წითელი ვერსია
  • 0
  • 6437

როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას კორონავირუსის ჟამს

02 აპრილი 2020

სავარაუდოდ, ყველას, ვისაც ინგლისურის ელემენტარულ დონეზე შესწავლა მაინც დაუწყია, Collins-ის ლექსიკონთან ექნებოდა შეხება. 2013 წლიდან ამ ლექსიკონმა ტრადიციულთან ერთად კიდევ ერთ საინტერესო საქმიანობას მიჰყო ხელი - წლის სიტყვის ან სიტყვათშეხამების გამოვლენა დაიწყო. და 2017 წლის სიტყვათშეხამებად მანამდე გაცილებით ნაკლებად პოპულარული Fake News დაასახელა. ისევე როგორც უძველესმა ამერიკულმა American Dialect Society-მ - 2017 წელს მანაც ვერ აღმოაჩინა უფრო პოპულარული და ხშირად ნახსენები ტერმინი.


Collins-ში გამოითვალეს, რომ 2017 წელს, 2016-თან შედარებით, მსოფლიო მედიაში ამ ტერმინის გამოყენება 365%-ით გაიზარდა. და ამ ახალ მოდას სათავე თავისუფალი სამყაროს ლიდერმა დაუდო - ჯერ კანდიდატობის, შემდეგ კი უკვე პრეზიდენტობის გარიჟრაჟზე დონალდ ტრამპმა ეს ტერმინი რამდენიმე ათასჯერ გაიმეორა.


დეზინფორმაციასთან ბრძოლა ყოველთვის რთულია.


ზოგჯერ თვალწინ ისე გიყალბებენ ამბავს, მხოლოდ ტრავოლტას ცნობილი გიფის მსგავს რეაგირებას თუ მოახერხებ.


ახლა წარმოიდგინეთ დეზინფორმაციის პოტენციური მასშტაბი, როცა საქმე ბოლო დროის უჩინარ გმირს - ყოვლისმომცველ კორონავირუსს ეხება, რომელზეც ისედაც არ არის ბევრი რამ ცნობილი.


და მაინც, როგორ ებრძვიან ფაქტების შემმოწმებლები ანუ ე.წ. ფაქტჩეკერები (fact checkers) დეზინფორმაციის უზღვავ ნაკადს, რომელიც მსოფლიოს ისეთივე ტემპით ედება, როგორც თავად ვირუსი, და რა ლოგიკა და ეტაპები გამოიკვეთა ამ ბრძოლაში, რომლის ერთ-ერთი ფრონტის ხაზი, ბუნებრივია, საქართველოზეც გადის.


აქაც, როგორც ბევრ სხვა საქმეში, წინასწარ დაჭერილი თადარიგი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მაგალითად, ამერიკული პოინტერის ინსტიტუტის (The Poynter Institute) ჟურნალიზმის სკოლამ ფაქტების შემმოწმებელი საერთაშორისო ქსელი (The International Fact-Checking Network) ჯერ კიდევ 2015 წელს დააფუძნა და ამ საქმის საბაზისო სტანდარტები დაამკვიდრა.


კორონავირუსის ფაქტების ალიანსი (CoronaVirusFactsAlliance) წლეულს იანვარში ამ ბაზაზე შედგა, როცა დაავადების და მისი მიმყოლი დეზინფორმაციის ნაკადმა მთელი მსოფლიო წალეკა - პანიკამ და სათანადო მონაცემების არარასებობამ თითქმის წარმოუდგენელი გახადა ფაქტების და ჭორების გამიჯვნა.


არ დაიზაროთ, შედით და ნახეთ, რა ჭორი აღარ გავრცელებულა კორონავირუსზე მთელ მსოფლიოში, როგორ ხდება მათი უარყოფა და რა ჯოჯოხეთურ შრომას მოითხოვს მთელი ეს პროცესი. ბოლოს და ბოლოს, ბევრი ის ჭორი თუ ჰიპოთეზა, რაც ჩვენთან ჯერ კიდევ ყვავილობს, ამ რესურსზე უკვე კვალიფიციურად უარყოფილია.


