წითელი ვერსია
  • 2
  • 13089

საინფორმაციოს ქუდი, როგორც აპოკალიფსის მაუწყებელი მესიჯი

21 სექტემბერი 2020

რა ხანია, ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ უარყოფითი შინაარსის ახალი ამბავი ადამიანში უმძიმეს ემოციებს აღვიძებს და უცოცხლებს მის ცხოვრებაში მომხდარი უბედური შემთხვევებისას განცდილ ელდას, რასაც ფსიქიკური აშლილობაც კი შეიძლება მოჰყვეს.


2013 წლის 15 აპრილს ბოსტონის მარათონისას მოწყობილი ტერაქტის ამსახველი მასალა რამდენიმე დღის განმავლობაში ფართოდ შუქდებოდა როგორც აშშ-ის, ისე მსოფლიო მედიაში. სისხლიანი ტერაქტის გაშუქების საკითხებზე მოგვიანებით ამერიკელმა ფსიქოლოგებმა უნიკალური გამოკვლევაც ჩაატარეს. მათი დასკვნის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სისხლიანი და ძალადობრივი სცენების ჩვენებას იმ ადამიანებშიც კი შეუძლიათ მწვავე სტრესის გამოწვევა, რომლებიც კატასტროფის ადგილზე არც ყოფილან.


სამეცნიერო გამოკვლევებითვე დასტურდება, რომ აგრესიულ საინფორმაციო მანიპულაციას შესწევს უნარი, ადამიანში უიმედობის განცდა წარმოშვას, ანუ აქციოს ის დამწუხრებულ, ნერვებაშლილ, გაღიზიანებულ ადამიანად, რომელმაც არ იცის, რა მოუხერხოს ნეგატიური ემოციებით გამოწვეულ აგრესიას და მას სხვისა თუ საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართავს (სუიციდი).


აღსანიშნავია, რომ შესაბამისი მოწოდების შემთხვევაში ის მზადაა, ქუჩაში გავიდეს და გარშემო ყველაფერი მილეწ-მოლეწოს. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანის აგრესიის მართვა და მისგან დესტრუქციული, საშიში ძალის შექმნა ძნელი არ არის. თანაც, ამ ჯინის ბოთლში დაბრუნება ძნელზე ძნელი საქმეა. ხელოვნურად გამოწვეული აგრესიის შედეგებს ქვეყნები უმძიმეს სამოქალაქო კატასტროფებამდეც მიუყვანიათ.


ამ დაკვირვებებიდან გამომდინარე, დასავლეთის მედია თანდათან სულ უფრო მეტად ითვალისწინებს ფსიქოლოგების რეკომენდაციებს: კერძოდ, იკრძალება ისეთი ვიზუალური და აუდიომასალის გავრცელება, რომელიც უშუალოდ ასახავს სიკვდილს, ძალადობას, სისხლს და ნატურალურ აგრესიას. ცივილიზებულ სამყაროში უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ ადამიანის უფლებაა, დაცული იყოს როგორც ფიზიკურად და სოციალურად, ისე ფსიქოემოციურად, და ეს უფლება სულაც არ ეწინააღმდეგება ადამიანის კიდევ ერთ ფუნდამენტურ უფლებას, იყოს ინფორმირებული.


სატელევიზიო მანიპულაციით წარმოშობილი აგრესიის აფეთქება საქართველოშიც არაერთხელ გვინახავს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „მოდელირებულ ქრონიკას“, როდესაც ფილმით გამოწვეულმა ელდამ ხალხი ქუჩაში გაიყვანა და ერთი ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა, ამ გამოცდილებამ არაფერი გვასწავლა: დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისგან განსხვავებით, ჩვენი მედია დღემდე მოძველებული პრინციპებით ხელმძღვანელობს და ჯიუტად ირწმუნება, რომ ადამიანის ინფორმირება და მისთვის სტრესის მინიჭება ერთმანეთის მონათესავე ცნებებია, ხოლო მაღალი რეიტინგი ან „კეთილი პოლიტიკური მიზნები“ ყველაფერს ამართლებს: ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, ცილისწამებასაც, სიძულვილსაც და შეურაცხყოფასაც.


საქართველოს მედიაში და, განსაკუთრებით, „ოპოზიციურ მედიასაშუალებებში“ საინფორმაციო გამოშვებათა უდიდესი ნაწილი ტრაგიკული და დამთრგუნველი შინაარსით არის გაჟღენთილი. ასეთივეა საინფორმაციო გამოშვების „ქუდებიც“, რასაც ტელევიზიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.


მაგალითისთვის, შეგვიძლია განვიხილოთ თუნდაც ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვების ქუდი, რომელიც საერთოდ „ქრესტომათიული“ მაგალითია იმის დასანახავად, აუდიოვიზუალური მანიპულაციების გამოყენებით როგორ ხდება მაყურებლის პირადი წუხილების „კატასტროფიზაცია“.


საინფორმაციო გამოშვების „ქუდის“ უკან თითქმის ყოველთვის მკაფიოდ იკითხება კომპანიისა და მისი მფლობელების პოლიტიკური მიზნები, რაც „მთავარი არხის“ შემთხვევაში საინფორმაციო გამოშვებამდეც მკაფიოდ ჩანს.


