წითელი ვერსია
  • 47
  • 12868

სად გაქრნენ რუსი ტურისტები?

10 აგვისტო 2022

ტურიზმის ადმინისტრაციამ 9 აგვისტოს მორიგი დამაიმედებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა - უცხოელი ტურისტები საქართველოს ისევ სწყალობენ, პანდემიამდელ მაჩვენებელს თითქმის 80%-ით დავუბრუნდით.


ამ თემას „იმედმა“, „რუსთავი2-მა და „საზოგადოებრივმა მაუწყებელმამთავარ საინფორმაციო გამოშვებებში სპეციალური სიუჟეტებიც მიუძღვნეს.


ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა და ლარის სიმყარის გარანტია, რომელსაც მედია ყოველთვის ინტერესით აშუქებს.


ეს რეპორტაჟებიც ალბათ, ყოველდღიურ ერთფეროვნებაში ჩაიკარგებოდა, ეს სტატია კი დღის სინათლეს ვერ იხილავდა, რომ არა ომი უკრაინაში და საზოგადოების ვნებათაღელვა თემაზე - „რუსები მოდიან“.


რეპორტიორები სამივე არხიდან ძველ თბილისს ესტუმრნენ, რომელიც ტურისტების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა.


საკუთარ შთაბეჭდილებებზე კამერასთან აღფრთოვანებული საუბრობდნენ უცხოელი მოგზაურები: - ინდოელები, ირანელები, ყაზახები, ლატვიელები, ტურისტები ევროპის სხვა ქვეყნებიდან, საზმაუს ჟურნალისტმა ქუჩაში მოგზაური „სამხრეთ არაბეთიდანაც“ კი აღმოაჩინა.. მაგრამ, მათ შორის რუსი - არც ერთი!


ამ დროს,


ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ ივლისის თვეში განხორციელებული 598 ათასი ვიზიტიდან, 157 ათასი რუსეთის მოქალაქე პირველ ადგილზეა. ასიათასიან ზღვარს მხოლოდ სომხეთი (104 ათასი) და თურქეთი (96 ათასი) უახლოვდება.


არცერთი ჟურნალისტი, არათუ არ დაინტერესებულა საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მოძიებით (არსებობს ტურიზმის ადმინისტრაციის ვებგვერდი, სადაც ყველა მონაცემი დაწვრილებით წარმოდგენილია), „იმედის“ ჟურნალისტი უფრო შორს წავიდა და გვაუწყა, რომ „ისრაელი, ყაზახეთი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი, გერმანია და პოლონეთი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, საიდანაც საქართველოში ყველაზე ხშირად მოგზაურობენ“.


ცნობისთვის: ბოლო სამი ქვეყანა ვიზიტორთა ტოპ-ათეულშიც არაა (თითოეულის „ანგარიშზე“ ივლისში მხოლოდ 5 ათასამდე მოგზაურია).


ზედაპირული სიუჟეტების მიღმა, ჟურნალისტებს შეეძლოთ გაცილებით საინტერესო საკითხებიც წამოეწიათ, თუნდაც, რუსი ტურისტების თემის „დემონიზების“ გასაქარწყლებლად.


მაგალითად,


1. რუსი ტურისტების რიცხვი პანდემიამდელ, 2019 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელთან შედარებით, წელს ორჯერ ნაკლებია - 403 ათასი. ამის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა.


2. საქართველო არ არის რუსი ტურისტებისთვის ერთადერთი და განუმეორებელი დანიშნულების ადგილი, როგორც ამაზე დაუსრულებლად საუბრობენ პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები. რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის სტატისტიკით, რუსეთიდან ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში (1,94 მილიონი), თურქეთში (1,4 მილიონი), ყაზახეთში (773 ათასი), გაერთიანებულ საემიროებში (466 ათასი) და ეგვიპტეში (429 ათასი). საქართველო უკრაინის, ფინეთის, სომხეთისა და ესტონეთის შემდეგ, მეათე ადგილს იკავებს (202,6 ათასი).


3. საინტერესო იქნებოდა ანალიზი, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ტურიზმის ადმინისტრაციის წარმოებული მარკეტინგული კამპანიები სამიზნე ბაზრებზე, მათ შორის, ისრაელში, ყაზახეთში, გალფის ქვეყნებსა და ევროპაში, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თავად არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა სიუჟეტებში;


4. და საერთოდ, რამდენად მზად შეხვდა პანდემიის შედეგად კრიზისში მყოფი ტურიზმის სექტორი მოგზაურების მზარდ ნაკადებს, რა გამოწვევების და მოთხოვნილებების წინაშეა.



P. S. აღარაფერს ვიტყვი იმ მცირე უზუსტობაზე, რომ "რუსთავი2”- მა 2,344 მილიონი ვიზიტი 2,5 მილიონამდე დაამრგვალა და რეკორდული უწოდა მაშინ, როცა 2019 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 4,9 მილიონს აღწევდა.


ნატა მინდელი
  • 47
  • 12868
0 Comments