წითელი ვერსია
  • 5
  • 5057

სანქციები - რა უნდა ვიცოდეთ

20 აპრილი 2022

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. თავის მხრივ, რუსეთს სანქციები დაუწესეს ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმაც: აშშ-მა, იაპონიამ, კანადამ, ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, ახალმა ზელანდიამ, ტაივანმა.


დღეს უკვე ძალაშია შესული სანქციების მე-5 პაკეტი და ცნობილია, რომ ევროკავშირი ამზადებს სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეეხება.


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკის დასუსტებაა, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს საგარეო ვაჭრობიდან მიღებული თანხებით შეიარაღების წარმოება და საომარი მოქმედებების დაფინანსება. ამასთან, რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა არ უნდა დააზარალოს თავად ეს ქვეყნები და მათი ეკონომიკა.


სანქციებზე საუბრისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ თებერვლიდან დღემდე რუსეთისათვის დაწესებული სანქციები საკმაოდ დეტალიზებული, ეტაპობრივად მიმდინარე პროცესია და არა ერთჯერადი, მარტივი ემბარგოს აქტი.


თავის მხრივ, არსებობს ორმხრივი სანქციების რეჟიმიც, რაც ცალკეული ქვეყნების მხრიდან რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას გულისხმობს. მაგალითად, ტაივანის განაცხადი, შეუერთდეს სანქციებს, სავარაუდოდ, რუსეთისთვის ნახევარგამტარული ჩიპების მიწოდების შეზღუდვას ითვალისწინებს (ქვეყანას არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის სანქციებზეა საუბარი).


საქართველოში სანქციების თემა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან პოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი გახდა, რაც უშუალოდ დაუკავშირდა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.


არაჯანსაღი აჟიოტაჟისთვის ნიადაგი შექმნა პოლიტიკოსების მიერ სანქციების შესახებ გაკეთებულმა ბუნდოვანმა განცხადებებმა და ასევე, დაუსაბუთებელი ვერსიების ფართოდ ტირაჟირებამ მედიაში.


უნდა აიკრძალოს თუ არა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა?


სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის, თავად ქვეყნების გადასაწყვეტია. დღემდე არცერთ ქვეყანას სრულად არ შეუზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლა და არ დაუწესებია მათთვის ფინანსური აკრძალვები.


ამჟამინდელი სანქციები პერსონალურია და ის რუსულ პოლიტიკურ ელიტას, დიპკორპუსს და რუსი ოლიგარქების ნაწილს შეეხება. მეტიც, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არ უკრძალავს ინდივიდუალურ პირებს და კერძო კომპანიებს, 100 ათას ევროზე ნაკლები თანხის ინვესტირებას უცხო ქვეყანაში.


ამდენად, არასწორია სანქციების დარღვევად ჩაითვალოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა და მათ მიერ მცირე ბიზნესსაწარმოების დაფუძნებაზე განაცხადის გაკეთება.


მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილისათვის დღემდე გაუგებარია, რატომ დაუშვა საქართველომ რუსეთიდან ათასობით ადამიანის შემოსვლა; რატომ მიეცათ მათ უფლება, დაარეგისტრირონ კომპანიები, - ამ კითხვებზე ნათელი და ამომწურავი პასუხი მედიამ დღემდე ვერ შესთავაზა საზოგადოებას.


სანქციები ფინანსურ, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სექტორში


რუსული ფინანსური სექტორისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რუსულ საბანკო სფეროს მთლიანად არ შეხებია. ის კონკრეტულად იმ ბანკებს დაუწესდა, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო საწარმოებს აფინანსებენ. სანქციების შედეგად ნაწილობრივ შეიზღუდა ფინანსური გადარიცხვები. ასევე, რუსულ კომპანიებს აეკრძალათ ევროკავშირში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და კრიპტოვალუტით ოპერირება.


