წითელი ვერსია
  • 1
  • 6590

პოლიციის დისკრედიტაციის ფორმულა

27 იანვარი 2021

„სუტენიორი პოლიცია“ − ასე ერქვა დავით ქაშიაშვილის „შაბათის ფორმულაში“ 23 იანვარს გასულ სიუჟეტს, რომელიც სამართალდამცველი უწყების დაუსაბუთებელი დისკრედიტაციის ცდად უნდა შეფასდეს. მასალა, რომელიც მაყურებელს ჟურნალისტურ გამოძიებად წარუდგინეს, სინამდვილეში პოლიტიკური განცხადებებისა და გადაუმოწმებელი ბრალდებების „თაიგული“ გამოდგა.


არადა, გადაცემის წამყვანი „ექსპერიმენტული საგამოძიებო რეპორტაჟის“ თანაავტორთან ერთად, ჯერ კიდევ სიუჟეტის დაწყებამდე გვიმტკიცებდა იმას, რასაც, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოგვიანებით გავრცელებული განცხადებით გაირკვა, სიმართლესთან არაფერი ჰქონდა საერთო.


რაც შეეხება შინაარსს: „შაბათის ფორმულამ“ საზოგადოებას მართლაც დაუჯერებელი და თავზარდამცემი ამბავი აუწყა. ჟურნალისტების მტკიცებით, „თბილისში, პოლიციას ე. წ. ‘კომენდანტის საათის’ დროს გოგონები გამოძახებით კლიენტებთან მიჰყავს, გარეთ უცდის და შემდეგ, მომდევნო გამოძახებაზე მიაცილებს“ − ამ სიტყვებით დაიწყო გადაცემის წამყვანმა სიუჟეტის წარდგენა და თან დასძინა, რომ „ამას სისტემური ხასიათი აქვს.“


შემდეგ კადრში შემოვიდა სიუჟეტის ერთ-ერთი ავტორი სალომე გოგოხია, რომელიც საშინაო უწყების შენობასთან იდგა და სიუჟეტზე საუბრისას იმდენად შევიდა სამინისტროსა და მისი მეთაურის დადანაშაულების ეშხში, რომ მაყურებელი ძნელად თუ მიხვდებოდა, ვინ ლაპარაკობდა სიუჟეტის თანაავტორის სახელით: ჟურნალისტი, რომელსაც ფაქტების გადამოწმება და გადმოცემა ევალება, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლის მთავარი საქმეც ხელისუფლების პოლიტიკური კრიტიკაა.


საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და პოლიცია, ნაცვლად იმისა, რომ კრიმინალთან ჰქონდეს ბრძოლა გამოცხადებული, ღიად არის ჩართული პროსტიტუციაში და, სავარაუდოდ, მოგებასაც ნახულობს“ - ამბობდა სალომე გოგოხია.


გადაცემის წამყვანი და რეპორტაჟის ავტორი მომზადებული მასალის ეთერში გასვლამდე შეეცადნენ საზოგადოებრივი აზრის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით ფორმირებას, უშუალოდ გადაცემაში კი სიუჟეტის თანაავტორი გვიყვება, რომ ექსპერიმენტის დროს, „ქალი გამოძახებით“ ერთ-ერთ მისამართზე „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომანქანით მიიყვანეს. მისივე თქმით, „კამრის“ მალევე მოჰყვა თეთრი „შკოდა“ ოპერატიული სანომრე ნიშნებით. ორივე მანქანა ერთ საათს ადგილზე გაჩერდა, რის შემდეგაც ქალი „ტოიოტა კამრიმ“ წაიყვანა. მოგვიანებით ადგილი ოპერატიულ-სამძებრო სამსახურის „შკოდამაც“ დატოვა.


პოლიციის ‘შკოდით’, არა მარტო რიგითი თანამშრომლები, არამედ მაღალჩინოსნებიც გადაადგილდებიან და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან“ − გვეუბნება გადაცემის ავტორი და ეს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია ასეთი სკანდალური დასკვნის გამოსატანად.


ახლა კი ვნახოთ, რა ხდება თავად „საგამოძიებო ექსპერიმენტში“. რეპორტაჟის პირველივე კადრებში ჩანს სექსმუშაკი, რომელიც ფეხით, მარტო მიდის კორპუსის სადარბაზომდე, ხოლო იქ მამაკაცი ხვდება. ავტორთა მტკიცებით, შენობის გარე პერიმეტრს ტელევიზიის რამდენიმე ვიდეოკამერა აკონტროლებს.


