წითელი ვერსია
  • 0
  • 2507

სიუჟეტი, რომელმაც, შესაძლოა, ბულინგი და ძალადობა წაახალისოს

10 ნოემბერი 2021

„ციხის მოძალადე შეფი - ვინ სცემა სააკაშვილი?“ - ამგვარად დასათაურებული სიუჟეტი იხილა მაყურებელმა 9 ნოემბერს, ტელეკომპანია „პირველის“ შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც იდენტიფიცირებული იყო ექსპრეზიდენტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დადანაშაულებული პირის შვილი და მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი.


საუბარია პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილე გოგა ორდენიძეზე, რომელიც, „პირველების“ ინფორმაციით, „ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ფიზიკურად გაუსწორდა“, თუმცა ამის დასადასტურებლად ჟურნალისტებს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.


მედიის ერთადერთი წყარო ამ შემთხვევაში თავად მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი იყო, სადაც პიროვნების გვარი არ არის დაკონკრეტებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, „პირველები“ მაყურებელს უმტკიცებდნენ, რომ ორდენიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქრთამის აღების გამო იხდიდა სასჯელს, მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა, რაც შურისძიების მოტივით იყო განპირობებული.


სიუჟეტში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჟურნალისტის მცდელობა დაუკავშირდეს გოგა ორდენიძეს, რომელსაც ამ მიზნით სახლში აკითხავს. ამ დროს იგი ასახელებს თბილისის რაიონსა და ქუჩას, სადაც ორდენიძეები ცხოვრობენ;


კადრებში ასევე გარკვევით ჩანს კონკრეტული საცხოვრებელი კორპუსი, ბინის კარი და ნომერი, ბოლოს კი მაყურებელი კადრებში ასევე ხედავს ორდენიძის შვილს, რომელიც კარს უღებს ჟურნალისტს და პასუხობს მის შეკითხვებს.


აღნიშნულმა ეპიზოდმა, სადაც რესპონდენტი ყოველგვარი ვიზუალური დაფარვის გარეშე იქნა წარმოდგენილი და იდენტიფიცირებული, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პიროვნებას, რომელიც, სავარაუდოდ, სრულწლოვანიც კი არ არის. გარდა ამისა, პრობლემატურია ჟურნალისტის არაეთიკური ტონი და დამოკიდებულებაც, რომელიც გოგონას ეკითხება - ნასამართლევია თუ არა მამამისი, თუმცა მას, როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, სრული ინფორმაცია აქვს გოგა ორდენიძის ნასამართლობისა და ბრალის შესახებ და ისიც კი იცის, რამდენი წელი გაატარა ორდენიძემ ციხეში.


ცნობისთვის: სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, რამდენიმე წუთით ადრე, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გოგა ორდენიძეს „ჯალათი“ უწოდა და საჯაროდ განაცხადა, რომ „მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა უნდა იცოდნენ, რომ მამა ჰყავს ჯალათი“.


ეს განცხადება, რომელიც არღვევდა ბავშვთა უფლებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციას, იმავე დღეს გააკრიტიკა სახალხო დამცველმა, როგორც ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის საფრთხის შემცველი.


სახალხო დამცველმა ასევე მოუწოდა საჯარო პირებსა და პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ბავშვის მიმართ ძალადობის, ბულინგისა თუ სხვა ქმედების წახალისება და აღნიშნა, რომ „დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება“.


სამწუხაროდ, ტვ „პირველის“ სიუჟეტში მედია, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების დამკვიდრებას, ამ შემთხვევაში თავად მოგვევლინა ბულინგის ინსტრუმენტად: გარდა იმისა, რომ ჟურნალისტებმა ყოველგვარი მოკვლევის გარეშე გაიზიარეს პოლიტიკოსების მიერ გაჟღერებული ბრალდება, მედიამ საზოგადოებას ასევე აჩვენა თუ სად ცხოვრობს ძალადობაში დადანაშაულებული პირი და როგორ გამოიყურება მისი შვილი, რამაც შესაძლოა ამ უკანასკნელს პირდაპირი საფრთხეც კი შეუქმნას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ექსპრეზიდენტის მომხრეთა შორის აშკარად შეინიშნება აგრესიული განწყობა გოგა ორდენიძის მიმართ.


/ფოტო: istockphoto.com/


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 2507
0 Comments