სანქცირებული რუსული ბანკებიდან საქართველოში მხოლოდ „ვითიბი“ ბანკი ოპერირებს. შესაბამისად, „ვითიბის“ საქმიანობა საქართველოშიც შეიზღუდა.


რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, მათი ნაწილი, რუსეთიდან ევროპის და ამერიკის ბაზრებზე ისეთი საქონლის შეტანას კრძალავს, როგორიცაა ხე-ტყე, ცემენტი, სპირტიანი სასმელები, ხიზილალა, კაუჩუკი, ძვირფასი ქვები და ა.შ.


სანქციები შეეხო რუსეთში ევროპული პროდუქციის შეტანასაც. ძირითადად ეს ქიმიური ნაწარმი, საწარმოო რობოტები, ტექნიკა და საავიაციო ბენზინია, ანუ საქონელი, რომელიც რუსეთის საწარმოო პოტენციალის გაზრდას შეიძლება მოხმარდეს.


ცალკე და ყველაზე რთული თემაა ენერგეტიკა. უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ აგვისტოსთვის ევროპა სრულად იტყვის უარს რუსულ ქვანახშირზე. ჯერჯერობით კვლავ განხილვის სტადიაზეა ნავთობპროდუქტების აკრძალვის საკითხი. რამდენადაც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი უარს ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალოს.


რაც შეეხება რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმას, როგორც ჩანს, ამ საკითხის გადაწყვეტას წლები დასჭირდება, თუმცა, ფაქტია, რომ სწორედ რუსული გაზი განაპირობებს რუსეთის ეკონომიკის მდგრადობას.


დღეს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ერთი ნაწილი რუსული კომპანიების მართვის ქვეშაა. ასევე, რუსეთის მოქალაქეების და კომპანიების საკუთრებაშია: ბენზინგასამართი ქსელების ნაწილი, მადნეულის მომპოვებელ-გადამამუშავებელი საწარმოების, ინდუსტრიული საწარმოების ნაწილი, კომპანიები აგრო, ტურისტულ და საკომუნიკაციო სფეროში. მთლიანობაში, ქვეყანაში 7 000-ზე მეტი რუსული კომპანიაა რეგისტრირებული.


გარდა ამისა, დღემდე საქართველოში ფულადი გზავნილების მხრივ, რუსეთი მეორე ადგილს იკავებს. საქართველოს მხრიდან რუსული გზავნილების აკრძალვა ნიშნავს, რომ პრობლემა შეექმნება არაერთ ქართულ ოჯახს.


ინვესტიციების გარდა, საქართველო რუსეთიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის იმპორტსაც ახორციელებს: ნავთობპროდუქტები, გაზი, ხორბალი, ზეთი, რძის ნაწარმი და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი პროდუქტის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან არ ხდება, თუმცა, რუსეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორისაა.


ამჟამად საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე გადის აგროპროდუქტები, მინერალური წყლები, ღვინო, ფეროშენადნობი მასალები. ბოლო მონაცემებით, რუსეთში გატანილი ქართული პროდუქტი მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 9,4 პროცენტია.


აგრო და საკვები პროდუქტის რუსეთში შეტანა დღემდე არცერთ სახელმწიფოს არ აუკრძალავს, თუმცა არიან კომპანიები, რომლებმაც თავად გადაწყვიტეს რუსული ბაზრის დატოვება.


საქართველოს მსგავსად, რუსეთთან ორმხრივი ფინანსური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და სავაჭრო ურთიერთობები აქვს მსოფლიოს ყველა ეკონომიკას.


შესაბამისად, დღეს სახელმწიფოები ძალიან ფრთხილად ეკიდებიან რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესების საკითხს და მხოლოდ სკრუპულოზური განხილვების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს.


შავი ხვრელების ძიებაში


ქართული მედიის ნაწილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მაშინ, როცა მსოფლიომ რუსეთს ზურგი აქცია, საქართველო რუსეთის საკვებით მომარაგებას განაგრძობს.


