წითელი ვერსია
  • 3
  • 4590

რას (არ) გვეუბნებიან საინფორმაციო გამოშვების წამყვანები

17 მაისი 2020

ქართულ ტელემედიაში არსებულ პოლარიზაციის პრობლემაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა; თუმცა ნაკლებად არის შესწავლილი ის ფაქტი, რომ პოლარიზაცია რეალურად საკმაოდ დინამიური პროცესია, სადაც დაპირისპირების, მიკერძოების და აგრესიულობის ხარისხი პერიოდულად იზრდება ან მცირდება, იმისდა მიხედვით, საარჩევნო ციკლის რომელ ეტაპზე იმყოფება ქვეყანა მოცემულ მომენტში.


2020 წელს ქართულ მედიაში რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო საკუთარი სარედაქციო დღის წესრიგის დამკვიდრების, პროპაგანდის და მოწინააღმდეგე ჯგუფების მიმართ აგრესიის ხარისხის ზრდა, რადგან შემოდგომაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მაგრამ ამ პროცესს აქვს ცალკეული თავისებურებებიც.


ერთერთი ასეთი თავისებურებაა ცვლილება ახალი ამბების, ანუ იგივე „ნიუსის“ გადმოცემის სტილსა და შინაარსში;


ვიდრე ამ ცვლილებას განვიხილავთ, უნდა გავიხსენოთ, რომ საინფორმაციო გამოშვება არის სპეციფიკური მედიაპროდუქტი, საიდანაც მაყურებელი ელოდება მაქსიმალურად ბევრ ახალ და მნიშვნელოვან ინფორმაციას, მინიმუმამდე შემჭიდროებულ დროში. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, საინფორმაციო გამოშვება ყველაზე ნაკლებად ეგუება ემოციას, გადმოცემის სუბიექტურ, შეფასებით სტილს და შესაბამისად, მაყურებელზე ორიენტირებული „ნიუსი“ სასურველია შეიცავდეს რაც შეიძლება მეტ ფაქტს და რაც შეიძლება ცოტა შეფასებას, ისიც - არა უშუალოდ წამყვანის მხრიდან.


სწორედ ამის გამო, ტრადიციულად, ის მედიასაშუალებებიც კი, რომლებიც ღიად აფიქსირებენ თავის პოლიტიკურ სიმპათიებს და ასახავენ კიდეც ამ პრიორიტეტებს სარედაქციო სტრატეგიაში, ცდილობენ შეინარჩუნონ თუნდაც ფორმალური მიუკერძოებლობა (წამყვანის მხრიდან) საინფორმაციო გამოშვებებში; საზოგადოებრივ-პოლიტიკური დღის წესრიგის ადვოკატირება კი აწარმოონ თოქშოუსა და პოლიტიკაზე ორიენტირებულ სხვა ზოლებში, სადაც მაყურებელი სწორედ სუბიექტურ პოზიციას და შეფასებით მსჯელობას ელოდება.


ამასთან, უშუალოდ საინფორმაციო გამოშვებაში, იდეოლოგია, ცხადია, მაინც ვლინდება, მაგრამ არაპირდაპირი ფორმით და შეგვიძლია ამოვიცნოთ მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რას მიიჩნევს არხი მნიშვნელოვან ამბად (რას აშუქებს) და რას - არა; რა პრიორიტეტულობით ალაგებს ამბებს საინფორმაციო ზოლში; რომელ ამბავს ეთმობა მეტი დრო, ვის სთხოვენ კომენტარს მოცემულ ამბავთან დაკავშირებით;


ასე იყო ჯერ კიდევ ახლო წარსულში;


თუმცა ცვლილება, უფრო სწორად კი, ტენდენცია, რომელიც დღეს უკვე თითქმის ტრადიციად დამკვიდრდა, გულისხმობს სწორედ ამ პრინციპის უგულებელყოფას, ანუ ახალი ამბების მოწოდებას დემონსტრაციულად სუბიექტური წამყვანის მიერ, რომელიც რეალურად გვაცნობს არა ფაქტებს, არამედ საკუთარ (ან/და რედაქციის) დამოკიდებულებას ამ ფაქტების მიმართ.


მეტიც - ქართულ ტელეარხებზე თუნდაც მხოლოდ ერთი კვირის დაკვირვება (4-10 მაისი) გვიჩვენებს, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ფაქტობრივად წაშლილია ზღვარი ფაქტსა და შეფასებას შორის, ხოლო წამყვანების მხრიდან არ იგრძნობა მცდელობა, ფორმალურად მაინც შეინარჩუნონ დისტანცია იმ ფაქტებთან მიმართებაში, რომლებსაც აშუქებენ.


