წითელი ვერსია
  • 7
  • 3001

პრეს-რელიზის "გადაშუშვის" მეთოდები “იმედზე”

13 მარტი 2024

“რადიკალური ოპოზიციის პიარ-კამპანია ფასებთან დაკავშირებით რომ სპეკულაციაა, ამას საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს: ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები მცირდება, ინფლაციის დონე კი კლებისკენ მიდის. უწყება განმარტავს, რომ საუბარია ფასების ჰარმონიზებულ ინდექსზე, რომლის მიხედვითაც, ინფლაციის დონემ ნული პროცენტი შეადგინა”, - გვითხრა 12 მარტს „ქრონიკის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა რეპორტაჟის წარდგენისას;


და დასძინა, რომ:


“ეკონომიკურ გუნდში შედეგებს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის სწორ და კოორდინირებულ თანამშრომლობას უკავშირებენ”.


ინფორმაციულობით და მრავლისმეტყველებით, წამყვანის შესავალს არც რეპორტაჟი ჩამორჩა:


ჟურნალისტმა სიუჟეტში გაკვრით აღნიშნა, რომ სურსათის და უალკოჰოლო სასმელების, ტანსაცმლის, ტრანსპორტის, საოჯახო ნივთების და მედიკამენტების სასაქონლო ჯგუფებში ფასების კლება წლიური ინფლაციის შემცირებაზე აისახა;


მანაც ახსენა (შელოცვასავით ჯადოსნური და გაუგებარი) “ჰარმონიზებული ინდექსი”; გვითხრა, რომ 2024 წლის იანვართან შედარებით თებერვალში ინფლაცია 0,1%-ით გაიზარდა, ხოლო ინფლაციის წლიურმა დონემ 0% შეადგინა. ჩაწერა საქსტატის ხელმძღვანელი, რომელმაც დაუდასტურა, რომ განსაკუთრებით გაიაფდა ზეთი და ცხიმი, გარკვეული კატეგორიის ხილ-ბოსტნეული და “ჯანდაცვის ჯგუფი”.


სიუჟეტის დარჩენილ ნაწილში კი, როგორც მოსალოდნელი და აპრობირებულია, აღინიშნა, რომ:


ა) ამ მაჩვენებლით ევროპის ზოგიერთ ქვეყანას გავუსწარით (დასახელების გარეშე);


ბ) “ინფლაციური წნეხის შესამცირებლად ქვეყანაში სწორი მიკრო და მაკროეკონომიკური პოლიტიკა გატარდა” (ეკონომიკისა მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის შესაბამისი კომენტარებით);


ანუ, ორი სიტყვით: მადლობა მთავრობას! დასასრული.


რამდენ მაყურებელს “დააბამდა” ეკრანთან და ვინ უყურებდა აღნიშნულ რეპორტაჟს ბოლომდე ინტერესით?


ყველაზე ოპტიმისტური სცენარით:


ა) ავტორი, და შესაძლოა, ავტორის ოჯახიც;


ბ) პროდიუსერ-ზედამხედველები;


გ) რესპონდენტები და მათი პრეს-სამსახურები;


დ) კრიტიკულად ჩასაფრებულები (თქვენი მონა-მორჩილის ჩათვლით).



რა არის ინფლაცია?


პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილება დროის გარკვეულ მონაკვეთში.


შესაბამისად, ყველაზე საყოველთაო და სახალხო ეკონომიკური კატეგორია, თუ მოვლენა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე აისახება;


ინფლაციის შემცირება დადებითი მოვლენაა, თუ გავითვალისწინებთ ჯერ კოვიდ-პანდემიის, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისებს და ფასების მკვეთრ ზრდას;


მაგრამ რას ეუბნება 0%-იანი ინფლაცია რიგით მაყურებელს, ან რამდენად აისახა გაუმჯობესებული ოფიციალური სტატისტიკა მის ცხოვრებაზე? - ეს უნდა იყოს სიუჟეტის ამოსავალი წერტილი.


თუ გინდა, რეალურად ასახო მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, ან თუნდაც პოზიტიურ ტენდენციებში დაარწმუნო მაყურებელი, არსებობს ელემენტარული მოთხოვნა - მეტი თვალსაჩინოება და კონკრეტულობა.