„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, რომელმაც ამ თემაზე მოკვლევა აწარმოა, ამტკიცებს, რომ საქართველოს რუსეთში კიტრი და პომიდორი ფარულად, სანქციების გვერდის ავლით შეაქვს. სიუჟეტის ავტორის წყარო ე.წ. დეზერტირების ბაზრის „გარემოვაჭრეები“ (ალბათ უფრო მტვირთავები) არიან.


კიდევ უფრო გაუგებარია პარლამენტის ერთ-ერთი წევრის მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტია უნიტაზი, რომელიც სანქცირებული პროდუქტია და რომლის შეტანაც რუსეთს ჩინეთიდან ძვირი უჯდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ეს პროდუქტი ვინმე ბიზნესმენმა უცხოეთში შეიძინოს და საქართველოს გავლით რუსეთში შეიტანოს, - ასეთი განცხადებების უპირობო ტირაჟირება უფრო მეტად აბნევს საზოგადოებას.


საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადების შემდეგ, რომ საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს, მედიის ერთმა ნაწილმა რუსეთში ექსპორტის თემა იმპორტით შეცვალა და ქართულ მხარეს ახლა რუსეთიდან „აკრძალული“ პროდუქციის შემოტანაში დასდო ბრალი.


ბათუმის პორტში რუსული დროშა ფრიალებს! - სიუჟეტის ასეთი „სკანდალური“ დასაწყისი მხოლოდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს: - ბათუმის პორტი ოკუპანტების ხელშია გადასული.


სინამდვილეში, როგორც ირკვევა, რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დგას ბათუმის პორტის ერთ-ერთ ტერმინალში, რაც სრულიად განსხვავებული ამბავია.


სიზუსტე, რაც ჟურნალისტიკაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ნათლად წარმოჩენას გულისხმობს, აღნიშნულ სიუჟეტში უგულებელყოფილია. პროფესიული სტანდარტის დარღვევამ და ფაქტების დაუსაბუთებელმა ინტერპრეტაციამ კი, საბოლოოდ, არასწორი ამბავი შექმნა.


ტვ „პირველის“ ჟურნალისტი ხაზგასმით და არაერთხელ მიუთითებდა, რომ ნავთობპროდუქტებით დატვირთული ტანკერი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ტერმინალში 8 აპრილს შევიდა, არღვევდა ევროკავშირის და აშშ-ის მიერ 8 აპრილს დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტს, რომელიც რუსული ნავთობის შეძენას კრძალავს.


ეკონომიკის სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში განმარტა, რომ „ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისათვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, ითვალისწინებს გამონაკლისებს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საკვების პროდუქტებზე, ასევე ჰუმანიტარული დახმარების მიმართ. შესაბამისად, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები დღემდე არსებობს.“


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციას ადასტურებს ევროსაბჭოს ოფიციალური განცხადებაც, სადაც დეტალურადაა გაწერილი ახალი პაკეტის შინაარსი.


კიდევ ერთ უზუსტობა, რაზეც სამინისტრო მიუთითებს, ტანკერის პორტში შესვლის თარიღს უკავშირდება. ტანკერი Loyalty, რომელმაც ქვეყანაში დიზელის საწვავი შემოიტანა, ბათუმის პორტში ჯერ კიდევ სანქციების ახალი პაკეტის შემოღებამდე, 7 აპრილს შევიდა, ნაცვლად ჟურნალისტის მიერ დასახელებული 8 აპრილისა.


აღნიშნული მაგალითები იმაზე მეტყველებს, რომ მედიის ნაწილს საკმაოდ ზერელე წარმოდგენა აქვს დღეს მოქმედ სანქციებსა და მათ შინაარსზე, რაც აადვილებს საინფორმაციო სივრცეში სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას.



ფოტო Financial Times


ლელა კურდღელაშვილი
  • 5
  • 5057
0 Comments