წითელი ვერსია
  • 3
  • 3603

რა საფრთხეს შეიცავს ზერელე ჟურნალისტური მოკვლევები

16 ივნისი 2020

მედიის ნაწილი და ოპოზიცია ამტკიცებენ, რომ საქართველოში კორუფცია მძვინვარებს, ხოლო ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს მაღალ ეშელონებში კორუფციის არსებობას, მედიასაშუალებებს პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს და კონკრეტულ ფაქტებს მოითხოვს.


ივნისის დასაწყისში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, გამოკითხულთა 98 პროცენტი ამბობს, რომ კორუფცია ქვედა ეშელონებში პრაქტიკულად არ გვაქვს, თუმცა, გამოკითხულები ფიქრობენ, რომ ხშირად გვხვდება ბიზნესინტერესების ლობირების, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვისა და ნეპოტიზმის შემთხვევები.


კარგი იქნებოდა, კვლევაში დაზუსტებულიყო, საიდან ჩამოუყალიბდათ რესპონდენტებს ეს აზრი, თუმცა ამგვარი განწყობის ფორმირება, ძირითადად, ორი გზით არის შესაძლებელი:

1. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მასი ნაცნობი პირის ცხოვრების ხარისხი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მის ხელფასთან შეუსაბამოდ გაუმჯობესდა;

2. როცა ადამიანი აღნიშნული პრობლემის შესახებ რომელიმე მედიასაშუალებიდან იგებს.


ზოგადად, კორუფციული თემების გამოძიება მეტად რთული საქმეა: შესაბამისი დოკუმენტებისა თუ მტკიცებულებების მოპოვების უნართან ერთად, ჟურნალისტს მასალის დამუშავებისათვის საჭირო ცოდნა და კვალიფიკაციაც უნდა ჰქონდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, ჟურნალისტი გაეხვეს არა მარტო რეპუტაციულ, არამედ სამართლებრივ სკანდალშიც, რაც მსოფლიო მედიის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა კიდეც.


ზერელე ჟურნალისტური გამოძიების მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ „ტვ პირველის“ ბოლოდროინდელი საინფორმაციო გამოშვებები. აქ ყოველდღე რამდენიმე გამოძიება მზადდება, რაც არცთუ მდიდარი რესურსების პატრონი ქართული ტელეარხისთვის კი არა, ნებისმიერი საერთაშორისო მასშტაბის მედიასაშუალებისთვისაც კი ლამის წარმოუდგენელი ამოცანაა.


ხსენებული ტელევიზიის ერთი რიგითი საინფორმაციო გამოშვების მცირე ანალიზი თვალსაჩინოს ხდის საკითხისადმი ასეთი კონვეიერული მიდგომის ხარვეზებს, ტელევიზიასა და მის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები კი გვიჩვენებს, რამდენად დამაზიანებელია მედიაორგანიზაციის რეპუტაციისათვის ამგვარი ექსპერიმენტები.


10 ივნისს „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურმა სამი, გამოძიების თვალსაზრისით ურთულესი, კორუფციული თემა შემოგვთავაზა:

1. გახარიამ ივანიშვილს მუხათწყაროში, აბასთუმანში, მწვანე კონცხსა და ბაკურიანში მიწები გადაუფორმა, ბრძანება კი დამალა. რის სანაცვლოდ მიიღო ივანიშვილმა 49 000 კვ. მეტრი მიწა?

2. თავდაცვის სამინისტროს ახალი, საეჭვო შესყიდვების შესახებ - ვისგან იყიდა, რა იყიდა და რამდენი გადაიხადა ირაკლი ღარიბაშვილმა?

3. რატომ აძლევს სახელმწიფო თქვენს ფულს კომპანიებს, რომელთა საქმიანობასაც პროკურატურა იძიებს?


სამწუხაროდ, რეპორტაჟებში წარმოდგენილი ხმაურიანი მასალები ჟურნალისტური გამოძიების არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს და მხოლოდ შეფასებითია.


პირველ სიუჟეტში „ტვ პირველის“ კორესპონდენტი მთლიანად დაეყრდნო ინტერნეტგამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ მიერ მომზადებულ მოკვლევას, თავად კი მხოლოდ პოლიტიკოსთა შეფასებები დაამატა. მეტიც, ტელეარხმა უგულებელყო „სამხრეთის კარიბჭის“ მოკვლევაში ნახსენები გარემოება, რომ ბანკმა „ქართუმ“ და ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწები გაცვალეს.


