წითელი ვერსია
  • 5
  • 3523

რა იქადაგა მოსაყდრე შიომ?!

24 ოქტომბერი 2021

როდესაც მედია გვთავაზობს კომენტარს ამა თუ იმ ფაქტთან ან მოვლენასთან დაკავშირებით, აუდიტორიას აუცილებლად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თავად იმ ამბის შესახებაც, რომელსაც რესპონდენტი ეხმაურება; წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება ინფორმაციის ნაცვლად იღებს მხოლოდ შეფასებას და კონტექსტის არცოდნის გამო ისიც გაურკვეველი რჩება, საერთოდ რას ეხება და რატომ გაკეთდა აღნიშნული კომენტარი.


22 ოქტომბერს „მთავარი არხის“ შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტმა შექმნა მოლოდინი, რომ წარმოგვიდგენდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებას მოსაყდრე შიოს „სკანდალურ ქადაგებასთან“ დაკავშირებით, თუმცა გარდა იმისა, რომ მეუფე გრიგოლმა, ფაქტობრივად, უარი განაცხადა ტელევიზიასთან ქადაგების კომენტირებაზე, მაყურებელმა ვერაფერი მოისმინა თავად ქადაგების შესახებაც გარდა იმ შეფასებისა, რომ ეს იყო „სკანდალური ქადაგება“, სადაც მოსაყდრე შიომ მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა.


მიუხედავად ამისა, ჟურნალისტმა, რომელიც მიტროპოლიტს გაესაუბრა, აღნიშნა, რომ მეუფე გრიგოლი პირველი მღვდელმთავარია, რომელმაც მოსაყდრე შიოს „სკანდალური ქადაგების“ შემდეგ კომენტარი გააკეთა და თუკი მიეცემა შესაძლებლობა, იგი სინოდის სხდომაზე ღიად იტყვის თავის პოზიციას „ამ საკმაოდ მძიმე მოსასმენ ქადაგებასთან მიმართებაში“.


რეალურად, მეუფე გრიგოლის „კომენტარი“ „მთავართან“ იმით შემოიფარგლა, რომ „კომენტარების გაკეთება საერთოდ უმადური საქმეა, მით უმეტეს კოლეგის თუ სულიერი ძმის ნათქვამზე“, თუმცა სასულიერო პირმა ისიც თქვა, რომ ქადაგების შესახებ სინოდის კრებაზე ისაუბრებს.


რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა სწორად ინტერპრეტირებული მოსაყდრე შიოს მიერ წმინდა წერილი და სახარება, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ადამიანები არა მარტო კითხულობენ სახარებას, არამედ ინტერპრეტაციას უკეთებენ მას („ყველას თავისი ინტერპრეტაცია აქვს, პასუხს ვერ აგებ სხვის ნათქვამზე“).


ამგვარად, სიუჟეტიდან, რომელსაც 5 წუთზე მეტი დრო დაეთმო, მაყურებელმა მხოლოდ ის შეიტყო, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეფასებით მოსაყდრე შიოს ქადაგება იყო „სკანდალური“, „მძიმე მოსასმენი“ და რომ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად იქნა ინტერპრეტირებული მის მიერ წმინდა წერილი, თუმცა სიუჟეტი ისე დასრულდა, აუდიტორიამ მაინც ვერ გაიგო კონკრეტულად როდის და კონკრეტულად რა თქვა მოსაყდრე შიომ ამბიონიდან: მაყურებლისთვის ამ ქადაგებიდან არც ერთი კადრი ან ფრაგმენტი არ უჩვენებიათ.


ცნობისთვის, თუ გადავხედავთ მოსაყდრის ბოლოდროინდელ განცხადებებს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი სკანდალურ ქადაგებაში, შესაძლოა, გულისხმობდეს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის მიერ 17 ოქტომბერს, საკვირაო ქადაგებისას წარმოთქმულ სიტყვას, რომ ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.


„დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას. ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე, ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევაშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“.


ეს არის ფრაგმენტი მოსაყდრე შიოს ვრცელი ქადაგებიდან, რომელსაც სხვა მედიასაშუალებების არქივი ინახავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქადაგებისას მოსაყდრე შიოს კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი არ უხსენებია.


ხათუნა კიღურაძე
  • 5
  • 3523
0 Comments