მაგალითად, როგორც ირკვევა, მითი, რომ კორონავირუსს ალკოჰოლი ამარცხებს, მარტო საქართველოში არ ყოფილა პოპულარული. ეს ამბავი სხვაგანაც მოსწონებიათ და საპირისპირო შეგონებებმა დიდად არ იმოქმედა, სანამ ლეტალური შედეგები არ დადგა: მარტო ირანში ათეულობით შემთხვევა გამოვლინდა, როცა ადამიანები ალკოჰოლური ინტოქსიკაციით დაიხოცნენ. ალკოჰოლის მომეტებული მოხმარება კი სწორედ იმ მოტივით ჰქონდათ დაწყებული, რომ სადღაც გაიგეს, ეს მეთოდი კორონავირუსს ამარცხებსო. ეს კიდევ ერთი მაგალითი, რომ


დეზინფორმაცია ზოგჯერ უბრალოდ პირდაპირ, უცერემონიოდ კლავს.


Covid-19-ის შესახებ დეზინფორმაციის მასშტაბიც გლობალურია, ძალიან სწრაფად გადაეცემა ქვეყნიდან ქვეყანას და პრაქტიკულად ვირუსის გავრცელების გეოგრაფიას იმეორებს. და ხშირად ეს სიყალბის ნაკადი ტალღური შემოტევებით ხასიათდება.


პირობითად ხუთი ასეთი თემატური ტალღა შეიძლება გამოიკვეთოს:


პირველი მსოფლიო შეთქმულების თეორიას ეფუძნება, როცა ვირუსის გავრცელება ვიღაცის პირად ინტერესად და გამორჩენის ინსტრუმენტად განიხილება;


მეორე ტალღას უკვე შემაძრწუნებელი თვალსაჩინოება მოსდევს (მაგალითად, როგორ ეცემა ჩინეთში ხალხი პირდაპირ ქუჩებში, თუმცა, როგორც მოგვიანებით ირკვევა, მათი უმეტესობა ნასვამია ან გულის შეტევა ემართება და არა ვირუსი);


მესამე ტალღას უკვე ცრუ მკურნალობის რეცეპტები ახლავს (ცხელი წყლით, ნივრით, ჯანჯაფილით ან სულაც რაიმე ქიმიური ხსნარით მკურნალობის ეფექტიანობის შესახებ);


მეოთხე ტალღაში უკვე ამტკიცებენ, რომ ცალკეული რელიგიის მიმდევრებს, რასებს, კულტურებს, ერებს ან სულაც გეოგრაფიულ არეალებს კორონავირუსი არ ეკარება;


მეხუთე ტალღაში, როცა უკვე ყველა სახლშია გამოკეტილი, იწყება პრეტენზიები კარანტინის პირობების, ტესტირების წესსა და მასშტაბებთან დაკავშირებით.



მეტ-ნაკლები სიზუსტით ეს ტალღები საქართველომაც გამოიარა. და ყველა მორიგი დეზინფორმაციული ტალღაც ისევე დაგვარტყამს და გადაგვივლის, როგორც დანარჩენ მსოფლიოს.


და ყველა მორიგი დეზინფორმაცია ისეთივე პირდაპირი გაგებით მომაკვდინებელი შეიძლება იყოს, როგორც ნებისმიერი უკვე ჩამოთვლილი.


თუმცა, როგორც ყველა, ეს ტრაგედიაც არანაირად არ გამოდის კომიკური პასაჟების გარეშე. მითების, ფეიკ-ნიუსების და შეთქმულების თეორიების პირობითი ტოპ-ხუთეული, რომელიც საქართველოშიც პოპულარული იყო, ასე გამოიყურება:


კორონავირუსი ბანანით ვრცელდება და ნივრით მარცხდება - ეს „ევრიკა“, როგორც ჩანს, ამჯერადაც ჩრდილოელი მეზობლის მედიარესურსებმა გვაჩუქა. ამჯერადაც იმიტომ, რომ კეთილშობილ ტროპიკულ ხილს ყველა ეპიდემიაში ცდილობენ დანაშაული უპოვონ - ებოლას, ზიკას ვირუსის, შიდსის და ღორის გრიპის შემდეგ, ბანანი კორონავირუსის გადამტანადაც დასახელდა, თუმცა ეს არაფრით დადასტურდა. ისევე როგორც, ჯერ არაფერმა დაადასტურა, რომ ამ ვირუსს ნივრის მთელი აცმის ღეჭვა უშველის.


კორონას სასმელი ამარცხებს - ჰიპოთეზა ამტკიცებდა, რომ რაც უფრო მაღალგრადუსიანია ალკოჰოლი, მით უფრო დაუნდობლად ამარცხებს ვირუსს. ამ ვერსიამ მთელ მსოფლიოში შეიწირა არაერთი ათასი ტონა მაგარი სასმელი (ისევე, როგორც უამრავი სამედიცინო სპირტი), მაგრამ კლინიკური დადასტურება ვერ ჰპოვა. თუმცა, ბევრი გაუყენა კლინიკის გზას სხვადასხვა ალკოჰოლური დაავადებით.


