წითელი ვერსია
  • 11
  • 7676

საით მიდის ტაკერ კარლსონი და ამერიკული მედია?

29 აპრილი 2023

24 აპრილი ამერიკული მედიისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების დღე აღმოჩნდა.


ამ დღეს „ფოქს ნიუსმა“-მა განაცხადა, რომ არხის სუპერპოპულარული კომენტატორი და ზოგადად, ბოლო პერიოდის ყველაზე რეიტინგული ამერიკელი ტელეწამყვანი ტაკერ კარლსონი გადაცემას აღარ გაუძღვება.


„ტაკერ კარლსონის წასვლა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა“ - ამ სიტყვებით „აგვიხსნა“ „ფოქსმა“ კარლსონთან თანამშრომლობის დასრულება, თუმცა ეს ფორმულირება არაფერს გვეუბნება თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზის შესახებ;


მითუმეტეს, რომ ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „ფოქსის“ აქციების ფასი მკვეთრად დაეცა და კორპორაციამ ასობით მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.


ბუნებრივია, „ფოქსის“ და უშუალოდ ტაკერ კარლსონის აუდიტორიისთვის ფავორიტი სატელევიზიო სახის წასვლა შოკი აღმოჩნდა, რაც სავარაუდოდ აისახა კიდეც კომპანიის აქციებზე; მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დღეს, პირველი შოკიდან ერთი კვირის შემდეგ ამერიკელებმა კვლავ არ იციან ზუსტი მიზეზი, რის გამოც კარლსონის და „ფოქსის“ გზები გაიყარა.


ყველაფერი, რაც გასული კვირის განმავლობაში ამ თემაზე ამერიკულ მედიაში ითქვა ან დაიწერა, არის მხოლოდ ვერსია ან ვერსიების ჩამონათვალი, რასაც შესაძლოა ცოტა რამ ჰქონდეს საერთო რეალობასთან ან საერთოდ არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს;


ყველაზე ხშირად, კარლსონის წასვლას უკავშირებენ სასამართლო დავას „ფოქს ნიუსსა“ და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის მწარმოებელ კომპანია „დომინიონს“ შორის, რომელიც ახლახანს მორიგებით დასრულდა და ამ მორიგების საფუძველზე, „ფოქსმა“ „დომინიონის“ სასარგებლოდ 787 მილიონი დოლარის გადახდა იკისრა.


დავა ეხებოდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებისას „ფოქსის“ ეთერში გაჟღერებულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ „დომინიონის“ აპარატები ტრამპის წინააღმდეგ იყო დაპროგრამებული და შესაბამისად, ეს კომპანია ჯო ბაიდენის სასარგებლოდ არჩევნებს აყალბებდა.


ეს ბრალდება საკუთარ გადაცემაში არაერთხელ გააჟღერა თავად ტაკერ კარლსონმაც, თუმცა ამერიკული მედიის ცნობით, საქმის მსვლელობისას გასაჯაროებულ შიდაკორპორატიულ მიმოწერაში იგი ამ ბრალდებას თავად არ ეთანხმებოდა და „აბსურდს“ უწოდებდა.


შესაძლებელია თუ არა აღნიშნული გამოძიება და მის ფარგლებში გავრცელებული წინააღმდეგობრივი ინფორმაცია გამხდარიყო კარლსონთან დამშვიდობების მიზეზი?


ალბათ, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე დამაჯერებელი და ლოგიკურია.


კარლსონის წასვლას უკავშირებენ კიდევ ერთ სასამართლო პროცესს, რომლის შესახებ საზოგადოებამ ნაკლებად იცის. 20 მარტს „ფოქსის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა არხის ერთ-ერთმა ყოფილმა პროდიუსერმა ები გროსბერგმა (Abby Grossberg), რომელიც კომპანიას და პირადად ტაკერ კარლსონს სექსისტური და აგრესიული სამუშაო ატმოსფეროს შექმნაში ადანაშაულებს.


შესაძლებელია თუ არა „ფოქსის“ გადაწყვეტილება კავშირში იყოს გროსბერგის საქმესთან?


მოგვიწევს ისევ გავიმეოროთ, რომ გამორიცხული არ არის (მითუმეტეს, რომ სწორედ 24 აპრილს, ანალოგიური ბრალდებების ფონზე განვითარებული სკანდალის გამო “ფოქსის“ მთავარი კონკურენტი „სიენენი“ ასევე რეიტინგულ ტელეწამყვანს, დონ ლემონს დაემშვიდობა);


თუმცა „დომინიონის“ საქმის მსგავსად, ეს ვერსიაც ბოლომდე დამაჯერებლად არ ჟღერს, რადგან აქაც საქმე გვაქვს არა მხოლოდ კონკრეტულად კარლსონის, არამედ მთლიანად „ფოქსის“ წინააღმდეგ მიმდინარე დავასთან და შესაბამისად, გაუგებარია, რამდენად დაკმაყოფილდებიან მოსარჩელეები საქმის ერთ-ერთი (თუნდაც ყველაზე პოპულარული) ფიგურანტის „ფოქსიდან“ ჩამოშორებით.


კარლსონის წასვლის კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზად ასახელებენ „კორპორატიულ შეთქმულებას“ ჟურნალისტის წინააღმდეგ, რომელიც, რაღაც მომენტში მიუღებელი გახდა არა მხოლოდ დემოკრატების, არამედ, შესაძლოა ასევე რესპუბლიკური პარტიის ელიტებისა და სპონსორებისთვისაც.


