წითელი ვერსია
  • 13
  • 3142

რას გვიმალავს სოციალური მედია

30 აგვისტო 2022

მედიას ხშირად ვაკრიტიკებთ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, თუმცა საზოგადოება არანაკლებ ზარალდება მაშინ, როცა მედია უარს ამბობს აქტუალური და მნიშვნელოვანი ცნობის გავრცელებაზე ან მიზანმიმართულად „ბლოკავს“ საფუძვლიან ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს აუდიტორიის შეხედულებებსა თუ გადაწყვეტილებებზე.


უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მედიამ შეიძლება მოგვატყუოს ან შეიძლება „უბრალოდ“ ხელი შეგვიშალოს სიმართლის გაგებაში, რაც ასევე მანიპულაციის ერთ-ერთ ფორმად უნდა ჩაითვალოს.


მაგრამ შესაძლებელია თუ არა ინფორმაციის „დამალვა“ ჩვენს დროში, რომელსაც ინფორმაციის ეპოქასაც უწოდებენ?


როგორც ჩანს, შესაძლებელია და ეს განსაკუთრებით აქტუალურია სოციალურ მედიასთან მიმართებაში, სადაც, როგორც წესი, ერთი ან რამდენიმე მოთამაშე ფაქტობრივად უკონკურენტოდ დომინირებს ცალკეული ქვეყნების ბაზარზე.


25 აგვისტოს კომპანია „მეტას“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა პოპულარული ამერიკელი პოდკასტერის, ჯო როგანის გადაცემაში სრულიად არაორაზროვნად განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ფეისბუკმა“ საკუთარ პლატფორმაზე შეზღუდა New York Post-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის გავრცელება, სადაც გამოცემა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ წერდა.


ცნობისთვის, - 2020 წლის შემოდგომაზე New York Post-მა დაიწყო სკანდალური მასალების გამოქვეყნება, რაც მოიცავდა მათ შორის, ჰანტერ ბაიდენის მიმოწერას უკრაინული ენერგეტიკული კომპანია Burisma Holding-ის წარმომადგენლებთან. მიმოწერა მიეკუთვნებოდა პერიოდს, როცა ჰანტერ ბაიდენი აღნიშნული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, ხოლო უფროს ბაიდენს აშშ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.


გამოცემის მტკიცებით, აღნიშნული წერილები ნათლად ადასტურებდა კორუფციული სქემის არსებობას, რომელშიც მთავარი ფიგურა ჯო ბაიდენი უნდა ყოფილიყო, რადგან New York Post-ის ვერსიით, იგი საკუთარი შვილის დამსაქმებელ კომპანიას პოლიტიკური თანამდებობის გამოყენებით ლობირებდა.


უფრო კონკრეტულად, სტატიაში განვითარებულია ვერსია, რომ 2016 წელს ჯო ბაიდენმა ფაქტობრივად, აიძულა უკრაინის ხელისუფლება, გადაეყენებინა გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი, რადგან პროკურატურა იმ პერიოდში გამოძიებას აწარმოებდა Burisma Holding-ის წინააღმდეგ.


დღეისთვის ცნობილია, რომ ჯო ბაიდენი ნამდვილად იყენებდა მის ხელთ არსებულ საშუალებებს (მათ შორის, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების თემას) იმ მიზნით, რომ უკრაინის ხელისუფლებას გადაეყენებინა ვიქტორ შოკინი. თუმცა ბაიდენისა და მისი მხარდამჭერების ვერსიით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი შოკინის გადაყენებას ესწრაფვოდა არა იმიტომ, რომ ამ უკანასკნელისგან დაეცვა საკუთარი შვილის კომპანია, არამედ ზოგადად, გენერალური პროკურატურის არაეფექტიანი მუშაობის გამო.


საგულისხმოა, რომ აღნიშნული მიმოწერის შინაარსი და სხვა, სკანდალური ინფორმაციის შემცველი ფაილები მედიაში მოხვდა კომპიუტერული სერვისის კომპანიის მეშვეობით, სადაც, ამ კომპანიის მეპატრონის მტკიცებით, ჰანტერ ბაიდენმა საკუთარი ლეპტოპი შესაკეთებლად მიიტანა. თავად ჰანტერ ბაიდენი არ გამორიცხავს, თუმცა ვერც იხსენებს, მიიტანა თუ არა მან შესაკეთებლად კომპიუტერი. ბაიდენების ოჯახი დღემდე უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას კორუფციასთან დაკავშირებით და „ლეპტოპის სკანდალს“ პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს.


მიუხედავად ამისა, ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. ამასთან, ავტორიტეტულმა გამოცემებმა (The New York Times, The Washington Post) მოგვიანებით გააანალიზეს გასაჯაროებული მასალა და დაუშვეს, რომ გაჟონილი ფაილების ნაწილი, დიდი ალბათობით, ავთენტიკური უნდა იყოს, თუმცა ამას უკვე აღარ შეეძლო საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა.


სამაგიეროდ, 2020 წლის არჩევნების შედეგზე შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა მოეხდინა სოციალური მედია-გიგანტების, „ფეისბუკის“ და „ტვიტერის“ გადაწყვეტილებას, შეეზღუდათ ან („ტვიტერის“ შემთხვევაში) საერთოდ დაებლოკათ New York Post-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა.


