წითელი ვერსია
  • 5
  • 9597

როცა ინფორმაციის გადმოცემის სტანდარტი ირღვევა

15 სექტემბერი 2022

„ამბავი არ არის სამართლიანი, თუ გამოტოვებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ფაქტები. ანუ, სამართლიანობა გულისხმობს სისრულეს..


სამართლიანობა გულისხმობს ამბავთან შესაბამისობას..


ამბავი არ არის სამართლიანი, თუ ცნობიერად ან არაცნობიერად ატყუებს მკითხველს, ანდა შეცდომაში შეყავს იგი“ .


„ვაშინგტონ პოსტის“ სამაგიდო ცნობარიდან ამონარიდი, ჟურნალისტიკის ერთ-ერთი აღიარებული სახელმძღვანელოს ავტორის, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორის და წარსულში პრაქტიკოსი ჟურნალისტის მელვინ მენჩერის სახელმძღვანელოდანაა. („ახალი ამბების გაშუქება და წერა“, თავი 2)


12 სექტემბერს ტვ „პირველის“ „დღის ამბების“ ერთ-ერთ გამოშვებაში მაყურებელი თვალს ადევნებდა მოქმედი და ყოფილი ჟურნალისტების პროფესიულ კამათს იმის დასადგენად, რამდენად ზუსტად გადასცა ტვ „პირველის“ ჟურნალისტმა პარლამენტარ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება.


დისკუსიის მხარეები - გადაცემის წამყვანი დიანა ტრაპაიძე და თავად ალექსანდრე ელისაშვილი იყვნენ, რომელიც წარსულში ჟურნალისტი იყო და რომელიც ხშირად ედავება ხოლმე დიანა ტრაპაიძეს პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებით.


„საყვედური რომ არ გითხრათ თქვენს ტელევიზიას კიდევ ერთხელ, არ შემიძლია. შეიძლება ასეთი უსინდისო რაღაცეების გაკეთება? თქვენს ტელევიზიას უნდა რომ მოგვაკეროს როგორღაც, „ოცნებას“ თითქოს რაღაც კოჭს ვუგორებთ. სულ ჩემი და ლევანის (იოსელიანი) რეპუტაციის დაზიანება! მოეშვით რა რაღაცეების კეთებას!" - ამ საყვედურით დაიწყო საუბარი გადაცემაში სულ სხვა თემაზე სასაუბროდ მიწვეულმა ელისაშვილმა და მთელი საეთერო ჩართვა, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილის საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის ახსნას და იმის განმარტებას მოანდომა, რომ ტვ „პირველის“ ჟურნალისტმა საინფორმაციო გამოშვებაში მისი პოზიცია არასწორად გადასცა.


თავის მხრივ, დიანა ტრაპაიძე ამტკიცებდა, რომ პირიქით, - ტვ „პირველის“ ჟურნალისტმა ელისაშვილის მოსაზრება ზუსტად და ადეკვატურად გადასცა.


სამწუხაროდ, გადაცემის მაყურებელს საშუალება არ მიეცა, ენახა, სინამდვილეში ვინ რა თქვა, და ვინ როგორ გადასცა პარლამენტარის ნათქვამი.


გადაცემიდან გაუგებარი დარჩა, რას შეეხებოდა ელისაშვილის და ტრაპაიძის 20-წუთიანი კამათი.


აღნიშნული ეთერიდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ განცხადება შეეხებოდა პარტია „ლელოს“ ინიციატივას, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომლის მიზანი საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირების შესწავლაა, - სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე.


12 სექტემბერს ტვ „პირველი“ აქტიურად აშუქებდა აღნიშნული საკითხის გარშემო პარლამენტში განვითარებულ პროცესებს. 15 საათზე, გადაცემაში „პირველები ნატა ქაჯაიასთან ერთად“ წამყვანმა გვაცნობა, რომ „ყველა ოპოზიციური პარტია მინუს ელისაშვილი მზადაა მხარი დაუჭიროს „ლელოს“ ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც დაადგენს, რა კავშირები აქვს რუსულ და ქართულ სპეცსამსახურებს“.


წამყვანის ამ წარდგენის შემდეგ მოვისმინეთ პარლამენტის წევრების - სალომე სამადაშვილის, პეტრე ცისკარიშვილის, პაატა მანჯგალაძის და ლევან იოსელიანის განცხადებები.


ლევან იოსელიანის თქმით: „თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნას გამოძიებული და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, უბრალოდ, ამ წუთში გამიჭირდება პასუხის გაცემა, დავუჭერ თუ არა რაღაცას მხარს“. ამ საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს არ მოუსმენია ელისაშვილის პოზიცია, სადაც ის იტყოდა, რომ მხარს არ უჭერს „ლელოს“ ინიციატივას.


უნდა ვივარაუდოთ, რომ საინფორმაციო გამოშვების წამყვანის სწორედ ზემოთმოყვანილი ციტატა გახდა ელისაშვილის აღშფოთების საბაბი, თუმცა, რადგან არც ფრაგმენტი უჩვენებიათ და არც კონკრეტულად ჟურნალისტი დასახელებულა, მაყურებლისთვის ბოლომდე ბუნდოვანი დარჩა, რამ აღაშფოთა ალექსანდრე ელისაშვილი, ან რის გამო იცავდა კოლეგა ჟურნალისტს დიანა ტრაპაიძე.


მთელ ამ ისტორიას ჟურნალისტიკის რამდენიმე მთავარი ელემენტი აკლდა: - სიზუსტე, სისრულე და სიცხადე, რამაც ინტერპრეტაციისთვის უამრავი თავისუფალი სივრცე დაუტოვა მაყურებელს.


საბოლოოდ, დიანა ტრაპაიძე და ალეკო ელისაშვილი ვერ შეთანხმდნენ და ვერც მაყურებელს გააგებინეს, რაზე ან რატომ.


სამაგიეროდ, ტვ „პირველის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინეთ ის, რის გამოც კამათობდნენ ტელეწამყვანი და პარლამენტარი; ანუ, სინამდვილეში რა განუცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა ჟურნალისტებს: - „გოგაშვილთან დაკავშირებით კარგი იქნება თუ შევქმნით რეალურ საგამოძიებო კომისიას, რომ გავარკვიოთ, როგორ გახდა სოციალურად დაუცველი სოსო გოგაშვილი რამდენიმე წელიწადში მილიონერი. მე მაგალითად, ამ კომისიის შექმნას ვემხრობი“.


ეს ფრაზა არ გამორიცხავს საინფორმაციო გამოშვების წამყვანის განცხადებას, რომ ელისაშვილი არ არის მზად, მხარი დაუჭიროს „ლელოს“ ინიციატივას, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ წინააღმდეგია საგამოძიებო კომისიის შექმნის.


თუ ამ ინფორმაციას არხი სრულად და ზუსტად გადმოსცემდა, სულ მცირე, გაუგებრობას და თავის მართლებას აიცილებდა თავიდან.


ლელა კურდღელაშვილი
  • 5
  • 9597
0 Comments