წითელი ვერსია
  • 6
  • 2937

პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფა „მთავარ არხზე“

15 ნოემბერი 2021

დაძაბული პოლიტიკური ვითარების დროს ქართულ მედიაში ხშირდება ჟურნალისტების მხრიდან ბულინგისა და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების შემთხვევები. ამასთან, მედიის მხრიდან ბულინგის ობიექტი არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებისა და საჯარო უწყებების რიგითი თანამშრომლებიც კი ხდებიან.


ბოლო პერიოდში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების ფონზე მედიის ერთ ნაწილში განსაკუთრებით გაძლიერდა აგრესია პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისა და პოლიციელების მიმართ, რაც ზოგჯერ ადამიანების შეურაცხყოფამდეც კი მიდის.


ამგვარი დამოკიდებულების ერთ-ერთი მაგალითი ვიხილეთ 14 ნოემბერს, „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“, სადაც გადაცემის წამყვანმა უკიდურესად დამამცირებელი სიტყვებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და მათ დაუმორჩილებლობისკენაც მოუწოდა.


„თავმოყვარეობა საერთოდ აღარ დაგრჩათ პოლიციელებო? ოჯახის წევრები მაინც ხომ გყავთ, რომ მათი მაინც შეგრცხვეთ, თუ ხალხის არ გრცხვენიათ... გეშინიათ და იმიტომ... ეს ტეხავს ყველაზე მეტად, რომ ჩვენ მშიშარა პოლიციელები გვყავს.“


„თქვენ აცოცხლებთ ახლა ზუსტად ამ მომაკვდავ, დესპოტურ რეჟიმს, თქვენი მორჩილებით, იმიტომ, რომ ხალხი გამოდის და ამ ხალხს ვინ სცემს? თვალებს ვინ სთხრის? გაზით ვინ წამლავს, წყალს ვინ ასხამს? თქვენ, სამართალდამცველები...“


„თქვენ, რომ გაბედოთ... ერთად, ერთხელ, თუნდაც იმ დროს, როდესაც დაგაპირისპირებენ მშვიდობიან მოსახლეობას და გეტყვიან, დაარტყით, სცემეთ, მოწამლეთ, აი მაგ მომენტში, რომ გაბედოთ და უარი თქვათ ერთ დღეს ასეთ დამამცირებელ მონურ მსახურებაზე, იმ დღესვე დასრულდება ეს რეჟიმი“.


„მაგრამ თქვენ ვერ ბედავთ, და ჩვენც იძულებულები ვართ ვქვათ, რომ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურა იქცა კრიმინალებისგან დაჩმორებული, ლაჩარი, მშიშარა და მონა პოლიციელების თავშესაფრად, რომლებიც ხელისუფლებას ეხმარებიან ჩვენი ქვეყნის განადგურებაში...“


აღნიშნული შეურაცხმყოფელი მონოლოგის გარდა გადაცემაში ყურადღებას იქცევს უშუალოდ სიუჟეტიც, სახელწოდებით -„უკმაყოფილება პოლიციელებში“, რომელსაც მოჰყვა წამყვანის მიერ პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფა.


სიუჟეტში ანონიმური რესპონდენტი, რომელიც, ჟურნალისტის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელია, სამსახურში არსებულ მძიმე სამუშაო პირობებზე, დაბალ ხელფასზე და არასათანადო კვებაზე საუბრობს.


რესპონდენტი ასევე აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში სამსახურიდან თანამშრომლების „დიდი გადინების პროცესი“ დაიწყო და ქართველი პოლიციელები თავის გადასარჩენად უცხოეთში მიემგზავრებიან.


„სისტემის ტყვეები, გაღარიბებული და დამცირებული პოლიციელები, სისტემის მიერ გაცემული უკანონო ბრძანებების იძულებით შემსრულებლები არიან“ - ასე აფასებს ჟურნალისტი თავისი რესპონდენტის მონათხრობს, თუმცა თავად ანონიმური რესპონდენტის თქმით, ბრძანებები, რომლებსაც მათ აძლევენ, კანონში არის გაწერილი, როგორც სამართალდამცავთა მოვალეობა.


ცნობისთვის, „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტს 15 ნოემბერს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი და ეთერში გაჟღერებული ყველა ბრალდება უარყო, თუმცა „მთავარ არხს“ სამინისტროს პოზიცია და არგუმენტები საკუთარი მაყურებლისთვის არ გაუცვნია.


ხათუნა კიღურაძე
  • 6
  • 2937
0 Comments