ამგვარი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს თუნდაც 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ისტორია.


2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ვიკილიქსმა“ გაასაჯაროა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის მიმოწერები, საიდანაც ირკვეოდა, რომ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობა ფაქტობრივად შეთქმულებას აწყობდა პარტიის ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატის, ბერნი სანდერსის წინააღმდეგ და ცდილობდა საპრეზიდენტო კანდიდატად ჰილარი კლინტონის გაყვანას, რაც საბოლოო ჯამში, ასე მოხდა კიდეც. სკანდალმა არჩევნების წინ სერიოზული ჩრდილი მიაყენა დემოკრატიული პარტიისა და ჰილარი კლინტონის რეპუტაციას.


დემოკრატები 2016 წლის სკანდალში რუსულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ, რადგან ელექტრონული მიმოწერა, სავარაუდოდ, მოსკოვთან დაკავშირებული ჰაკერების მიერ უკანონოდ იქნა მოპოვებული. თუმცა რუსეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მცდელობა, გავლენა მოახდინოს ამერიკის არჩევნებზე, საზოგადოების თვალში ავტომატურად ვერ აბათილებს პრობლემებს, რომლებიც, თუნდაც უკანონო გზით მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება.


ასეა თუ ისე, 2016 წლის შემდეგ, პოლიტიკოსებთან დაკავშირებული ნებისმიერი სკანდალური ინფორმაციის „გაჟონვა“ შეერთებულ შტატებში ფაქტობრივად ეროვნული ინტერესების გამოწვევად აღიქმება და ინფორმაციის შინაარსის გარდა, ყურადღება ექცევა იმასაც, ხომ არ ცდილობს რომელიმე ქვეყანა, ამ ინფორმაციის გავრცელებით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.


ეს კითხვა, ცხადია, ლეგიტიმურია, თუმცა ასევე ლეგიტიმურია კითხვა იმის შესახებ, იძლევა თუ არა ეჭვი უცხო ქვეყნების მხრიდან არჩევნებში ჩარევის შესაძლო მცდელობაზე, ცენზურის და ინფორმაციის დამალვის უფლებას.


„ფეისბუკის“ და „ტვიტერის“ ხელმძღვანელებმა 2020 წელს, როგორც ჩანს გადაწყვიტეს, რომ მათ აქვთ უფლება, თავად შეაფასონ, რომელი ინფორმაცია შეიძლება იყოს ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობა და თავადვე მიიღონ გადაწყვეტილება ამ ინფორმაციის „შეზღუდვის“ შესახებ.


აქედან გამომდინარე, ცუკერბერგის ინტერვიუში ყველაზე საგულისხმო პასაჟი ალბათ სწორედ ის მომენტი იყო, სადაც მედიამაგნატი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნების წინ, იგი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გააფრთხილა შესაძლო „რუსული დეზინფორმაციის“ შესახებ, რითაც, ერთი შეხედვით, პასუხისმგებლობის ტვირთი გამოძიების ფედერალურ ბიუროზე გადადის.


თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის.


როგორც ირკვევა, სოციალური ქსელების ხელმძღვანელებისთვის ბიუროს არაფერი უთქვამს კონკრეტულად New York Post-ის სტატიის შესახებ, ანუ „ფეისბუკის“ (ისევე, როგორც „ტვიტერის“) ადმინისტრაციამ ზოგადი გაფრთხილების ფონზე თავად გადაწყვიტა, რომ New York Post-ის სტატია „რუსული დეზინფორმაციის შთაბეჭდილებას ტოვებდა“.


შესაბამისად, „ფეისბუკის“ შემთხვევაში მისი გავრცელება შეიზღუდა, ხოლო „ტვიტერმა“ მასალა საერთოდ დაბლოკა.


მოგვიანებით, როცა ცხადი გახდა, რომ New York Post-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა „არც ისე ყალბია“, ამ ფაქტს ამერიკულ საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება მოყვა. ამ მხრივ შეიძლება გავიხსენოთ თუნდაც ილონ მასკის კომენტარი: „ეს წარმოუდგენლად არაადეკვატური ნაბიჯი იყო“ - სწორედ ასე შეაფასა მასკმა „ტვიტერის“ მიერ რეზონანსული მასალის დაბლოკვის ისტორია.


როგორც ჩანს, ჰანტერ ბაიდენის „ლეპტოპის სკანდალი“ ამერიკაში კიდევ დიდხანს არ დასრულდება. თუმცა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტში სოციალურ მედია-გიგანტებს სულ უფრო ხშირად უწევთ „თავისმართლება“ აუდიტორიის წინაშე.


ყოველ შემთხვევაში, მარკ ცუკერბერგის ბოლო ინტერვიუმ გარკვეულწილად სწორედ თავისმართლების შთაბეჭდილება დატოვა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ქართული საზოგადოებისთვისაც, რადგან „მეტას“ სოციალური ქსელი, „ფეისბუკი“, დღეისთვის ფაქტობრივად უკონკურენტოდ დომინირებს საქართველოში.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ „ფეისბუკის“ მესვეურთა შეფასებაზეა დამოკიდებული, რა ინფორმაციას ვნახულობთ და რა ინფორმაციას ვერ ვნახულობთ სოციალურ მედიაში.



ფოტო poynter.org

ზვიად ავალიანი
  • 13
  • 3142
0 Comments