წითელი ვერსია
  • 0
  • 3882

სად მთავრდება მედიის თავისუფლება?

25 ნოემბერი 2020

ყველა ჟურნალისტური სტანდარტის მიხედვით, როდესაც სიუჟეტში საქმე ეხება არასრულწლოვანს და, მით უმეტეს, მცირეწლოვანს, სიუჟეტის ავტორს გაათმაგებული სიფრთხილის გამოჩენა ჰმართებს. ასევე ძალზე ყურადღებით უნდა მიუდგეს ჟურნალისტი საკითხს, როცა რაიმე უბედურ შემთხვევას აშუქებს.


მიუხედავად ამ ანბანური ჭეშმარიტებისა, დღევანდელ რეალობაში მედიასაშუალებები რეიტინგისა თუ იაფფასიანი სენსაციების დევნაში ხშირად უარს ამბობენ სტანდარტის დაცვაზე. სწორედ ასეთი შემთხვევის მაგალითია 19 ნოემბერს, რუსთავში მომხდარი უბედური შემთხვევის გაშუქება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ (საქმე ეხებოდა ტრაგედიას, როცა ორი წლის ბავშვი მე-7 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა).


როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, „მთავარი არხის“ პროდიუსერებმა რუსთავში გადამღები ჯგუფი გაგზავნეს. რისთვის? უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბავშვის გადაღებას რეანიმაციულ განყოფილებაში ისინი ვერ შეძლებდნენ. მათ შეეძლოთ ექიმების კომენტარის ჩაწერა და ამას ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებდით, მაგრამ „მთავარი არხი“ ამით არ დაკმაყოფილდა და უმძიმესი ტრაგედია ტელეშოუდ აქცია. ცოტა ხანში გაირკვა, რატომაც დარჩნენ ჟურნალისტი და ოპერატორი საავადმყოფოში − ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში მათ სურდათ, პირველებს ემცნოთ ეს ამბავი მთელი ქვეყნისთვის. როგორც ჩანს, ასეთი იყო ხელმძღვანელობის დავალება.


საუბედუროდ, ბავშვი დაიღუპა. „მთავარ არხს“ კი „გაუმართლა“: მისმა კორესპონდენტებმა სწორედ ის მომენტი გადაიღეს, როდესაც მშობლებმა შვილის გარდაცვალების ამბავი შეიტყვეს. აბა, ამის არგადაღება როგორ შეიძლებოდა?! ასეთი ემოციები, ასეთი სტრესი! თავზარდამცემი კადრები და რეიტინგი! ეს სწორედ ისაა, რაც სჭირდებოდათ! მაგრამ გადაღება საკმარისი არ აღმოჩნდა: არხმა ჩათვალა, რომ მასალა მაყურებლისთვის მაქსიმალურად სენსაციური ფორმით უნდა მიეწოდებინა. ამიტომ, 15 საათის საინფორმაციო გამოშვება სწორედ ამ საშინელი კადრებით გახსნა.


ამ ამბავში ტელეკომპანიის ყველა მოქმედება (საავადმყოფოში ჟურნალისტების გაგზავნით დაწყებული, გადაღების, მასალის „გადაგორებისა“ და ეთერში გაშვებით დამთავრებული) შეგნებული და გააზრებული იყო. ანუ, საქმე არ გვქონია რაიმე ისეთ შემთხვევითობასთან, ზოგჯერ უწყვეტი პირდაპირი ეთერის დროს რომ ხდება ხოლმე.


„მთავარის“ ეთერით გასული კადრები იმდენად მძიმე და დამთრგუნველი იყო, რომ ტელეკომპანიამ კრიტიკა დაიმსახურა არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ არასამთავრობო სექტორისა და თვით არხის ერთგული მაყურებლის მხრიდანაც. „აბა, რა ქენით, კარგად გავრცელდა ეს კადრები სოციალურ მედიაში? კარგად წაიღო რეიტინგი? ღირდა ხომ ოჯახის ტრაგედიაზე რეიტინგის გაკეთება?“ − წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები მასალის კომენტარებში.


