წითელი ვერსია
  • 12
  • 12196

სანქციების საკითხის მანიპულაციური გაშუქება „ფორმულაზე“

27 ივლისი 2023

„უდავოდ შესაძლებელია, რუსეთ-საქართველოს შორის აღდგენილი ავიამიმოსვლა დაეხმაროს პუტინს სანქციებიდან თავის არიდებაში - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ოფისის ხელმძღვანელმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. გვინდა დავრწმუნდეთ, რა იტვირთება თვითმფრინავებში, როცა ისინი რუსეთში ბრუნდებიან - თქვა ჯიმ ობრაიენმა, როცა მას სენატორმა ჯინ შაჰინმა სთხოვა, მიეწოდებინა განახლებული ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კუთხით.“


- ასე წარადგინა 27 ივლისს, „ფორმულას“ 17.00-საათიანი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა სიუჟეტი აშშ-ის სენატში გამართული მოსმენის შესახებ.


მაყურებელმა ნახა სენატში გამართული მოსმენის კადრები, დაინახა სენატორი ჯინ შაჰინიც და ჯიმ ობრაიენიც, თუმცა არ მოუსმენია, რა თქვეს მათ სინამდვილეში.


სიუჟეტის მეორე ნაწილში კი, „ფორმულას“ ინტერპრეტაციით თარგმნილ და ჯიმ ობრაიენის სიტყვებად გასაღებულ ვერსიაზე, ოპოზიციის კომენტარები შემოგვთავაზეს.


თინათინ ბოკუჩავა: "მან პირდაპირ ისაუბრა ეკონომიკურ ინტერესებზე, რომლებიც დგას დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების უკან, მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულება და შესაბამისად, ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია, რაც, როგორც ევროპარლამენტმა განმარტა, ნიშნავს დებიძინიზაციას, განაპირობებს არა მხოლოდ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს, არამედ მიიღებს თუ არა საქართველო დახმარებას აშშ-დან".


რა შუაში იყო ეკონომიკური ინტერესები ან დეოლიგარქიზაცია, ან კანდიდატის სტატუსი „ფორმულას“ სიუჟეტის თემასთან, გაურკვეველი დარჩა.


სალომე სამადაშვილი: "ნდობა იმის, რომ შესაბამისი ზედამხედველობის და თანამშრომლობის გარეშე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ დაეხმარება რუსეთს, არ არსებობს და სწორედ ამიტომ თვლიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები აუცილებლად, რომ მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა ჰქონდეთ ამ მიმართულებით და დააკვირდნენ, როგორ მიმდინარეობს პროცესი. შეშფოთება ცხადია არსებობს, ამის დადასტურებაა ისიც, რაც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ სენატში".


გთავაზობთ სენატში გამართული განხილვის იმ მონაკვეთს, რომელიც „ფორმულას“ რესპონდენტებს, სავარაუდოდ, არ მოუსმენიათ და რომლის ავთენტური თარგმანის მოსმენაც შესაძლებელია „ამერიკის ხმის“ ბმულზე:


ჯინ შაჰინი: ახლახანს იყავით თბილისში სანქციების აღსრულების შესასწავლად, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ განახლებული ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში რუსეთზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით?


ჯიმ ობრაიენი: თბილისში კოლეგებთან ერთად ვიყავი ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ასე რომ, წარმოდგენილი ვიყავით როგორც ერთიანი ფრონტი. ვფიქრობ, არის ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა.


ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე, იქნება ეს აეროდრომების, თუ სახმელეთო საგზაო საზღვრებზე. ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა, უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით.


ჯინ შაჰინი: გვაშფოთებს თუ არა, რომ ფრენების განახლება სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობას დაეხმარება?


ჯიმ ობრაიენი: არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ შესაძლებელია, ასე რომ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით, რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი უკან რუსეთში ბრუნდება.


ამ დიალოგიდან ცხადია, რომ სენატორის პირველ შეკითხვაზე პასუხისას ჯიმ ობრაიენი არსად არ ამბობს ფრაზას - „უდავოდ შესაძლებელია, რუსეთ-საქართველოს შორის აღდგენილი ავიამიმოსვლა დაეხმაროს პუტინს სანქციებიდან თავის არიდებაში“.


ანუ, „ფორმულამ“ ობრაიენის პასუხი არაზუსტად, საკუთარი ინტერპრეტაციით გააშუქა და ასევე, მიჩქმალა დიალოგის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები.


სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია საქართველოს საბაჟო სამსახურების რეალური ნაბიჯებით და მათ მოიხსენიებს „კარგ პარტნიორებად გამჭვირვალობის კუთხით“.


სხვათაშორის, „ფორმულას“ სიუჟეტის მესამე რესპონდენტი ბექა ლილუაშვილი („საქართველოსთვის“) კომენტარში აკრიტიკებდა საბაჟოს ოფიცრებს და შესაძლოა, არც მან იცოდა სენატის მოსმენის ამ მონაკვეთის რეალური შინაარსი.


რაც შეეხება ჯინ შაჰინის მეორე კითხვას, ობრაიენი არ მიიჩნევს ფრენების აღდგენას შემაშფოთებლად, თუმცა თეორიულად უშვებს სანქციებზე თავის არიდების მცდელობის პერსპექტივას და ამიტომ თვლის, რომ სანქციების ოფისს სჭირდება ინფორმაცია.


ამავე თემას შეეხო მისი (პირველ კითხვაზე გაცემულ პასუხში) ნათქვამი ფრაზა - „ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით“. ანუ, სანქციებისგან თავის არიდების მცდელობები არალეგალურ ბიზნესში ჩართულ პირებს მომავალშიც ექნებათ, ისინი გააგრძელებენ ახალი გზების ძიებას და ჩვენც გავაგრძელებთ ახალ გამოწვევებთან ბრძოლას და ამიტომ, მზად ვართ ტექნიკურადაც დავეხმაროთ საქართველოსო.


ობრაიენის პასუხებიდან აზრის გამოტანა რთული არ არის. თუმცა, როცა სარედაქციო ჯგუფი შინაარსიდან აზრის გამოტანის დაუძლეველ პრობლემას ეჯახება, აპრობირებული პრაქტიკაა არა თვითშემოქმედება და გაყალბება, არამედ ავტორის სიტყვების ზუსტი თარგმანის გაშვება, რათა დასკვნები თავად მაყურებელმა გამოიტანოს.


დავით კობახიძე
  • 12
  • 12196
0 Comments