ამ ვერსიის ავტორები „ფოქსის“ მფლობელ რუპერტ მერდოკზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მედიამაგნატმა წამყვანი უბრალოდ „თავიდან მოიშორა“, რადგან იგი „ზედმეტად ტოქსიკური“ გახდა.


რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ვერსიის შესახებ?


ტაკერ კარლსონი უდავოდ წინააღმდეგობრივი ფიგურაა და მის რეიტინგს დონალდ ტრამპის მომხრეებსა და რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებში (პირობითად, კონსერვატიული მედიის აუდიტორიაში) ყოველთვის თან ახლდა ასეთივე მაღალი ანტი-რეიტინგი დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებში (ანუ, პირობითად, ლიბერალური მედიის აუდიტორიაში).


ამას ცხადყოფს თუნდაც ის რეაქცია-პერფორმანსიც, რომელიც მოწინააღმდეგე ბანაკში (კერძოდ, ABC-ის პირდაპირ ეთერში) მოჰყვა „ფოქსიდან“ კარლსონის წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.



ტაკერ კარლსონს ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე, თეთრი სახლისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციების გამო და ზოგჯერ რუსული პროპაგანდის გავრცელებაშიც სდებდნენ ბრალს.


მაგალითად, ტელეწამყვანი ამბობდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს აწარმოებს და ამ ომის მიზანი - რუსეთის ხელისუფლების შეცვლაა. იგი ასევე უკმაყოფილებას გამოხატავდა ამერიკის ბიუჯეტიდან უკრაინის შეიარაღებისთვის გაწეული დანახარჯების ოდენობის გამო, ერთ-ერთ ”ოფინიონში“ კი პრეზიდენტი ზელენსკი საერთოდაც, „ბნელ ძალად“ და „ტოტალური განადგურების ინსტრუმენტად“ მოიხსენია.


ამავე დროს, თუ დავაკვირდებით რესპუბლიკური პარტიის ტრამპისტულ და კონსერვატიულ ფრთას, დავინახავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით კარლსონს ბევრი თანამოაზრე ჰყავდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ის სწორედ საზოგადოების ამ ნაწილის პოზიციას გამოხატავდა და ახმოვანებდა.


შესაბამისად, თუ კარლსონის გათავისუფლება მართლაც არის კავშირში პოლიტიკასთან, მაშინ ეს შესაძლოა, რესპუბლიკურ პარტიასა და მის მხარდამჭერ მედიასივრცეში გამძაფრებულ დაპირისპირებაზე მიანიშნებდეს;


აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ცვლილებებს ზოგადად, „ფოქსის“ სარედაქციო პოლიტიკაშიც. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში „ფოქსი“ უნდა გახდეს „ნაკლებად რადიკალური“ (თეთრ სახლთან ნაკლებად დაპირისპირებული) სულ მცირე, უკრაინის ომის საკითხთან მიმართებაში, ვიდრე ეს ტაკერ კარლსონის პოპულარობის პიკში იყო.


სხვათა შორის, ამ ვერსიის სასარგებლოდ შეიძლება მეტყველებდეს კიევის უპირობო მხარდაჭერის მომხრე რესპუბლიკელების კომენტარებიც, რომლებმაც „ფოქსიდან“ კარლსონის წასვლა პოზიტიურ სიგნალად შეაფასეს.


არის თუ არა ტაკერ კარლსონთან დამშვიდობება ორპარტიული კონსენსუსის ჩამოყალიბების სიგნალი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ამას მომავალში ვნახავთ;


თავად ტელეწამყვანმა 27 აპრილს, „ფოქსიდან“ წასვლის შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის სწორედ ორპარტიულ შეთანხმებაზე, უფრო სწორად კი, შეთქმულებაზე საუბრობს.


მიმართვაში კარლსონი აკრიტიკებს ამერიკის პოლიტიკურ სისტემას და მედიაგარემოს. მისი თქმით, შეერთებული შტატები მოულოდნელად ძალიან დაემსგავსა ერთპარტიულ სახელმწიფოს, სადაც პოლიტიკური პარტიები შეთანხმებულად მოქმედებენ, რათა არ დაუშვან დისკუსია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა - ომი, კორპორატიული ძალაუფლება, დემოგრაფია, ბუნებრივი რესურსები და ა.შ.


ამის ნაცვლად, კარლსონის აზრით, დებატები ისეთი უმნიშვნელო საკითხების ირგვლივ იმართება, რომლებიც 5 წელიწადში არც კი გვემახსოვრება.


„სად შეიძლება იპოვო ამერიკელი, რომელიც სიმართლეს ამბობს? ბევრი ადგილი აღარ დარჩა, თუმცა რამდენიმე არის... მალე შევხვდებით“


– ამ სიტყვებით დაასრულა მან ორწუთიანი მიმართვა და საზოგადოების ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ფოქსის“ ყოფილი ვარსკვლავი ახლო მომავალში კვლავ მედიაპერსონის და კომენტატორის ამპლუაში მოგვევლინება. მეორე ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ კარლსონმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში სცადოს ბედი.


რა გზაც არ უნდა აირჩიოს ტაკერ კარლსონმა, ის ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება ამერიკის თანამედროვე პოლიტიკური სისტემის და ისტებლიშმენტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კრიტიკოსად, რომელსაც ამერიკაში ბევრი თანამოაზრე და მხარდამჭერი ჰყავს.


ზვიად ლიპარტელიანი
  • 11
  • 7676
0 Comments