საქართველოში მსგავსი შეკითხვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიდერებს დაუსვეს, რომლებმაც ღიმილით გასცეს რეკომენდაცია ალკოჰოლნარევი სითხეებით ხელების დეზინფიცირების სარგებლიანობის შესახებ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ არც უალკოჰოლო მდუღარეს სმა არის უებარი წამალი - ვერსია, რომ ცხელი წყალი ვირუსს ქვემოთ ჩადენის, სადაც კუჭის წვენი სულს გააფრთხობინებს, დამაჯერებლობის მხრივ ასევე მოიკოჭლებს.


ვირუსი ჩინურ გზავნილებს მოჰყვება - ამ ჰიპოთეზის მიხედვით, საკმარისია, Ali Express-იდან რამე გამოიწერო, ან ჩინეთში გაკეთებულ ნებისმიერ ნივთს ხელი მოკიდო, რომ ვირუსის საფრთხე გარდაუვალია (და ნეტა რამდენი რამე არსებობს მსოფლიოში, რასაც Made in China არ აწერია?). ბევრი ქვეყნის ბევრმა ექიმმა ახსნა, რომ კორონავირუსი რესპირატორული ინფექციაა და სანამ ჩინეთიდან ჩამოვა, ყველა ვირუსი დაიხოცება. ამაოდ, არ სჯერათ.


ზოგადად, ჩინური თემა კორონავირუსზე შეთქმულების თეორიებში ზეპოპულარულია - ან ჩინელებს უნდა დაეხოცათ მთელი მსოფლიო, ან პირიქით, მათ ამოწყვეტას აპირებდნენ, მაგრამ პროცესი ხელიდან გაექცათ. ამგვარი აზრებით ქართული სივრცეც კარგად იკვებება.


დეზინფექცია საჰაერო ხომალდიდან - ეს ამბავი მთელმა პოსტსაბჭოეთმა და მეზობელმა თურქეთმაც განიხილა. ინფორმაციამ, რომ ვერტმფრენიდან თუ თვითმფრინავიდან მთელ ქვეყნებს ქიმიურად დაამუშავებდნენ და ამ დროს გარეთ არ უნდა გესეირნა და სარეცხიც კი უნდა აგეკრიფა, ბევრი აცინა, მაგრამ ბევრგან ოფიციალური ახსნა-განმარტებები გახდა საჭირო, რომ მსგავსი არაფერი იგეგმებოდა. საქართველო ამ ფერხულს, ცხადია, არ ჩამორჩა და მუნიციპალიტეტებს დამატებითი საქმე გაუჩნდათ ამ ინფორმაციის უარსაყოფად.


ინფორმაცია სანდო წყაროდან - ასე იწყება ყველაზე მეტად გავრცელებული ფეიკ-ნიუსების უმრავლესობა,


რომლებსაც სინამდვილეში არასოდეს ჰყავთ სანდო წყარო. საინფორმაციო ვირუსის გამავრცელებელი ან რომელიმე გაუგებარი ინსტიტუტია, ან პოლიტიკური აქტივისტი, ან ანონიმი ინფორმატორი, რომელსაც „საიდუმლოდ უთხრეს“, ან საეჭვო კვალიფიკაციის ექიმი ვირუსზე საკუთარი ორიგინალური ხედვით და გამზადებული გამოსავლის რეცეპტით. თუმცა, ჭორის, ეჭვის თუ პანიკის დათესვა-გავრცელებისთვის ესეც სავსებით საკმარისია. ამ „სარეველა“ ინფორმაციის უარყოფას კი შემდეგ არნახული რესურსების მობილიზება სჭირდება.


ესეც ყველგან მსგავსად ხდება - საქართველოშიც და სხვაგანაც. და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ


ადამიანური შიში ყველგან ერთნაირია. ამიტომ, მას კიდევ უფრო მეტად გაღვივება და პლანეტარულ მასშტაბზე გაყვანა არ სჭირდება. მით უფრო, მედიის მხრიდან, რომელიც ისედაც ხშირად არის დეზინფორმაციის მორევში ჩახრჩობის საფრთხის წინაშე.



P.S. ისე, ხუმრობა იქით იყოს და კორონას მძვინვარებისას საქართველოში ნივრის და ჯანჯაფილის ფასი ჯერადად გაიზარდა. ანუ ეს ინდუსტრია მაინც ეფექტიანად მუშაობს.


რეზო საყევარიშვილი
  • 0
  • 6437
0 Comments