სხვათა შორის, მაყურებელი ამ არხისგან უკვე მიეჩვია, რომ პოლიტიკაში „ყველაფერი მოსულა“ და პოლიტიკური ამბების გაშუქებისას მისგან სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვას აღარც არავინ ელოდება. მაგრამ ორი წლის ბავშვის დაღუპვის ტრაგედია შორს არის პოლიტიკისგან... თუმცა „მთავარი არხისთვის“ იქნებ არც არის?


ამ ტელეკომპანიის იდეოლოგები სხვა პოლიტიკური თემების დეფიციტის შემთხვევაში ნამდვილად შეძლებდნენ ამ ამბისთვისაც გამოებათ „პოლიტიკური კუდი“. საზოგადოებას კარგად ახსოვს ტრაგედიები, პოლიტიკასთან საერთო რომ არაფერი ჰქონდათ, მაგრამ, რაკი ის ტრაგედიები ნაკლებად „ცხელ“ პერიოდში მოხდა, „მთავარმა არხმა“ ისინი მთავარ პოლიტიკურ მოვლენებად აქცია. ასე მოხდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების, შატილის გზაზე მომხდარი ავარიისა თუ ბევრ სხვა შემთხვევაში. საინფორმაციო გამოშვებებისა და ტოკ-შოუების მთავარი თემები არჩევნებამდე რამდენიმე თვის მანძილზე ძირითადად სწორედ ასეთი თემები იყო.


ეს ის დროა, როცა „მთავარი არხი“ და მისი ხელმძღვანელი ნიკა გვარამია პრაქტიკულად ყველა მკვლელობაზე, თვითმკვლელობაზე თუ უბედურ შემთხვევაზე თავის „მოქალაქეობრივ“ პოზიციას გამოხატავდა და აწარმოებდა „ალტერნატიულ გამოძიებას“, რომელსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა − „დაემტკიცებინა“, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია, რომ პროკურატურა არცერთ დანაშაულს არ იძიებს და მეტიც, სამართალდამცველები საქმეების ჩაფარცხვას ცდილობენ.


„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის აზრით (მას ეს აზრი არაერთხელ გამოუთქვამს საჯაროდ), სიტყვის თავისუფლებას საზღვარი არა აქვს და ეს მის ყველა ქმედებას ამართლებს. გვარამია ფიქრობს, რომ ეთერში ნებისმიერი რამის თქმა შეუძლია და ნებისმიერ კრიტიკას მედიის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.


მაგრამ, თუ ერთი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის თავისუფლება, ცხადია, რომ მედიის თავისუფლებაც იქ უნდა დამთავრდეს, სადაც იწყება სხვა ადამიანის თავისუფლება და პირადი სივრცე. შვილის დაღუპვით გამოწვეული შოკი და ემოცია უდავოდ მშობლების, ანუ ადამიანების პირადი სივრცეა. ტელეკომპანია სწორედ ამ სივრცეში შეიჭრა და ამ პირად ტრაგედიაზე იაფფასიანი სენსაციაც ააგო.


დაბოლოს: თვით აღწერილ ფაქტზე არანაკლებ საგანგაშოა, რომ ამ ყველაფრის გაკეთებას „მთავარი არხის“ ახალგაზრდა კორესპონდენტებს ავალებენ და ასწავლიან, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი ჟურნალისტიკა, ანუ საჭირო კადრის მოპოვება და ეფექტის მიღება ნებისმიერ ფასად. ამ ახალგაზრდებმა, ალბათ, არც იციან, რომ სამხედრო მოსამსახურეებსაც კი აქვთ უფლება, არ შეასრულონ დანაშაულებრივი ბრძანება, „მთავარ არხზე“ კი ბრძანება, ანუ დავალება ხშირად არის არა მხოლოდ არაეთიკური, არამედ უკანონოც კი.


ამიტომ სასურველია, თვით ჟურნალისტებმაც გააცნობიერონ, რომ აქვთ უფლება იმუშაონ, მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია კანონისა და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით იმისდა მიუხედავად, რა დავალებას მიიღებენ ხელმძღვანელებისგან.


მიხეილ ვარძელაშვილი
  • 0
  • 3882
0 Comments