წითელი ვერსია
  • 8
  • 7427

რას არკვევდა ჟურნალისტი?

15 მარტი 2023

ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ბოლო დღეებში ქართული მედიის ერთ-ერთი აქტუალური თემაა.


მერაბიშვილი ინტერვიუებს უკრაინულ და რუსულ მედიას აძლევს და ამბობს, რომ ოპოზიციის და მარტის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერია, მისი მიზანი კი მასობრივი აქციების გზით ხელისუფლების შეცვლაა.


წარსულში გავლენიანი მაღალჩინოსნის ცალსახა და მკაფიო განცხადებები ინტერპრეტაციის საშუალებას ნაკლებად ტოვებს, თუმცა ამ თემაზე პოლიტიკური ვნებათაღელვა მაინც არ წყდება.


***


13 მარტს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გასული კვირის მოვლენები განიხილეს. გადაცემის სტუმარი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე იყო.


ინტერვიუს მსვლელობისას წამყვანმა ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დასვა შეკითხვა.


სანიკიძემ თემიდან გაქცევა სცადა და მერაბიშვილის ხსენება არარელევანტურად მიიჩნია:


- მე რატომ მეკითხებით ვანო მერაბიშვილზე? ვანოს ჰკითხეთ, ვანოს!


- მე სად მაქვს ვანოსთან კონტაქტი? - გაიოცა წამყვანმა.


ჟურნალისტი: ითქვა, რომ მისმა (მერაბიშვილის) განცხადებამ „ოცნების“ წისქვილზე დაასხა წყალი და მოასულიერა გონწასული „ოცნება“.


რესპონდენტმა კითხვის დაზუსტება მოითხოვა და წამყვანს ჩაეკითხა:


გუბაზ სანიკიძე: რა თქვა კონკრეტულად და სად თქვა?


წამყვანი აშკარად არ იყო მზად კონკრეტული შეკითხვების დასასმელად. მისგან გავიგეთ, რომ ვანო მერაბიშვილს უთქვამს:


- აი, უკრაინასთან ერთად უნდა ვიყოთ და ა.შ. და ა.შ. ეს მათი მხრიდან იყო აღქმული პირდაპირ, როგორც მეორე ფრონტის თემა.


პირდაპირი ნათქვამის ირიბში გადმოტანას თავისი წესები აქვს. მთავარი აქ სიზუსტის დაცვაა, რათა არ მოხდეს ნათქვამის დამახინჯება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინება და ხშირად ზუსტი ციტირება, ეს კი გარკვეულ ჟურნალისტურ ოსტატობას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათქვამის თავისუფალი ინტერპრეტაცია იწვევს იმას, რაც გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში მოხდა:


გუბაზ სანიკიძე: კოკა, დავიღალე ამ რაღაცა გაურკვეველი მანევრებით, რომელიც ბოლოში იწყებს ნაწლავების გადახლართვას!


უკრაინასთან ერთად რომ უნდა ვიყოთ, ვანო სანამდე იტყოდა, ამას ვამბობდი მე და რა იგულისხმა ვანო მერაბიშვილმა? მე მგონი საქართველოშია, არ გაგიჭირდებათ მისი მოძებნა.


ჟურნალისტი შეეცადა რესპონდენტისთვის აეხსნა, რომ ვანო მერაბიშვილი, სავარაუდოდ, თბილისში არ იმყოფებოდა. კარგი იქნებოდა დაეზუსტებინა და მაყურებელიც გაერკვია იმაში, შეეცადნენ თუ არა ჟურნალისტები მერაბიშვილის მონახვას, ან რატომ ვერ ხერხდება მერაბიშვილისგან ქართულ ენაზე ინტერვიუს აღება.


ამ გაუგებრობის შემდეგ ჟურნალისტმა კვლავ გადაწყვიტა ციტატის მოშველიება მერაბიშვილის იმ განცხადებებიდან, რომელიც 10 მარტს უკრაინაში, სააგენტო „უკრინფორმის“ მედიაცენტრში გაკეთა:


„ვაპირებთ და იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, დავიწყოთ მასობრივი აქციები და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში პროდასავლური, პროუკრაინული ხელისუფლების მოსვლა, რათა უკრაინა მარტო არ იყოს, რადგან ჩვენ ვართ მოკავშირეები და ერთად უნდა ვიყოთ და გამარჯვება ერთად აღვნიშნოთ.“


- მეორე ფრონტის გახსნა იყო ნაგულისხმევი - დაასკვნა ჟურნალისტმა აღნიშნულ ციტატაზე დაყრდნობით.


- ამ ქართული ოცნების ნარატივს ნუ აყვებით მედია, რა! ... რას არკვევ, ვერ გავიგე?... ნათქვამზე გაქვს რამე პრეტენზია? - ჩაეკითხა წამყვანს გუბაზ სანიკიძე.


ჟურნალისტმა ვანო მერაბიშვილის ნათქვამიდან ვერ გამოკვეთა ის აქცენტები, რომელიც მის თეზისს დაადასტურებდა. ამან კი რესპონდენტს საშუალება მისცა, პასუხებისთვის თავი აერიდებინა და ეპასუხა ისე, როგორც მისთვის იქნებოდა პოლიტიკურად მიზანშეწონილი.


გუბაზ სანიკიძე: მე ვამბობ - საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეები! მოდით ახლა და მელაპარაკეთ!


რა თქმა უნდა, ეს არ არის პასუხი იმაზე, რაც ვანო მერაბიშვილმა თქვა თუნდაც წამყვანის მიერ მოშველიებული ციტატით: - როგორ აპირებს ის ხელისუფლების შეცვლას მასობრივი აქციებით? ან რას ნიშნავს და როგორ გაიგეს ოპოზიციაში მერაბიშვილის ნათქვამი?


წამყვანმა რატომღაც არ მოიშველია მერაბიშვილის სხვა ციტატები, რომელიც ორაზროვანი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა და დაზუსტებას საჭიროებს მერაბიშვილის პოლიტიკური მოკავშირეების მხრიდან:


- "მე როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ ქართველები ამ ომში არ არიან უკრაინელთა მთავარი მოკავშირეები... „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა აპირებს ამ ბრძოლის გაგრძელებას...."


ასევე გაუგებარია, რატომ არ მოიშველია ჟურნალისტმა მერაბიშვილის ციტატები მაგალითად, ჟურნალისტ ევგენი კისილიოვისთვის მიცემული ინტერვიუდან, სადაც ის ღიად და დაუფარავად საუბრობს „მაიდანზე“, პოლიციის კორდონის გარღვევასა და ხელისუფლების დასრულებაზე.


ლელა კურდღელაშვილი
  • 8
  • 7427
0 Comments