წითელი ვერსია
  • 0
  • 2981

რატომ (არ) „ჩაიშალა“ ღარიბაშვილის ვიზიტი ვაშინგტონში?

21 ივლისი 2021

5 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ურთიერთობა ხელისუფლებასა და ოპოზიციურად განწყობილ მედიას შორის განსაკუთრებულად დაიძაბა. ამის გამო რამდენიმე ტელევიზიის ეთერში დღეს ვხედავთ არა მხოლოდ მიკერძოებულ ჟურნალისტიკას, რაც 5 ივლისამდეც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ქართულ მედიასივრცეში, არამედ, ფაქტობრივად, თვალყურს ვადევნებთ ღია ომს მმართველი გუნდისა და განსაკუთრებით, პრემიერ ღარიბაშვილის წინააღმდეგ.


ამ მედიასაშუალებების განცხადებით, დღეს მათ აქვთ უფლება იყვნენ მკვეთრად გამოხატული მხარე მიმდინარე კონფლიქტში, თუმცა, როგორიც უნდა იყოს არგუმენტები, როცა მედია საზოგადოების ინფორმირების ნაცვლად მიზნად ხელისუფლების შეცვლას ისახავს, შეუძლებელია ეს ნეგატიურად არ აისახოს ჟურნალისტიკის ხარისხზე და შესაბამისად, მედიის ძირითად ფუნქციაზე.


იმ ვითარებაში, როცა რამდენიმე მედიასაშუალება მთავარ პასუხისმგებლობას 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პრემიერ ღარიბაშვილს აკისრებს და ცდილობს მიაღწიოს მის გადადგომას, პოლიტიკურ შეფასებებთან ერთად, მედიის მხრიდან ბოლო ორი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო გახშირდა გადაუმოწმებელი ცნობებისა და ზოგჯერ, აშკარა დეზინფორმაციის გავრცელების მაგალითებიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით.


ცხადია, რომ ამ მეთოდით კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ მაქსიმალურად დააზიანონ ირაკლი ღარიბაშვილის იმიჯი, თუმცა რეალურად არასწორი ინფორმაციის გავრცელება უფრო დიდ ზიანს საზოგადოებას აყენებს, რადგან სწორედ საზოგადოება ხდება დეზინფორმაციის მთავარი მსხვერპლი. გარდა ამისა, კონკრეტულმა დეზინფორმაციამ, შესაძლოა ასევე, სერიოზულად დააზიანოს სახელმწიფოს რეპუტაციაც.


ასე მაგალითად, 18 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა დემნა დევდარიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს მიმდინარე კვირაში ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში უნდა ჩასულიყო, თუმცა კონგრესმენების მხრიდან მასთან შეხვედრების მიმართ ინტერესის არქონის გამო დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა.


„კონგრესმენი კინზინგერი ერთ-ერთი იყო, ვინც უარი თქვა ღარიბაშვილთან შეხვედრაზე“, - ასე ასრულებს დევდარიანი საკუთარ პოსტს, რომელსაც მალევე გამოეხმაურა თავად ადამ კინზინგერი. შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ „ტვიტერზე“ საპირისპირო შინარსის პოსტი დაწერა:

„კონგრესის წევრები და მე არასდროს ვიტყვით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. ამ კვირაში ვაშინგტონში არ ვართ და შესაბამისად, ეს შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა“.

ამ არაერთგვაროვანი და ურთიერთგამომრიცხავი ცნობების ფონზე საგულისხმოა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაც, რომელიც 19 ივლისს, დილით გავრცელდა და სადაც ვკითხულობთ, რომ მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საერთოდ არ ყოფილა დაგეგმილი, ხოლო ცალკეული პირების მირ გავრცელებული ინფორმაცია „სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას“ წარმოადგენს.


„პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს, ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა. შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.


ასე გამოეხმაურნენ მხარეები პრემიერის ვაშინგტონში „დაგეგმილი ვიზიტის" გაუქმებასთან დაკავშირებულ ფეისბუკპოსტს და ამით 19 ივლისს, დღის პირველ ნახევარში თემა ფაქტობრივად ამოიწურა, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციისა და თავად კონგრესმენის განცხადებებს ხელი არ შეუშლია ტვ „პირველისთვის“, რომ დღის ბოლოს მაინც მოემზადებინა სიუჟეტი „ჩაშლილ ვიზიტზე“.