ამ გაცვლის მიზეზი განმარტებულია მთის კურორტების სააგენტოს მიერ „სამხრეთის კარიბჭისათვის“ გაგზავნილ წერილში. წერილისა და ქონების გაცვლის მიზნების შესახებ „ტვ პირველის“ სიუჟეტში არაფერი თქმულა. სხვათა შორის, გამოძიების ავტორმა ინტერნეტგამოცემამ დაადგინა, რომ დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც გაცვლა მოხდა, მთავრობის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული არ არის. ის გარემოება, რომ მთავრობის ვებგვერდზე ატვირთული არ არის განკარგულებების გარკვეული რაოდენობა, მართლაც შეიძლება მედიის ინტერესის საგნად იქცეს, მაგრამ ეს საკითხი „ტვ პირველმა“ მთლიანად გადაფარა ბიძინა ივანიშვილის სახელის ხშირი ხსენებით; არადა, ეს სახელი არცერთ დოკუმენტსა თუ ოპერაციაში არ ჩანს.


რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს - კომერციული ბანკისთვის ქონების სანაცვლოდ სხვა ქონების გადაცემას - ზოგადად, ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა. ასეთ გარიგებებს ერთვის სათანადო დოკუმენტაცია, სადაც შეფასებულია ორივე მხარის ქონება და ნაჩვენებია შეფასების კრიტერიუმები, თუმცა მსგავსი დოკუმენტაცია „ტვ პირველს“ არ მოუკვლევია. აღნიშნული მონაცემების გარეშე კი კორუფციაზე და ე.წ. „გავლენებით ვაჭრობაზე“ მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განაცხადები არასერიოზულია. ასევე გულუბრყვილობაა იმ არგუმენტის მოშველიება, რომ ბაკურიანში, დიდველზე აგებულ შენობაში გადაცვლილი 14-ჯერ მეტი ფართობის მიწის ფასი აღნიშნული ქონების ფასს აუცილებლად აღემატება. სავსებით შესაძლებელია, პირიქითაც იყოს, რადგან მიწის ფასი არაერთგვაროვანია, გამომდინარე მისი დანიშნულებიდან და მდებარეობიდან.


სხვათა შორის, „ტვ პირველი” არც მოგვიანებით დაინტერესდა ეკონომიკის სამინისტროს პოზიციით, რომელიც თავდაპირველი მოკვლევის ავტორმა, „სამხრეთის კარიბჭემ“, 11 ივნისს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. აღნიშნულ კომენტარში მინისტრმა ნათია თურნავამ უარყო, რომ ამ გარიგებით „ქართუ ჯგუფმა“ სარგებელი მიიღო, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მომზადებული გამოძიება კი ფაქტების დამახინჯებულ ინტერპრეტაციად შეაფასა.


საბოოლოოდ, მთელი ამ „მხილებითი სკანდალის“ შედეგად, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარჩა იმედგაცრუებული, რადგან მედიამ მხოლოდ გაამძაფრა მისი ეჭვები, დადასტურებით კი ვერაფერი დაადასტურა.


სიღრმისეულ შესწავლას იყო მოკლებული „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვების მიერ იმავე დღეს მომზადებული კიდევ ორი სიუჟეტიც, რომლებიც ასევე კორუფციულ გარიგებებზე მოგვითხრობდნენ. ამ შემთხვევაშიც, მტკიცებულებების ნაცვლად მოვისმინეთ პოლიტიკური შეფასებები, რასაც მოჰყვა კორუფციაში დადანაშაულებული სამინისტროების პასუხი და საპასუხო ბრალდებები მედიის მისამართით.


ქართულმა მედიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეკონომიკური და კორუფციული თემების გამოკვლევა დიდ შრომას, განსაკუთრებულ ცოდნასა და კვალიფიკაციას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღებთ „ყვითელ“ სკანდალს, რომელსაც ყველა პოლიტიკური ჯგუფი სათავისოდ იყენებს, მედიის რეპუტაციას კი გამოუსწორებელი ზიანი ადგება.


ლელა კურდღელაშვილი
  • 3
  • 3603
0 Comments