წითელი ვერსია
  • 8
  • 12373

რა აღმოაჩინეს ვატიკანის არქივში?

27 სექტემბერი 2023

ამბის წარდგენა, ანუ ე.წ. ლიდი განსაკუთრებულ ჟურნალისტურ ოსტატობას მოითხოვს - ის ისე უნდა აიგოს, რომ ადამიანს სურვილი გაუჩნდეს, უფრო მეტი შეიტყოს ამბის შესახებ.


მოკლედ, ლიდი სარეკლამო განცხადებასავითაა, რომელიც მომხმარებელს პროდუქტით დაინტერესებას აიძულებს.


ნებისმიერმა ჟურნალისტმა იცის, რომ კარგი და ეფექტური ლიდი დაფიქრებას, ბევრი მასალის შესწავლას და „წვალებას“ ითხოვს.


ხშირია ცდუნება, იმაზე მეტს დაპირდე მაყურებელს ან მკითხველს, ვიდრე ჟურნალისტის მიერ მოპოვებულ ამბავშია მოთხრობილი. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტიკის მეტრები გვაფრთხილებენ, რომ ლიდის ეფექტურობას სიმართლე და სიზუსტე არასოდეს შევწიროთ.


***


17 სექტემბერს „რუსთავი2“-ის გადაცემა „კურიერი P.S.“-ის წამყვანებმა სენსაციური ამბავი გვახარეს:


„ვატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები და ამბები ჩვენს ქვეყანაზე - 885 კილომეტრიანი თაროები, 35 ათასი ტომი, დაახლოებით 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი.


ფასდაუდებელ ხელნაწერთა უზარმაზარ კოლექციაში საქართველოს შესახებ უცნობი ამბებიც აღმოჩნდა. უკვე ეჭვგარეშეა, რომ ვატიკანის არქივები ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვან ფურცლებს ინახავს. მკვლევრების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ეკატერინე ჭავჭავაძის პირად არქივში, რომელიც სწორედ ვატიკანშია დაცული, შესაძლოა ნიკოლოზ ბარათაშვილის სურათიც აღმოჩნდეს.“


მაყურებელს შეექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართველებმა ვატიკანის არქივში დაფარულ უზარმაზარ განძს მიაგნეს, რომლის არსებობის შესახებ აქამდე მკვლევრებს წარმოდგენა არ ჰქონდათ.


ამ ხმამაღალი წარდგენის შემდეგ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა სიუჟეტი „ქართული მემკვიდრეობა ვატიკანში“, სადაც საუბარი იყო ვატიკანის „პროპაგანდა ფიდეს“ არქივში აღმოჩენილი მასალების შესახებ.


სიუჟეტში არაფერი იყო ნათქვამი არც კილომეტრიან თაროებზე და არც ათობით ათას ტომზე, თუმცა შევიტყვეთ, რომ ვატიკანის არქივში აღმოჩენილი დოკუმენტები საქართველოს ისტორიის მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნეების ბევრ საინტერესო ამბავს და პიროვნებას უკავშირდება. მათ შორისაა მეფეთა წერილები, ასევე სულხან-საბას ხელნაწერი დოკუმენტი.


სიუჟეტში ასევე არაფერი იყო ნათქვამი ეკატერინე ჭავჭავაძის არქივისა და იმ პროექტის დეტალებზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა „პროპაგანდა ფიდეს“ არქივთან თანამშრომლობა.


ირკვევა, რომ ჯერ კიდევ აპრილში, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიის მეცნიერები საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ ვატიკანს. ვიზიტის მიზანი ვატიკანში „პროპაგანდა ფიდეს“ არქივში დაცული, დღემდე გამოუქვეყნებელი წყაროების შესწავლა და გამოქვეყნება იყო.


„პროპაგანდა ფიდეს“ არქივი არ არის ვატიკანის ერთადერთი საცავი. აღნიშნული არქივი მე-17 საუკუნეში შეიქმნა და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კათოლიკე მისიონერთა მიერ შეგროვებულ მასალებსა და დოკუმენტებს ინახავს.


ის, რომ აღნიშნულ არქივში საქართველოსთან დაკავშირებული მასალები ინახებოდა, მეცნიერებისთვის საიდუმლოს არც მანამდე წარმოადგენდა. ამ მასალების ნაწილი, იტალიაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა და რომის კათოლიკური ეკლესიის აბატმა მიხეილ თამარაშვილმა გამოაქვეყნა საუკუნეზე მეტი ხნის წინ.


აღნიშნული არქივის მასალებზე არაერთი ქართველი მეცნიერი მუშაობდა და დღემდე განაგრძობს მათ შესწავლას. თუმცა, ამჟამინდელი პროექტის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ მეცნიერებს საშუალება მიეცათ, უშუალოდ არქივში იმუშაონ და გაეცნონ ყველა იმ მასალას, რომელიც „პროპაგანდა ფიდეს“ არქივშია დაცული საქართველოს შესახებ.


მკვლევარმა თათია მთვარელიძემ აღნიშნული პროექტის დეტალებზე „პირველი არხის“ დილის გადაცემაში ისაუბრა. მან მეცნიერული სიზუსტით აღწერა როგორც ქართული ხელნაწერების ზოგადი შინაარსი, ასევე ის მოლოდინები, რომლებიც აქვთ ქართველ მკვლევრებს.


თათია მთვარელიძის თქმით, ამ მასალებში ქართული ფონდი მოიცავს 7 უზარმაზარ ტომს. თითოეული ტომში კი დაახლოებით 400-500 დოკუმენტია თავმოყრილი.


აქვე შევიტყვეთ, რომ არქივში დაცულ მასალებს არაერთი ქართველი მეცნიერი იკვლევდა, თუმცა თათია მთვარელიძის თქმით: „მასშტაბური კვლევა ყველა იმ მასალისა, რაც კი „პროპაგანდა ფიდეს“ არქივშია დაცული, საქართველოსთან დაკავშირებულ მასალებს ვგულისხმობ, ჯერჯერობით არ განხორციელებულა და ეს არის ამ პროექტის მთავარი ღირსება!“


ასეთია სიმართლე „პროპაგანდა ფიდეს“ არქივთან დაკავშირებით.


„რუსთავის 2“-ის ჟურნალისტების სენსაციური განცხადება ასობით ათას უცნობ ტომზე სიმართლე არ აღმოჩნდა.


თუმცა, ის, რაც ნამდვილად აღმოჩნდა ვატიკანის საცავში, ოქროს საბადოა მკვლევრებისთვის. სწორედ ეს იყო აღნიშნული ამბის მთავარი სათქმელი და ლიდის ღერძიც, რომლის დროსაც დასაშვებია გადაჭარბებული შეფასებების გამოყენება, თუმცა კონკრეტული მონაცემების დამახინჯება - დაუშვებელი.


მითუმეტეს, რომ „რუსთავი2“-ის სიუჟეტის ინტერნეტ-ვერსია სხვა სააგენტოებმაც გაავრცელეს, რამაც არასწორად გადმოცემული ამბავი კიდევ უფრო ფართო აუდიტორიამდე მიიტანა.


ლელა კურდღელაშვილი
  • 8
  • 12373
0 Comments