წითელი ვერსია
  • 152
  • 11088

რას ნიშნავს პრორუსული მედია?

05 ნოემბერი 2019

საქართველოში, ისევე როგორც დასავლური სამყაროს უდიდეს ნაწილში, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული პროპაგანდისა და შესაბამისად, პრორუსული მედიის თემა.


საქართველოში ამ თემის გააქტიურება ერთი მხრივ, აშკარად გლობალური ტენდენციის ნაწილია, რომელიც ევროპასა და ამერიკაში განვითარებული კრიზისული პროცესების და რუსეთის გავლენის ზრდის ფონზე წარმოიშვა; მეორე მხრივ, საქართველოში ამ ტენდენციას აძლიერებს უშუალოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის კონტექსტიც: საქართველოში ყველაფერი, რაც რუსეთს უკავშირდება, ბუნებრივია, განსაკუთრებული სენსიტიურობითა და სიფრთხილით აღიქმება, მითუმეტეს 2008 წლის ომის შემდეგ.


საქართველოში არსებობს ბუნებრივი შიში, რომ რუსეთი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ეცდება (და ცდილობს) გაატაროს საკუთარი ინტერესები საქართველოში; იგივეს ვარაუდობენ საქართველოს პარტნიორები დასავლეთში და ამის გამო საკმაოდ სოლიდურ რესურსებსაც ხარჯავენ საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის; მაგრამ ეს ბრძოლა ადგილზე (ისევ და ისევ ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე) ზოგჯერ იმდენად ჰიპერტროფირებულ ფორმებს იღებს, რომ „კუდიანებზე ნადირობას“ ემსგავსება და ვლინდება „არასტანდარტული“ და უბრალოდ განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებების მარგინალიზაციის მცდელობაში; ეს კი თავის მხრივ, ხელს უშლის საზოგადოებაში არსებული ყველა განწყობის და პოზიციის ასახვას მედიაში და ზოგადად, ნეგატიურად აისახება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხზე.



ზემოთქმულიდან გამომდინარე, მართებულია დავასკვნათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს მკაფიო კრიტერიუმები და არ ვართ შეთანხმებული იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვთვლით და რა უნდა ჩაითვალოს რუსულ პროპაგანდად, ანტიდასავლურ სარედაქციო პოლიტიკად და ა.შ.


მაგალითად, არის თუ არა რუსეთთან დიალოგის პოზიტიურ კონტექსტში გაშუქება პრორუსულობა, ან არის თუ არა დიალოგის მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგის გაცნობა საზოგადოებისთვის რუსული პროპაგანდა?


აღსანიშნავია, რომ თავად დასავლელ პარტნიორებს, დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებს, ელჩებს და ა.შ. არაერთხელ მოუწოდებიათ საქართველოსთვის დიალოგისკენ და არაერთხელ აღუნიშნავთ დიალოგის პოზიტიური მნიშვნელობა.


იგივე პრობლემას ვაწყდებით თავად დასავლეთის მიმართ დამოკიდებულების განსაზღვრის დროსაც. მაგალითად, საქართველოში რომელიმე კონკრეტული დასავლური ინსტიტუციის (ვთქვათ, სავალუტო ფონდის) გაკრიტიკება ფაქტობრივად საკმარისია იმისთვის, რომ პიროვნება, ჯგუფი ან მთლიანად მედიასაშუალება, რომელიც ამ პოზიციას აშუქებს, ანტიდასავლურობაში იქნას დადანაშაულებული და ეს მაშინ, როცა თავად დასავლეთში ამ ინსტიტუტებს ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და ამაში „რუსეთის კვალს“ არავინ ხედავს.


„პრორუსულობის იარლიყის“ დამსახურების კიდევ ერთ საშიშროებას საქართველოში წარმოადგენს მედიასაშუალების კონსერვატიული დღის წესრიგი და სარედაქციო პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ თავად დასავლეთში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 2008 წლის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა კონსერვატიული ტენდენციები, საქართველოში ხშირად ხდება კონსერვატიული ტენდენციების ბრმა დაკავშირება რუსეთთან, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა ასეთი კავშირი სინამდვილეში. ასეთი მიდგომა თავის მხრივ იწვევს საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ჯგუფების გაუცხოებას მედიის დღის წესრიგისგან და საბოლოო ჯამში, მედია კარგავს საზოგადოების ამ ნაწილის ნდობას. გარდა ამისა, დასავლეთის მხოლოდ ლიბერალურ კონტექსტში წარმოდგენა და კონსერვატიზმის გაიგივება რუსეთთან, საზოგადოებაში აყალიბებს არასწორ და ცალმხრივ წარმოდგენას დასავლეთზე, რაც აძლიერებს დასავლეთის მიმართ სკეპტიციზმს.


რუსული პროპაგანდისა და მედიის პრორუსულობის განსაზღვრის საკითხი საქართველოში ნამდვილად წარმოადგენს ერთერთ მნიშვნელოვან გამოწვევას და ეს გამოწვევა მომავალში სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამოიკვეთება. ცხადია, რომ საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რუსული „რბილი ძალის“ მოქმედებას, თუმცა მეორე მხრივ, ეს ყურადღება და სიფრთხილე არ უნდა გადაიზარდოს პარანოიასა და ცენზურაში. რადგან ასეთ შემთხვევაში, პროდასავლური რიტორიკის მიუხედავად, რეალურად სულ უფრო დავშორდებით დასავლური ტიპის დემოკრატიას და მედიის თავისუფლების დასავლურ სტანდარტებს.


ზვიად ავალიანი
  • 152
  • 11088
0 Comments