მთავარ საინფორმაციო გამოშვებამდე არხი გვიჩვენებს თურქულ სერიალს, რომლის სახელწოდებაც ორიგინალში ასე ჟღერს: „ორ სამყაროს შორის“ (İki Dünya Arasında). თუმცა, „მთავარმა“ სერიალს სათაური შეუცვალა („ოცნების დასასრული“) და ის აქცია პოლიტიკურ სლოგანად, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წითელსა და თეთრ ფერებში გაფორმებული შემოგვთავაზა.


ამ სერიალის დასრულებისთანავე არხი ახალი ამბების ნაცვლად ჯოჯოხეთს აანონსებს: მაყურებელი ხედავს უნიფორმიანთა მარშირებას, აფეთქებებს, სისხლიან ჭრილობებს, სროლას, ძალადობას, სასოწარკვეთას, უმძიმეს კადრებს შარშანდელი 20 ივნისის მიტინგის დაშლის ვიდეოჩანაწერებიდან, მოკლული ფეხბურთელის მაძებარ მაშველებს, ცნობილი კატასტროფების სცენებს და ა.შ.


თვალშისაცემია კონკრეტულ პოლიტიკოსებზე გაკეთებული აქცენტებიც: კადრში ჩანს როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი, ისე პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და პლაკატი წარწერით „გადამგდები“; აშკარად უარყოფით კონტექსტში ჩანან მმართველი პარტიის სხვა წევრები; ბნელ ძალად არის წარმოდგენილი საპატრიარქო, გაისმის სიტყვები: „მძიმედ დაჭრილი“, „გარდაცვლილი“, „აფეთქება“ და ა.შ.


სხვათა შორის, ამ აპოკალიფსური სურათების ფონზე კრემლი და პუტინი, რომლებიც ასევე გაიელვებენ „მთავარი არხის“ ქუდში, უწყინარ ანგელოზებად მოგეჩვენებათ, რაც, მეტი რომ არა ვთქვათ, არაადეკვატურია ტელეკომპანიისთვის, რომლის განცხადებითაც, ყველა ბოროტების სათავე რუსეთის ხელისუფლებაა.


„მთავარი“ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ „ბოროტების სავანეში“ (დღევანდელ საქართველოში) არსებობს ერთი ნათელი, მზიანი წერტილი − „მთავარი არხი“. საინფორმაციო გამოშვების ქუდში ვხედავთ თეთრად, მშვიდად მოლივლივე არხის ლოგოს; ამავე ქუდში ჩანს არხის მოღიმარი დამფუძნებელი გიორგი რურუა − თავის დროზე „ბოროტთა“ საძმოს თავკაცი, ხოლო ამჟამად იარაღის უკანონო ტარებისთვის მსჯავრდებული; ვხედავთ არხის მეორე დამფუძნებელს, ნიკა გვარამიასაც საქალაქო სასამართლოს ეზოში; მოღიმარ ვანო მერაბიშვილს, რომელიც, „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, პოლიტიკური პატიმარი იყო და ციხეში იჯდა არა გირგვლიანის მკვლელობის დაფარვის მცდელობისა და 26 მაისის მიტინგის დარბევისთვის, არამედ „პოლიტიკური მოსაზრებების“ გამო.


ერთი სიტყვით, „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვების ქუდის პოლიტიკური მესიჯი მკაფიო და გასაგებია: „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული პირები არიან სიბნელის, სიკვდილისა და სისხლის აპოლოგეტები; „ნაციონალური მოძრაობა“ კი ერთადერთი ძალაა, რომელიც „ოცნებას დაასრულებს“ და მზესავით გაანათებს ქვეყანას.


„მთავრისაგან“ განსხვავებთ, ნაკლებად აგრესიული და მესიანისტურია მეორე მკვეთრად ოპოზიციური პოლიტიკური ტელევიზიის, „ფორმულის“ საინფორმაციო გამოშვების ქუდი. ეს უფრო კიტჩია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებაზე და ქვეყანაზე, სადაც ყველას უჭირს, ყველა შავ დღეშია და მხოლოდ ერთი − ივანიშვილის ოჯახია „ტიკ ტოკისა“ და ცეკვის გუნებაზე.


რაც შეეხება სხვა მსხვილ მაუწყებლებს (პირველ არხს, „იმედს“, ტვ „პირველს“), მათი საინფორმაციო გამოშვებების ქუდები მინიმალისტური და, აქედან გამომდინარე, ნეიტრალურია, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით უსაფრთხო და პროფესიონალურ შთაბეჭდილებას ტოვებს.


ლელა კურდღელაშვილი
  • 2
  • 13089
1 Comments

Casius Colkhaun

კრემლისტური მას მედიის ჰიბრიდული - დეზინფორმაციების მიზანია საზოგადოებაში დათესოს ნიჰილიზმის, აგრესიის გამომწვეი შიში და დეპრესიიულ -აპათიური განწყობები, რომლებიც ხელს უშლის საზოგადოების და მოქალაქეების ნორმალური განვითარების პროცესებს...