ამ რეპორტაჟის მომზადების შემთხვევაში კი, ცოდნა - როგორ ითვლება ინფლაცია:


ის გამოითვლება სამომხმარებლო კალათის მიხედვით, რომელშიც შედის ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი, 300-მდე დასახელების საქონელი (პროდუქცია) თუ მომსახურება - ვერმიშელ-მაკარონით დაწყებული, ავტომობილის რემონტის და მუზეუმის ბილეთების ჩათვლით. ცხადია, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფასების საერთო დონეში ყველაზე დიდი ხვედრითი წონა (მესამედი) სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს უკავია.


საქსტატის ვებ-გვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია, რომელი პროდუქტი რამდენი პროცენტით გაძვირდა, თუ გაიაფდა.


მაგალითად:


წიწიბურა წინა წლის თებერვალთან შედარებით, 40%-ით გაიაფებულა, პური და ფქვილის ნაწარმი - დაახლოებით 10%-ით, მზესუმზირის ზეთი - 30%-ით, მარგარინი - 20%-ით, ხახვი და კარტოფილი 35-35%-ით;


სამაგიეროდ, 30-50%-ით გაძვირდა ხილის უმეტესობა, მათ შორის ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ქლიავი და ატამი; 12%-ით - ძროხის ხორცი.


დაახლოებით, 10%-ით გაიაფდა ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარკვეული სახეობები. შემცირდა ელექტროენერგიის საფასურიც, რომელმაც ინფლაციის შემცირებაში თავისი წვლილი შეიტანა;


თუმცა, 12%-ით მოიმატა ფასებმა ბენზინზე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია ფასწარმოქმნისას.


რაც შეეხება ჯანდაცვის ჯგუფს, რომელიც სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა ახსენა, მისი ფასების დონე 3%-ით შემცირდა, მაგრამ ძირითადად, ორი ტიპის მედიკამენტის - ანტიბიოტიკებისა და ტკივილგამაყუჩებლების ხარჯზე. დანარჩენ 16 სახეობაში, სადაც სხვა მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურებები შედის, პირიქით, ფასების ზრდა დაფიქსირდა.


ეს მცირედი სტატისტიკა უამრავი თემის ინსპირაცია შეიძლება გახდეს - რატომ ძვირდება ხილი, ხორცი, ან იგივე ჯანდაცვის ჯგუფში არსებული საქონელი თუ მომსახურება?


აქ შეიძლება უამრავი “დამნაშავე” მიზეზი გამოიკვეთოს; ამ პასუხების მოძიება ჟურნალისტს არა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებთან, არამედ რითეილერებთან, იმპორტიორებთან, ანალიტიკოსებთან შეეძლო, არა პრესრელიზის გადაშუშვით, არამედ ინფორმაციის მოძიებით და დამუშავებით.


არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსახლეობის საჭიროებების, მათი აღქმების და მოლოდინების, შემოსავლებისა და გასავლების დასაბალანსებლად ყოველდღიური ბრძოლის ასახვა.


ინტერნეტში უამრავი მაგალითია, როგორ აშუქებენ ინფლაციას მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები; ფანტაზია და შემოქმედებითი გაქანება ავტორზეა დამოკიდებული.


თუმცა, არის სტანდარტული მიდგომაც, როცა ველოსიპედის გამოგონება არ გჭირდება - ესტუმრო რიგით დიასახლისს და ჰკითხო, რა პროდუქტებს და რამდენად ყიდულობდა შარშან, რა უჯდებოდა საშუალოდ, ერთ თვეში ოჯახის გამოკვება და რამდენად შეიცვალა წელს; რომელ პროდუქტებზე მოუწია უარის თქმამ, ან პირიქით, დაამატა თავის რაციონს, როგორ შეიცვალა მისი ქცევა;


ამავე მიზნის მიღწევა შეიძლება ბაზარსა თუ სუპერმარკეტში; ან გამოსახვის ალტერნატიული საშუალებებით - გრაფიკული ვიზუალიზაციით, ფასების კალკულტორის შექმნით და ა.შ.




P.S. ინფლაციის მართვა ნამდვილად უკავშირდება მონეტარულ თუ ფისკალურ სახელმწიფო პოლიტიკას, მაგრამ ის ინსტრუმენტია და არა ყოველთვის მიზეზი. თავისთავად, მხოლოდ ამ ტერმინოლოგიების დასახელებაც მაყურებლისთვის არაფერს ნიშნავს და მათი გაადამიანურება, ანუ რიგით მოქალაქემდე დაყვანა ცალკე სტატიის თუ სიუჟეტის საგანია.


ნატა მინდელი
  • 7
  • 3001
0 Comments