„ირაკლი ღარიბაშვილისთვის ამერიკის კარი დაიხურა. პრემიერის მიღებაზე შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა. ღარიბაშვილი ამერიკაში ვიზიტს ახლა გეგმავდა, თუმცა ყველამ, ვისაც სენატსა და კონგრესში საქართველოს საკითხი ეხება, მასთან საუბარზეც კი უარი თქვა“, - ასე „შეაჯამა“ და წარუდგინა ტელეკომპანია „პირველმა“ მაყურებელს ზემოაღნიშნული ფაქტები 20:00 საათის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.


სიუჟეტში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჟურნალისტის ფრაზა, რომელიც ამბობს, რომ „ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე უარი თქვა“, ამ დროს კი კადრში გვაჩვენებენ კინზინგერის სწორედ იმ „ტვიტის“ ფოტოს, რომლითაც კონგრესმენი დევდარიანის ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა, თუმცა ჟურნალისტს არავითარი ყურადღება არ გაუმახვილებია წინადადებაზე, რომელიც, ფაქტობრივად, თავდაყირა აყენებს მთელ „სკანდალს“ - „კონგრესის წევრები და მე არასდროს ვიტყვით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე“.


სიუჟეტში ასევე ერთი ფრაზით იყო წარმოდგენილი მთავრობის ადმინისტრაციის პოზიციაც იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაცია აშშ-ში პრემიერის ვიზიტის დაგეგმვას არ ადასტურებს, თუმცა იქვე გვითხრეს ისიც, რომ ტვ „პირველის“ ინფორმაციით, ვიზიტისთვის სამზდისი უკვე დაწყებული იყო.


ვისგან მოიპოვა ტელეკომპანიამ ეს ინფორმაცია ან რატომ არ (ან ვერ) წარმოადგინა ჟურნალისტმა შესაბამისი მტკიცებულებები და დამაჯერებელი არგუმენტები მაყურებლისთვის ბუნდოვანი დარჩა, რადგან სიუჟეტის ძირითადი დრო დაეთმო არა ინფორმაციის მოწოდებასა და მტკიცებულებების წარმოდგენას, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელთა პოლიტიკურ შეფასებებს და კრიტიკას იმ ინფორმაციის გამო, რომლის ნამდვილობის დადასტურებაც ტელეკომპანიამ საერთოდ ვერ შეძლო.


ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისის შემდეგ ტელეკომპანია „პირველის“ მთავარი „სამიზნე“ გახდა, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს მედიის დამოკიდებულება კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ, ფაქტია ისიც, რომ სუბიექტური შეხედულება და თუნდაც გულწრფელი პროტესტი არ იძლევა დეზინფორმაციის გავრცელების უფლებას და არ ათავისუფლებს მედიას პროფესიული სტანდარტებისგან.


ცნობისთვის: იმავე დღეს, 19 ივლისს ტვ „პირველის“ ფეისბუკგვერდზე პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით კიდევ ერთი მანიპულაციური ფოტო-პოსტი გავრცელდა, სახელწოდებით – „ვინ როგორ აპროტესტებს ოკუპაციას!!!“.


პოსტში ღარიბაშვილის ფოტოსთან ერთად წარმოდგენილია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო. ზელენსკის ფოტოზე ვკითხულობთ მისსავე სიტყვებს: „ყოველთვე ჩავდივარ საოკუპაციო ხაზთან“, ღარიბაშვილის ფოტოზე კი მედიასაშუალების მიერ გაკეთებულია შემდეგი წარწერა: „ღარიბაშვილი საოკუპაციო ხაზთან ჯერ არ მისულა“, რაც ცალსახად დეზინფორმაციას წარმოადგენს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი კვირის წინ, 14 ივლისს ღარიბაშვილი სწორედ საოკუპაციო ხაზთან, ერგნეთში დახვდა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ზაზა გახელაძეს.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 2981
0 Comments