წითელი ვერსია
  • 1
  • 1419

რა დანიშნულება აქვს უკრაინის თემას ქართულ მედიაში?

22 აპრილი 2021

ქართულ მედიაში უკრაინას საქართველოს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნად მოიხსენიებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართულ ტელეარხებზე ინფორმაცია უკრაინის შესახებ მაყურებელს, როგორც წესი, შიდაპოლიტიკურ კონტექსტში მიეწოდება.


თავად განსაჯეთ: ქართულ მედიას უკრაინა მაშინ ახსენდება ხოლმე, როცა ამ ქვეყნის მედიაში ვრცელდება ქართველი პოლიტიკოსთა საუბრების მორიგი ფარული ჩანაწერი ან მორიგ სკანდალში ეხვევა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სამშობლოში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამჟამად უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.


ასეთ ფაქტებს მიხეილ სააკაშვილისა და, ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობისადმი“ უარყოფითად განწყობილი მედიასაშუალებები აქტიურად იყენებენ ამ უკანასკნელის დისკრედიტაციისთვის; თუმცა, უკრაინის თემას ამგვარადვე იყენებს და ხშირად არც მის მანიპულირებას ერიდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მედიაც.


განსხვავება ისაა, რომ ოპოზიციური მედია მაშინ აქტიურდება, როდესაც მწვავდება კონფლიქტი უკრაინასა და რუსეთს შორის. ასეთ დროს ე. წ. „პროუკრაინული“ ქართული მედიასაშუალებები ყველა ღონესა და საშუალებას მიმართავენ იმის საჩვენებლად, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უკრაინისადმი არასაკმარის სოლიდარობას იჩენს, თითქოს თბილისი კიდევ უფრო რადიკალურად (სამხედრო მოქმედებებში ჩართვით?) უნდა დაუპირისპირდეს მოსკოვს, თითქოს უკრაინის ბედი საერთოდაც საქართველოზეა დამოკიდებული და ა. შ.


განვლილი ერთი თვის განმავლობაში, ანუ მას მერე, რაც უკრაინაში კონფლიქტის მორიგი ესკალაციის საფრთხე გამოიკვეთა, ქართული ოპოზიციური არხები მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ძირითადად სწორედ ამგვარ ჟურნალისტიკას გვათავაზობენ. აი, რამდენიმე მაგალითი:


15 აპრილს გადაცემა „პოლიტიკის ფორმულა“ (ტელეკომპანია „ფორმულა“) წამყვანმა დაიწყო ბრალდებით, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი არ შეუერთდა (?!) კიევში ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს, რომელიც ამ ფორმატით უკრაინის მხარის თაოსნობით შედგა.


გაუგებარია, რატომ ჩათვალა „ფორმულამ“, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეეძლო, საკუთარი ინიციატივით „შეერთებოდა“ სამი ბალტიისპირა ქვეყნის წარმომადგენელ კოლეგებს. თუმცა, ეს არ არის უკრაინასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული არც ერთადერთი, არც ყველაზე პროვოკაციული ბრალდება.


მაგალითად, 10 აპრილს დონეცკის მოვლენებისადმი მიძღვნილ ინფორმაციაში „მთავარმა არხმა“ მორიგი „ფეიკ-ნიუსი“ გაავრცელა, თითქოს „სწორედ ამ რთულ დროს მთავრობას უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა 11 თვის განმავლობაში გაწყვეტილი ჰქონდა.“


სინამდვილეში საქართველოს უკრაინასთან არასდროს გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობა. 2020 წლის 8 მაისს თბილისმა უკრაინიდან მხოლოდ ელჩი გამოიხმო კონსულტაციებისათვის (ეს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას არ ნიშნავს), რაც უკავშირდებოდა საქართველოში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას.


ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს „უნებლიე შეცდომა“ იყო. უფრო საფიქრებელია, რომ თავად სიუჟეტიც და ელჩთან დაკავშირებული კონკრეტული დეზინფორმაციაც გათვლილი იყო დიპლომატიურ ურთიერთობათა ნიუანსებში გაუთვითცნობიერებელი აუდიტორიის ემოციებით მანიპულირებაზე.


მსგავსი ბრალდებები, ოღონდ მისთვის დამახასიათებელი, ანუ კიდევ უფრო ემოციური ინტონაციით გამოთქვა ტვ „პირველმა“ 8 აპრილს. კერძოდ, ტელეკომპანიამ ჯერ თავად „დაადანაშაულა“ საქართველოს ხელისუფლება „დაგვიანებულ რეაქციაში“, ხოლო შემდგომ ოპოზიციის წარმომადგენლებს მისცა საშუალება, კიდევ უფრო განევრცოთ ეს „ბრალდება“ და „დანაშაულის“ მიზეზები განემარტათ.


საერთოდ, უკრაინის თემაზე ოპოზიციურ მედიასაშუალებებში პოლიტიკოსთა განცხადებები უფრო ხშირად გვესმის, ვიდრე მიუკერძოებელ ანალიტიკოსთა შეფასებები თუ პროგნოზები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ოპოზიციური ტელემედიის მიზანი არის არა უკრაინაში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული ანალიზი, არამედ ხელისუფლებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება და ოპოზიციის სასარგებლო პროპაგანდის წარმოება.


კიდევ ერთი შტრიხი, რომელიც ნათლად ადასტურებს ქართული მედიის მიდრეკილებას, უკრაინა შიდაპოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენოს, არის ამ ქვეყნისადმი ინტერესის პერიოდული დაკარგვა. ეს მაშინ ხდება, როცა უკრაინაში არ შეინიშნება სამხედრო ესკალაციის ნიშნები და, შესაბამისად, ძნელია უკრაინის ამბების გამო საქართველოს ხელისუფლებაზე იერიშის მიტანა ან ოპოზიციის სასარგებლო პროპაგანდის წარმოება.


ასეთ დროს კიევი, როგორც წესი, კარგა ხნით ქრება ხოლმე ქართული მედიის დღის წესრიგიდან, რაც, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინაში საინტერესო და მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.


პირიქით, მიზეზი, რატომაც ქართული საზოგადოებისთვის თითქოს მოულოდნელი გამოდგა უკრაინაში ვითარების ესკალაცია, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქართულმა მედიამ, ფაქტობრივად, გამოტოვა 2019-20 წლებში იქ მომხდარი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა.


არადა, გახმაურებული საეკლესიო კონფლიქტის შემდეგ, რომელიც (ნახსენები მიზეზებით) ქართულ მედიაში აქტიურად შუქდებოდა, უკრაინაში თუ მის გარშემო ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა და შეიცვალა, რისი ცოდნაც უთუოდ დაეხმარებოდა აუდიტორიას, უკეთ გარკვეულიყო დღევანდელი ვითარების არსში.


ამ მოვლენების გაშუქებისა და გაანალიზების ნაცვლად, ქართული მედიის დიდი ნაწილი კვლავ განაგრძობს უკრაინის თემით მანიპულირებას, ხოლო უკრაინის მოვლენებისადმი მიძღვნილი სიუჟეტები გამოირჩევა ზედაპირულობით, უკიდურესად სუბიექტური მსჯელობითა და ემოციებზე გათვლილი პროპაგანდით.


ზაალ ანჯაფარიძე
  • 1
  • 1419
0 Comments