერჯერობით ხელს ვერ უშლის.


სქემა მარტივია. რუსეთისთვის საჭირო პროდუქტს ყიდულობს არა რუსეთის მოქალაქე, შემდეგ აფორმებს ან ანბაჟებს მას თავის ქვეყანაში და გააქვს რუსეთში. რუსეთმა გაამარტივა საქონლის შესატანად საჭირო რეგულაციები და არ ითხოვს შემტანისგან შესატანი პროდუქტის მწარმოებლის თანხმობას რუსეთში იმპორტზე. ანუ, - თუ ჩინელმა, სომეხმა ან ყაზახმა მოქალაქემ თავისივე ქვეყანაში შეიძინა ნივთი, მის მესაკუთრედ ითვლება არა მწარმოებელი, არამედ ბოლო მეპატრონე, რომელიც თავის ნებით საზღვრავს და აფიქსირებს ნივთის ღირებულებას.


მაგალითად, არ არის გამორიცხული, იმავე RAM-ის ტიპის ორ ავტომობილზე მიწერილი იყოს არა რეალური საბაზრო ფასი, არამედ უფრო ნაკლები, რათა გადამყიდველი არ მოყვეს სანქცირებული ავტომობილების ნუსხაში და არ შეექმნას პრობლემები.


სანქციების პრობლემა არ მთავრდება მხოლოდ უკონტროლო საზღვრებით. რუსეთში რეგისტრირებული უცხოური კომპანიების მხოლოდ 10%-მა შეწყვიტა რეალური საქმიანობა რუსულ ბაზარზე. დანარჩენებმა, მათ შორის ევროპულმა და ამერიკულმა კომპანიებმა თავად მოძებნეს სანქციებისგან თავის დაღწევის ალტერნატიული გზები, შეცვალეს რუსეთისთვის განკუთვნილი პროდუქტის დასახელება, დააარსეს ფიქტიური კომპანიები, რომლებიც იურიდიულად გასუფთავებული დოკუმენტაციებით ამარაგებენ ამ ახალ ბრენდებს; გააქირავეს აქტივები ან შექმნეს ახალი ერთობლივი საწარმოები და ამ გზით გადაირჩინეს თავი, რადგან მათი პროდუქციის დიდი წილის რეალიზაცია სწორედ რუსულ ბაზარზე ხდებოდა, რისი შეჩერებაც ჩამოშლიდა და გააკოტრებდა ასობით დასავლურ კომპანიას.


ასეთი ფაქტების შესახებ შესახებ ცნობილია როგორც დასავლეთში, ასევე მთელ მსოფლიოში. ამ ფონზე NBC-ის სიუჟეტი უფრო მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ჰგავს, ვიდრე უცოდინრობას.


დავით კობახიძე
  • 16
  • 5150
0 Comments