წითელი ვერსია
  • 6
  • 2650

რას ედავებიან მიხეილ სააკაშვილს მედიაში?!

07 დეკემბერი 2021

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს ქართული ტელემედია განსაკუთრებულ ყურადღებას და, შეიძლება ითქვას, საინფორმაციო დროის უმეტეს ნაწილსაც კი უთმობს, თუმცა სხვადასხვა ტელეარხზე მაყურებელმა შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია და შთაბეჭდილება მიიღოს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ედავებიან ყოფილ პრეზიდენტს.


ამგვარი განსხვავება განსაკუთრებით თვალშისაცემია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის გაშუქებისას, რა დროსაც აუდიტორიისთვის ხშირად გაუგებარი რჩება თავად ბრალდების შინაარსი.


მაგალითად, თუ ტელეკომპანია „იმედი“ ფაქტობრივად უცვლელად ტირაჟირებს პროკურატურის ბრალდებებს საკუთარ საინფორმაციო გამოშვებებსა და გადაცემებში, „მთავარი არხი“, ტვ „პირველი“ და „ფორმულა” იმავე პროცესს „პიჯაკების საქმედ“ მოიხსენიებს და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ „წვრილ“ ხარჯებზე, რათა ბრალი საზოგადოების თვალში მაქსიმალურად მსუბუქად და აბსურდულადაც კი წარმოჩნდეს.


მაგალითისთვის შეგვიძლია გადავხედოთ 1-2 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებებსა და აქცენტებს რამდენიმე არხზე.


„ბოტოქსი, მასაჟი, ოჯახის წევრების სწავლა და დასვენება, მეგობრებთან ერთად მოგზაურობა - სახელმწიფო ხაზინა პირად სარგებლობაში და გაფლანგული 9 მილიონამდე ლარი“ - ასე წარმოგვიდგინეს 1 დეკემბერს, 20:00 საათის „ქრონიკაში“ ბრალდებები მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მეტი დამაჯერებლობისთვის ბრალდებასთან დაკავშირებული ილუსტრაციებიც გვიჩვენეს.


ამ მხრივ განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გამოდგა ტელეკომპანიის ეთერში 2 დეკემბერს გავრცელებული კადრები, რომელიც მაყურებელმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად პირდაპირ ეთერში იხილა და რაც უფრო მაყურებელზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად, ვიდრე მის ინფორმირებას.


კერძოდ, ფოტოსურათებსა და ვიდეოკადრებში ვხედავთ, თუ როგორ უკეთებდნენ მასაჟს იმდროინდელ პრეზიდენტს და ასევე, თუ როგორ მუშაობს ამერიკელი მხატვარი მერედით ოსტრომი, რომელიც ნახატებს მკერდით ასრულებს და რომლის ნამუშევრის ბიუჯეტის თანხებით შეძენასაც მიხეილ სააკაშვილს ედავებიან.


იმავე დღეებში ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე სრულიად სხვა შთაბეჭდილება შეექმნებოდა „კრიტიკული მედიის“ აუდიტორიას. მაგალითად, 2 დეკემბერს ტვ „პირველმა“ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა „პიაცაზე“ გადახდილი თანხის ჩეკი, რომელსაც თან შემდეგი შინაარსის კომენტარი დაურთო: „სააკაშვილს (ჰილარი) კლინტონის ჩაით, თხილით და წვენით გამასპინძლებას ედავებიან“.


იგივე ქვეტექსტი იკითხება საქმესთან დაკავშირებით „მთავარი არხისა“ და „ფორმულის“ საინფორმაციო გამოშვებებშიც. „პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი გვირგვინის თანხას და სხვა წარმომადგენლობით ხარჯებს ედავება“ - გვაუწყებდა 1 დეკემბერს „მთავარი არხი“, ხოლო ტელეკომპანია „ფორმულამ“ „დააკონკრეტა“, რომ პიჯაკების გარდა ყოფილ პრეზიდენტს პალტოსა და ტუალეტის ქაღალდის ყიდვის გამოც (?!) ასამართლებენ.


როგორც ვხედავთ, ტელემედიის ერთი ნაწილი ექსპრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ცდილობს ბრალდებების შემსუბუქებას და სიტუაციის ისე წარმოჩენას, რომ პროკურატურა პოლიტიკური მოტივით ყოფილ პრეზიდენტს აბსურდის გამო ედავება, ხოლო მეორე ნაწილი ასეთივე მონდომებით ცდილობს საქმის მაქსიმალურ დრამატიზებას, ამგვარი პოლარიზება საბოლოო ჯამში იმით სრულდება, რომ აქტუალური თემის შესახებ საზოგადოება სრულყოფილ და მიუკერძოებელ ინფორმაციას ვერ იღებს.



ხათუნა კიღურაძე
  • 6
  • 2650
0 Comments