ამის შემდეგ გვატყობინებენ, რომ „ტოიოტა კამრის“ 23 საათზე მოჰყვა პოლიციის „შკოდა“, რომელშიც ორი პოლიციელი იჯდა და ეს მანქანა იმავე სახლის წინ გაჩერდა, სადაც სექსმუშაკი შევიდა. მანამდე კი „ტოიოტა კამრის“ მინიშნება მისცაო, გვეუბნება ჟურნალისტი, რის შემდეგაც ისმის პოლიციის მანქანის სირენის ხმა. წარმოდგენილი მასალების მიხედვით შეუძლებელია იმის გარკვევა, ვისი მისამართით გაისმა ხმოვანი სიგნალი ან, საერთოდ, ჰქონდა თუ არა ერთმანეთთან რაიმე კავშირი ამ ორ ავტომანქანას.


რეპორტაჟის შემდეგი ნაწილი უკვე ნაქირავები ბინის ეპიზოდია, სადაც ავტორთა მტკიცებით, სექსმუშაკი ფარულად არის ჩაწერილი. ის ამბობს, რომ საშვი არ აქვს: „მძღოლს აქვს საშვი, თანამშრომელია და არ აქვს პრობლემა. თანამშრომელს დავყავარ. ის ჩემს თავს იღებს თავის თავზე“ − გვესმის ქალის ხმა, თუმცა გაურკვეველია, რატომ უნდა დავუჯეროთ უპირობოდ „ექსპერიმენტის“ ავტორებს ან თუნდაც ამ სიტყვების მთქმელ ქალს. კიდევ უფრო გაუგებარია, საიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ამ „სქემას“ სისტემური ხასიათი აქვს.


რეპორტაჟის თანახმად, სექსმუშაკმა ტერიტორია 00:15-ზე დატოვა, პოლიციის „შკოდა“ კი 15 წუთის განმავლობაში იმავე ადგილზე იყო გაჩერებული, ხოლო 00:30 წუთზე ისიც წავიდა.


თეთრი „შკოდა“ რეპორტაჟის ავტორებმა „სქემის ნაწილად“ წარმოგვიდგინეს, ხოლო პოლიციელები სუტენიორობაში დაადანაშაულეს, ფაქტობრივად, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთსა და იმავე ტერიტორიაზე აღმოჩნდა ორი ავტომობილი: პოლიციის „შკოდა“ და „ტოიოტა კამრი“, რომელმაც სექსმუშაკი დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა და იქვე ელოდებოდა.


პოლიცია კანონს არღვევს, ჩართულია პროსტიტუციაში და დანაშაულებრივი სქემის საკვანძო რგოლია“ − დაასკვნის ჟურნალისტი და კიდევ უფრო შორს მიდის: „ფაქტია, რომ კომენდანტის საათის დროს, ონლაინსაიტებიდან რამდენიმე ათეული გოგონას გამოძახებას უშუალოდ პოლიცია უზრუნველყოფს.“


გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ რეპორტაჟს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი. მისი განცხადებიდან ვიგებთ, რომ ჟურნალისტთა მტკიცების მიუხედავად, გადაცემის ანონსის გასვლამდე, არც გადაცემისა და არც სიუჟეტის ავტორი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაჰკავშირებიან სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს.


ავტორები მხოლოდ ეთერში ანონსის გასვლის შემდეგ დაუკავშირდნენ სამინისტროს პრესსამსახურს და იკითხეს, მუშაობენ თუ არა პოლიციაში კონკრეტული პირები და ეკუთვნოდათ თუ არა მათ სოციალური ქსელის კონკრეტული პერსონალური გვერდები. უწყება აცხადებს, რომ რეპორტაჟში დასახელებული არც ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის.


მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდეთ, მათ მტკიცებით ფორმაში განაცხადეს, რომ მათ მიერ დასახელებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები არიან. რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ ფოტოს, რომელიც ჟურნალისტებმა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდიდან აიღეს და მასზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ვინმე ბექა შელია არის პოლიციის თანამშრომელი, ეს ინფორმაცია არის სიცრუე და ფოტოზე ასახული პირი არ არის ბექა შელია. უფრო მეტიც, აღნიშნული ფოტო არის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი საიმიჯო ფოტო და მისი გამოყენება ღია წყაროებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია“ − ვკითხულობთ განცხადებაში.


აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული მასალა „შაბათის ფორმულაში“ გასული ერთადერთი სიუჟეტი არ ყოფილა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. „დიდი საკადრო ცვლილებები შსს-ში − ვის იშორებს ვახტანგ გომელაური და რა გეგმის მიხედვით იძლიერებს გავლენებს ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი უწყებაში“ – ეს გახლდათ იმავე გადაცემის კიდევ ერთი სიუჟეტი, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებებსა და მოსაზრებებზე იყო აგებული.


  • 1
  • 6590
0 Comments