წითელი ვერსია
  • 8
  • 6958

რუსული პროპაგანდა „ევროპის ხმით“

03 ივნისი 2024

ევროპარლამენტის მოახლოებული არჩევნების ფონზე, ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს პროპაგანდის, ყალბი სიახლეების, დეზინფორმაციისა და უცხოური გავლენების წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა.


ევროპულ არჩევნებში უცხოური ძალების ჩარევის მცდელობის კუთხით, ბრიუსელი უკვე არაერთ სკანდალში გაეხვა.


უახლესი სკანდალი პრაღაში დაფუძნებულ ონლაინ მედიაპლატფორმას "Voice of Europe"-ს („ევროპის ხმა“) უკავშირდება.


ერთი შეხედვით, ევროპული საინფორმაციო ვებ-გვერდი, რომელიც, მისივე თქმით, „ცენზურისგან თავისუფალ ინფორმაციას ავრცელებდა ევროპისა თუ მსოფლიო პოლიტიკური სიახლეების შესახებ“ - ჩეხეთის მთავრობამ პრორუსულ პროპაგანდაში დაადანაშაულა და ევროპულ არჩევნებზე „რუსული გავლენის ოპერაციის“ თანამონაწილედ გამოაცხადა.


ჯერ კიდევ 27 მარტს, ჩეხეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა „ევროპის ხმას“ და მის დაფინანსებაში ეჭვმიტანილ უკრაინელ ბიზნესმენს, ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ ცნობილ ვიქტორ მედვედჩუკს. სანქციები ასევე შეეხო უკრაინის და ისრაელის მოქალაქე არტემ მარჩევსკის, რომელიც, ოფიციალური პრაღის ინფორმაციით, „ევროპის ხმას“ მედვედჩუკის მითითებებით ხელმძღვანელობდა.


სკანდალი სახელად „რაშაგეითი“ (Russiagate) სწორედ აქედან დაიწყო.


ბელგიისა და ჩეხეთის დაზვერვის სამსახურების ერთობლივი გამოძიებით გაირკვა, რომ „რუსული გავლენის ოპერაცია“, რომელიც ევროპულ საზოგადოებაში კრემლის სასარგებლო აზრის ფორმირებას ისახავდა მიზნად, სწორედ პრაღაში მდებარე მედიაპლატფორმის, „ევროპის ხმის“ მეშვეობით იმართებოდა.


„ეს მოწმობს იმას, რისი ეჭვიც გვქონდა. კრემლი ფარული გავლენების მიზნით, საეჭვო პლატფორმებს იყენებს, რომლებიც თავს მედიად ასაღებენ. ვერ დავუშვებთ, რომ პუტინსა და მის პროპაგანდაზე ერთი ნაბიჯით უკან ვიყოთ. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ის დეზინფორმაციასა და უცხოურ ჩარევას იარაღად გამოიყენებს,“ - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა ჟუროვამ.


ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ დე კრუს ცნობით, „რუსული ოპერაციის“ ფარგლებში, კრემლის პროპაგანდის ხელშეწყობის მიზნით, მოქმედ ევროპარლამენტარებს ფულს უხდიდნენ. პროპაგანდის შემცველი ინფორმაცია კი სწორედ „ევროპის ხმის“ ვებ-გვერდისა და მისი სოცმედია-არხების მეშვეობით ვრცელდებოდა.


27 მაისს, „ევროპის ხმას“ და მასთან ასოცირებულ ორ ბიზნესმენს, ვიქტორ მედვედჩუკსა და არტემ მარჩევსკის, სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც. სანქციები მოიცავს ვებ-გვერდის მფლობელი კომპანიის აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მასშტაბით მოგზაურობის აკრძალვებს.


თავად „ევროპის ხმა“ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, ევროკავშირს კი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს:


„ევროპის ხმა დაიბლოკება, რადგან ევროპული ხელისუფლების მხრიდან მოდის ზეწოლა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით. ეს არის მცდელობა, რომ დამალონ სიმართლე ევროპაში არსებულ რეალურ სიტუაციაზე,“ - ნათქვამი იყო ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პასუხში.


სკანდალი აქ არ დასრულებულა. 29 მაისს, ბელგიისა და საფრანგეთის პოლიციამ, ბრიუსელსა და სტრასბურგში მდებარე ევროპარლამენტის შენობის ოფისებში, ასევე ბრიუსელში მდებარე კერძო რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა. სპეცოპერაცია ე.წ. „რაშაგეითს“ უკავშირდება.


ბელგიის ფედერალური პროკურორის ცნობით, გაჩხრიკეს ევროპარლამენტის იმ თანამშრომლის ოფისები და სახლი, რომელიც რუსული პროპაგანდის ოპერაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მას იმ სქემასთან კავშირს ედავებიან, რომლითაც ევროპარლამენტარებს, „ევროპის ხმის“ მეშვეობით, რუსული პროპაგანდის გავრცელების სანაცვლოდ ფულს უხდიდნენ.


დეზინფორმაციას საარჩევნო პროცესსა და არჩევნების შედეგებზე სახიფათო გავლენის მოხდენა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ევროპარლამენტის 6-9 ივნისს დაგეგმილი არჩევნების ფონზე, ევროპულმა საბჭომ, საარჩევნო პროცესების უცხოური გავლენისგან დასაცავად, საინფორმაციო მანიპულაციებზე რეაგირების ახალი პაკეტი დაამტკიცა.


ფოტო politico.eu

მარიამ გიგანი
  • 8
  • 6958
0 Comments