წითელი ვერსია
  • 0
  • 6508

რა გაფუჭდა - ვაქცინა თუ მაცივარი?

01 ივლისი 2021

კოვიდპანდემიასთან ბრძოლის ფონზე ვაქცინებთან დაკავშირებული ამბების გაშუქება მედიის მხრიდან განსაკუთრებით ფრთხილ და პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას მოითხოვს, რადგან ნებისმიერმა არასწორმა ან დაუზუსტებელმა ცნობამ, შესაძლოა, არა მხოლოდ შეცდომაში შეიყვანოს მაყურებელი, არამედ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც შეუქმნას საფრთხე.


ტელეკომპანია „პირველმა“ 30 ივნისს მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინები გაუფუჭდათ“. სწორედ, ამგვარად წარუდგინეს აუდიტორიას 13:00 საათის საინფორმაციო გამოშვება „პირველებში“ ამბავი იმის შესახებ, რომ აღნიშნულ კლინიკაში ვაქცინების შესანახი მაცივრის ტემპერატურული რეჟიმი დაირღვა, რის შემდეგაც, როგორც ამავე სიუჟეტის რესპონდენტი, კლინიკის დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე განმარტავს, 700-ზე მეტი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შესანახად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გადაიტანეს.


„ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტია, ‘ასტრაზენეკას’ 700 დოზა კი უვარგისი და გადასაყრელია. მიზეზი კი იმ მაცივრების გაფუჭება გახდა, სადაც პრეპარატს ინახავდნენ“; „რესპუბლიკური კლინიკის დირექტორის მოადგილემ ჯავარა უგრეხელიძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა ტვ ‘პირველის’ ინფორმაცია, რომ 700 დოზა ‘ასტრაზენეკას’ ვაქცინა გაფუჭდა“, - გვაცნობებდნენ „პირველებში“ მიუხედავად იმისა, რომ როგორც რესპონდენტმა განმარტა, ჯანმოსა და რეგულირების სააგენტოს დასკვნის თანახმად ვაქცინებს პრობლემა არ შექმნიათ.


თემის გაშუქება ტელეკომპანიამ დღის განმავლობაში კვლავ იმგვარი სათაურით განაგრძო („გაფუჭებული ვაქცინები“), რომელიც ვაქცინების „გაფუჭებას“ ფაქტად წარმოაჩენდა. თუმცა, ამ სათაურის მიუხედავად, მაგალითად, 15:00 საათის გამოშვებაში ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ დასკვნა კლინიკიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გადატანილი დოზების ვარგისობის შესახებ გასაჯაროებული არ იყო, შესაბამისად, არ არსებობდა დაზუსტებული ინფორმაცია, გაფუჭდა თუ არა 700-ზე მეტი დოზა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის გამო.


მოგვიანებით, 20:00 საათის შემაჯამებელ გამოშვებაში „პირველებმა“ ინფორმაცია კიდევ უფრო დააზუსტა და ვაქცინების გაფუჭება მაყურებელს არა დადასტურებულ ფაქტად, არამედ შესაძლო საშიშროებად წარუდგინა - „ვაქცინის მაცივარი გაფუჭდა“ : „რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინის მაცივარი გაუფუჭდათ, რის გამოც 700 დოზა 'ასტრაზენეკა', შესაძლოა, გადასაყრელი გახდეს. კლინიკაში ამტკიცებენ, რომ ვაქცინა, რომელიც გაფუჭებულ მაცივარში ინახებოდა, ვარგისიანია, თუმცა, შესაბამის დასკვნას არავინ ასაჯაროვებს“.


აღსანიშნავია, რომ თემის გაშუქება ტელეკომპანია „პირველმა“ მომდევნო დღეს, 1 ივლისსაც განაგრძო. კერძოდ, 11:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში, სიუჟეტში სათაურით „ვაქცინის მაცივარი გაფუჭდა“ მაყურებელს კვლავ მტკიცებითი ფორმით მიაწოდეს წინა დღის ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოში ასობით დოზა გაფუჭდა. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობის დაუდევრობაა. ვაქცინას ინახავდნენ დარღვეული ტემპერატურის რეჟიმის პირობებში, რის გამოც 700-ზე მეტი დოზის გამოყენება შეუძლებელია.“


ამგვარად, როგორც ვხედავთ, 1 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია არა მხოლოდ ეწინააღმდეგება კლინიკის პოზიციას და რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლის კომენტარს, არამედ ასევე ეწინააღმდეგება თავად სიუჟეტის სათაურსაც.


ცხადია, შესანახი მაცივრის ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა არ გამორიცხავს ვაქცინების გაფუჭებას და ასეთი პრეცედენტი მიმდინარე პანდემიის დროს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა, თუმცა, როდესაც ტელეკომპანია უნდობლობას უცხადებს კლინიკის ოფიციალურ წარმომადგენელს და ავრცელებს მისი კომენტარისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას, შედეგად შეიძლება მივიღოთ არა მაყურებლის ობიექტური ინფორმირება, არამედ საზოგადოებაში დაბნეულობისა და პანიკის გამოწვევა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 6508
0 Comments