წითელი ვერსია
  • 6
  • 10616

რა დაინახა ლუდა სალიამ ბინოკლიდან?

31 მარტი 2024

კადრში ჩანს შუახნის ქალბატონი, ჩალის ქუდით და დიდი ბინოკლით, რომელიც რაღაცას აკვირდება და სავარაუდოდ, იმათ, ვინც მისი ბინოკლიდან ჩანან, ყვირილით მიმართავს:


„თქვე რუსებო, თქვენა, კიდევ გამოჩნდით?!


რით ვერ გაძეხით, რით, ა?!


კიდევ აქეთ მოიწევთ, თქვე დასახოცებო, თქვენა!


აქედან წაეთრიეთ, ეს თქვენი ტერიტორია არ არის! (მიმართავს რუსულად)


ღორებო თქვენა! ერთი ამათ დამიხედეთ, რა! გაეთრიეთ აქედან!“



როგორც „ფორმულას“ 29 მარტის 14-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გვითხრეს, ეს ქალბატონი სოფელ ხურვალეთში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ლუდა სალიაა, რომელსაც საკუთარი ეზოდან სოფლის სიახლოვეს გამოჩენილი ოკუპანტები დაუნახავს და ამის დასტურად ფოტოც გამოუქვეყნებია სოციალურ ქსელში.


წამყვანის თქმით, აქტივისტი ლუდა სალია პასუხს ითხოვს ხელისუფლებისგან, თუ რას უკავშირდება რუსების გააქტიურება


„გააკეთა თუ არა განმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და რა ხდება ახლა ხურვალეთთან?“ - იკითხა წამყვანმა.


ხურვალეთში, ამბების მოსაძიებლად სპეციალურად გამგზავრებული რეპორტიორისგან კი შევიტყვეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი სოფელში არ შეუშვა და „აქედან გამომდინარე, გადამღებ ჯგუფს იქ საოკუპაციო ფორმირებების გადაღების საშუალება არ ეძლევა“.


ჟურნალისტის თქმით, უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს, რა ხდება ხურვალეთში, მაგრამ „დაცვის თანამშრომლები ამბობენ, რომ იქ საგანგაშო არაფერი ხდება.. თუმცა საგანგაშოს ხედავს როგორც ლუდა სალია, ისე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც აპირებს, რომ მოვლენებს საკუთარი თვალით დააკვირდეს და მეტი გვეცოდინება მას შემდეგ, რაც დავით ქაცარავა დრონებით იმ ადგილებს უფრო მეტად მიუახლოვდება“.


სიუჟეტში მოვისმინეთ დავით ქაცარავას მოსაზრებაც. ის ვარაუდობს, რომ ოკუპანტები სპეციალურ სადგომს ამზადებენ ე.წ. ოკაპისათვის, რომელიც რადიოელექტრონული დაზვერვის მანქანაა.


სიუჟეტში ვიხილეთ ლუდა სალიას მიერ გავრცელებული ფოტოც. ფოტოზე ჩანს გაურკვეველი ნაგებობა და ბულდოზერის „ცხვირი“.


ჟურნალისტი აშკარად იზიარებს ლუდა სალიასა და დავით ქაცარავას მოსაზრებებს, თუმცა, მისი თქმით:


„ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომლის ინფორმაციითაც, სოფლის სიახლოვეს საოკუპაციო ძალები არ იმყოფებიან და ამავე დროს, ისინი განცხადებას არ ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, რა დაინახა ლუდა სალიამ საკუთარი ეზოდან“


ძნელი სათქმელია, რისი თქმა სურდა „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურს სიუჟეტით „ოკუპანტები ხურვალეთში“.


ჟურნალისტმა მხოლოდ ვარაუდების დონეზე გვითხრა, რომ ოკუპანტები სოფელში, ან მის სიახლოვეს, რაღაცას აქტიურობენ და ეს შეამჩნია ლუდა სალიამ.


თუმცა, თუ სიუჟეტის სათაურით ვიმსჯელებთ, ოკუპანტები უკვე სოფელში არიან, სადაც ჟურნალისტი არ შეუშვეს.


შეიარაღებული დაპირისპირების ან საგანგებო ვითარების გაშუქებისას, ჟურნალისტსა და რედაქციას განსაკუთრებული პროფესიონალიზმი და სიფრთხილე მართებთ.


დაუშვებელია იმგვარი ინფორმაციის მიწოდება აუდიტორიისთვის, რომელიც მხოლოდ მაყურებლის ემოციებზეა გათვლილი და ეჭვისა და საფრთხის განცდას ამძაფრებს.


ასეთ დროს, მაყურებლის ინფორმირების ნაცვლად, ვიღებთ პანიკას და შფოთს, რომელიც კონფლიქტის ზონის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას, ხშირად, ძალიან ძვირი უჯდება.

ლელა კურდღელაშვილი
  • 6
  • 10616
0 Comments