წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 2135

საზოგადოებრივი მედიის მომავალი აშშ-ში

22 იანვარი 2026

58-წლიანი მუშაობის შემდეგ აშშ-ში არსებობას წყვეტს საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია (CPB) - კერძო ორგანიზაცია, რომელიც ამერიკული საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის ფედერალურ დაფინანსებას ანაწილებდა.


საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციის მმართველმა საბჭომ ორგანიზაციის დაშლას მხარი 5 იანვარს დაუჭირა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კორპორაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა. დაფინანსების შეწყვეტის საკითხი კონგრესმა 2025 წლის ზაფხულში დაამტკიცა. ივლისში მიღებული საკანონმდებლო პაკეტით CPB-ისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში გათვალისწინებული 1,1 მილიარდი დოლარის დაფინანსება გაუქმდა.


ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში CPB არსებობდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ამერიკელს - განურჩევლად გეოგრაფიის, შემოსავლის ან წარმომავლობისა, ჰქონოდა წვდომა სანდო ახალ ამბებზე, საგანმანათლებლო გადაცემებზე და ადგილობრივ სიახლეებზე. როდესაც ადმინისტრაციამ და კონგრესმა გააუქმეს ფედერალური დაფინანსება, ჩვენი საბჭო სერიოზული პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდა“, - განაცხადა CPB-ის პრეზიდენტმა პატრიცია ჰარისონმა.


საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციაში ორგანიზაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის საზოგადოებრივი მედიისთვის გამანადგურებელს უწოდებენ, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ არჩევნების შემდეგ, კონგრესში ძალთა ბალანსის შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანაში აღდგება საზოგადოებრივი მედიის მუშაობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის.


საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია - კერძო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1967 წელს კონგრესის მიერ მიღებული საზოგადოებრივი მაუწყებლობის აქტის ფარგლებში შეიქმნა. ის მხარს უჭერდა აშშ-ის ფარგლებში 1500-ზე მეტი საზოგადოებრივი რადიო და ტელესადგურის მუშაობას, მათ შორისაა საზოგადოებრივი სამაუწყებლო სამსახური PBS და ეროვნული საზოგადოებრვი რადიო NPR.


5 იანვრის გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. დახურვის შესახებ ინფორმაცია CPB- ჯერ კიდევ ზაფხულში დააანონსა, როგორც კი კონგრესმა, რომლის ორივე პალატაში უმრავლესობას დონალდ ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელები ფლობენ, მხარი დაუჭირა კორპორაციისთვის დაფინანსების შეწყვეტას.


მედია დონალდ ტრამპის სამიზნე პრეზიდენტობის მეორე ვადის დასაწყისშივე გახდა. ის მწვავედ აკრიტიკებდა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციას, ისე NPR-სა და PBS-. აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნულ ორგანიზაციებს მიმდინარე მოვლენების უსამართლო, არაზუსტ და მიკერძოებულ გაშუქებაში ადანაშაულებდა. კრიტიკა მალე მოქმედებაში გადაიყვანა და პირველ მაისს მედიასაშუალებებისთვის დაფინანსების შეწყვეტის განკარგულებაც გამოსცა.


ამ გარემოში მთავრობის მიერ საინფორმაციო მედიასაშუალებების დაფინანსება არა მხოლოდ მოძველებული და ზედმეტია, არამედ ჟურნალისტური დამოუკიდებლობის იერსახისთვის დამაზიანებელიც არის. სულ მცირე, ამერიკელებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ მოლოდინი, რომ თუ მათი გადასახადებით ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლობა, დაფინანსდეს მხოლოდ სამართლიანი, ზუსტი, მიუკერძოებელი და პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებელი ინფორმაციის გაშუქება, - აღნიშნული იყო დონალდ ტრამპის განკარგულებაში.


CPB-ის დახურვის შემდეგ ჩნდება მთავარი კითხვა - რა ბედი ელის საზოგადოებრივ მაუწყებლებს, კერძოდ PBS-სა და NPR-?


ორივე მედიასაშუალებამ თავიდანვე განაცხადა, რომ ფედერალური ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მუშაობა გაუჭირდებათ, თუმცა ორივე ორგანიზაცია დებს პირობას, რომ ამერიკელი ხალხის სამსახურში ყოფნას გააგრძელებს.


„PBS რჩება მტკიცე და ძლიერი. ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციის მემკვიდრეობის ერთგულ გამგრძელებლად. ამერიკელ ხალხს ჩვენს სამსახურს კვლავ შევუნარჩუნებთ“, - ნათქვამია PBS-ის მიერ 7 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.


ანალოგიური პოზიცია აქვს NPR-ის მენეჯმენტს.


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო არსებული სტრუქტურები შესაძლოა იცვლებოდეს, საზოგადოებრივი მედია ყოველთვის საჭირო, მნიშვნელოვანი და ღირებულია. ჩვენი ვალდებულება, ვემსახუროთ საზოგადოებას თავისუფალი, სანდო და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკით, ურყევია... გავაგრძელებთ ამ საქმეს მტკიცედ და შემოქმედებით, საზოგადოების იმ ნდობით გაძლიერებულები, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა”, - აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს განცხადებაში.


საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციიდან მიღებული თანხები NPR-ისა და PBS-ისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მათ ჰქონდათ დაფინანსების სხვა წყაროებიც. ახლა მედიაორგანიზაციებს ფინანსების მოსაპოვებლად დამატებითი საშუალებების ძებნა მოუწევთ, რათა მიმდინარე წლიდან მრავალმილიონიანი დანაკლისი შეავსონ.


ზოგიერთი პროგრამისთვის გამოსავალი უკვე ნაპოვნია. მაგალითად, ლეგენდარულმა საბავშვო საგანმანათლებლო გადაცემამ Sesame street (სეზამის ქუჩა), რომელიც PBS-ის ეთერში 1969 წლიდან გადის, Netflix-თან თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა და ნოემბრიდან აღნიშნულ პლატფორმაზეცაა ხელმისაწვდომი.


უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან მცირე ზომის, ლოკალური საზოგადოებრივი რადიო და ტელესადგურები, რომელთა დაფინანსებაც, ძირითადად, CPB-ზე და, შესაბამისად, ფედერალურ ბიუჯეტზე იყო დამოკიდებული.


ქეთი ჩოხელი
  • 0
  • 2135
0 Comments