მაგალითად, 8 მაისს ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა გვითხრა, რომ „მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნამ „ქართულ ოცნებას" დიპლომატიურ ენაზე საუბარი დაავიწყა“, ხოლო 9 მაისს, იგივე თემის გაშუქებისას "მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ხელისუფლების რეაქცია შეაფასა, როგორც "პოლიტიკური ბოღმის ნთხევა და სტრატეგიულ პარტნიორთან დაწყებული დიპლომატიური ომი".


ახალი ამბების მოწოდების ეს სტილი ცხადია, არ შემოიფარგლება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული ტელეარხებით. იგივე თემას, ანუ სააკაშვილის ფიგურის გააქტიურებას უკრაინაში, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანები უკვე „მიხეილ სააკაშვილის ტრაგიკომედიად" აფასებდნენ, რომელიც "ადგილს ისევ ვერ პოულობს“.


თუ "იმედის" შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულების დემონსტრირება შესაძლოა თეორიულად მაინც აიხსნას იმით, რომ სააკაშვილი სასამართლოს მიერ არის დამნაშავედ ცნობილი, მისი მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, სუფთა პოლიტიკური პროპაგანდაა, რასაც "მთავარი არხის" და "ფორმულას" საინფორმაციო გამოშვებებში ძალიან ხშირად ვხედავთ.


თუ დავაკვირდებით მსოფლიო და განსაკუთრებით, დასავლური მედიის პრაქტიკას, რითაც ქართული მედია, როგორც წესი, ცდილობს იხელმძღვანელოს ეთიკური სტანდარტების შემუშავებისას, ვნახავთ, რომ დასავლურ მედიაში „სუბიექტური ნიუსი“ განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როცა მწვავდება შიდა თუ საგარეო კონფლიქტები და მედიის დღის წესრიგს იკავებს შეურიგებელი კონფრონტაციის თემატიკა. ეს შეიძლება იყოს ომი, ტერორიზმთან ბრძოლა და სხვა ისეთი საკითხები, სადაც წამყვანი, როგორც ამავე დროს, კონკრეტული ქვეყნის მოქალაქე, თავს უფლებას აძლევს, იყოს მხარე;


ზოგადად, „სუბიექტური ნიუსი“ ყველაზე მეტად დამახასიათებელია სწორედ ომის ჟურნალისტიკისთვის; შესაბამისად, როცა არასაომარ ვითარებაში მედიაში აქტიურდება ომის ჟურნალისტიკისთვის დამახასიათებელი ტენდენციები, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ საზოგადოების შიგნით დაპირისპირება და კონფრონტაცია ფაქტობრივად სამოქალაქო ომისთვის დამახასიათებელ ნიშნულებს აღწევს;


აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, ეკონომიკურმა კრიზისმა, მისგან გამოწვეულმა შიდაპოლიტიკურმა პრობლემებმა და გეოპოლიტიკურმა ტურბულენტობამ დასავლურ მედიაშიც გაააქტიურა ომის ჟურნალისტიკისთვის დამახასიათებელი სტილი და ამის თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ იგივე ამერიკული მედიის თვალშისაცემი პოლარიზება;


თუმცა ეს არ ამართლებს და არც პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ქართულ მედიას, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ კომუნიკატორის და პოზიციების გაცვლა-შეჯერების მოედნის როლს ასრულებდეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის, სამწუხაროდ, ბანალური აგიტატორის ფუნქციით შემოიფარგლება და კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების შიგნით არსებულ ისედაც მწვავე წინააღმდეგობებს.


ზვიად ავალიანი
  • 3
  • 4590
1 Comments

Джемал Мехрадзе

პრაქტიკულად საქართველოში არსებული მედია ვერ გახდა დამოუკიდებელი-მთავარი არხი სააკაშვილის მეხოტბეა,იმედი და მაესტრო ბიძინა ივანიშვილის,საზოგადობრივი ვითომ კეკლუცობს მაგრამ რუსთავი 2 თან ერთად მაინც ხელისუფლების დაცვითაა დაკავებული,ტვ1ჭუტა წერეთლის და ინგა გრიგოლიას აზრებს არ ფრქვევს,ოღონდ აქ ერთი ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი მაინც ცდილობს დააბალანსოს გადაცემები,კავკასია მერბ მეტრეველის გარდა გელბახიანის დაგუბაზის ტელევიზიად იქცა ,რამიშვილ-ნაცვლიშვილის ტელევიზია კი პუტინს აქვს ნაყიდი(მუდმივად რუსულ ფილმებს აჩვენებს,რომ არაფერი ვთქვათ მათი ოდიოზურიწამყვანების სიმართლეს დიდად აცდენილი გადაცემების შესახებ)