წითელი ვერსია
  • 18
  • 14974

პოლიცია ბანკთან

21 დეკემბერი 2023

20 დეკემბერს „მთავარმა არხმა“ მაყურებელს შესთავაზა სიუჟეტი, რომელიც სავარაუდოდ ეხებოდა თავად ტელეარხის სურვილს, ჰაერიდან შეექმნა რაიმე ისეთი, რომელიც სკანდალურიც იქნებოდა და თან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულიც.


„სავარაუდოდ“ იმიტომ, რომ ინფორმაციას და სიუჟეტს არ ახლდა მთავარი კომპონენტი - კონკრეტული ფაქტი ან მოვლენა.


არც წამყვანის პროლოგი, არც სიუჟეტის ფაბულა და არც ჟურნალისტის მონოლოგი არ იყო გამყარებული არცერთი კადრით, თუ არ ჩავთვლით ქუთაისის ცენტრში გადაღებულ საპატრულო პოლიციის ავტომობილს.


წამყვანმა გვითხრა, რომ:


„შსს დამძიმებულ კრიმინოგენურ ვითარებას საპოლიციო ცოცხალი ძალით ებრძვის. გომელაურის უწყებამ კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დასაცავად რეიდი დაიწყო. წინასაახალწლო დღეებში ემიგრანტები ახლობლებს და ოჯახის წევრებს თანხებს უგზავნიან. კრიმინალური შემთხვევების ასაცილებლად კი ბანკებთან პოლიციაა მობილიზებული.


როგორ უნდა გაუმკლავდნენ სამართალდამცველები შეიარაღებულ თავდამსხმელებს?..“


ამ შესავლის შემდეგ მაყურებელი ბუნებრივია ელოდა სიუჟეტს საპატრულო რეიდების კადრებით, შეძლებული ემიგრანტების დამფრთხალი ნათესავებით, რომლებსაც აქამდე ბანკებთან მიახლოების ეშინოდათ და ბანკის თანამშრომლებით, რომლებიც ადასტურებდნენ საპოლიციო რეიდების აუცილებლობას...


მაგრამ სიუჟეტის ავტორს, როგორც ჩანს, სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა...


კადრებში ვნახეთ ქუთაისის ერთ-ერთი მოედანი, რომელზეც მშვიდად დგას პოლიციის ერთი ავტომობილი და ორი პოლიციელი, უკანა ფონზე კი ჩანს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი.


არავითარი რეიდი, ქოთქოთი, შეშფოთებული ხალხი, მეორე საპატრულო მანქანაც კი არ ჩანს იმისთვის, რომ მაყურებლის ფანტაზიას მაშველი რგოლი გადაუგდოს. ჩვეულებრივი სურათი, რომელიც ყოველდღე გვხვდება ქვეყნის უამრავ მოედანზე, სადაც ხალხმრავლობაა.


მაგრამ იქნებ ჟურნალისტს აქვს რამე ჯერარგამხელილი ინფორმაცია?


იქნებ მალე გამოჩნდება ემიგრანტი დედის მიერ გამოგზავნილი ფულის ასაღებად ბანკთან ცახცახით მისული მოქალაქე?


ან იქნებ საპატრულო რეიდის ფარგლებში სპეცრაზმელი სნაიპერები სახურავებზე იმალებიან და იმიტომ არ ჩანან?


ან იქნებ ბანკის მენეჯერი მოირბენს კამერასთან?


არცერთი მოლოდინი არ გამართლდა.


ჟურნალისტი პოლიციელებთან მივიდა და მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა.


- რატომ დგახართ ბანკებთან?


- ბანკებთან არ ვდგავართ, საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავთ.


- რამდენიმე დღეა გამოჩნდით მსხვილ საფინანსო დაწესებულებებთან, არის რამე საშიშროება?


- დანარჩენ კითხვებზე მიმართეთ პრეს-სამსახურს..


რა აზრი უნდა გამოიტანოს მაყურებელმა ამ დიალოგიდან?


სად არის სიუჟეტის სუბიექტი, სად არის ობიექტი და რაც მთავარია, სად არის მოვლენა?


რაზეა ეს სიუჟეტი? - ემიგრანტების გზავნილების დაცვაზე? სად არის ან ემიგრანტის ნათესავის კომენტარი ან ბანკის თანამშრომლის მონაყოლი? რატომ არ არის სიუჟეტში ნახსენები ემიგრანტი ან გზავნილი? და თუ არ არის ნახსენები, რატომ გაუკეთეს მას განსხვავებული შესავალი?


იქნებ სიუჟეტი კრიმინალზეა? მაგალითად კრიმინალების გეგმაზე - გაძარცვონ ვინმე? საიდან მოვიდა მსგავსი ინფორმაცია და რატომ არ არის მისი ხსენება? იქნებ შეწუხებულ და ფრთხილ ბანკირებზე? სად არიან ბანკის თანამშრომლები?


იქნებ პატრულზეა, რომელიც, როგორც შესავალში ითქვა - რეიდებს მართავს? სად არის რეიდის კადრები? სად არის კადრები სხვადასხვა ქალაქების სხვადასხვა ბანკებიდან? რატომაა ნაჩვენები მხოლოდ ქუთაისის ცენტრი?


დიდი ალბათობით, ამ აბდაუბდა სიუჟეტის რესპონდენტები იქვე, მოედნის მიმდებარე სკვერში ჩაწერეს.


ახლა ვნახოთ, თუ როგორ პასუხობენ რესპონდენტები ჟურნალისტს, რომელიც მათ სავარაუდოდ ეკითხება - რა აზრის არიან მოედანზე მდგომ საპატრულო მანქანაზე?


რესპონდენტი კაცი:


- გამწვავებული კრიმინოგენური ვითარებაა საქართველოში რა თქმა უნდა, და იძულებულია მთავრობა, ბანკებთან დააყენოს პოლიცია. სამარცხვინო ფაქტია! ესე იგი რეაგირებასაც ვეღარ ასწრებს პოლიცია, თავისთავში დარწმუნებულიც აღარ არის, რომ მივიდეს და ოპერატიულად იმოქმედოს, ეშინია ძარცვის და ყაჩაღობის საახალწლოდ.


რესპონდენტი ქალი:


- თუ გაზრდილი კრიმინალია, ამით შეძლებენ ისინი იმათ დაოკებას? არა მგონია, უფრო სხვა მეთოდია საჭირო, ვიდრე ბანკებთან პოლიციელების ჩაყენება.


სიუჟეტი დასრულდა ჟურნალისტის ეპილოგით:


„ქუთაისი იმერეთში ერთადერთი მუნიციპალიტეტი არ არის, სადაც საფინანსო დაწესებულებთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. მსგავსი სურათია რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტში“.


თუ მართლაც ასეთი დრამატული ვითარება იყო, რატომ დაეზარა „მთავარ არხს“ თუნდაც კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის გადაღება?


ან რატომ მხოლოდ იმერეთში? მხოლოდ იმერელი ემიგრანტები გრძნობენ, რომ მათ ნათესავებს საახალწლოდ ფული გაუხარდებათ?


იქნებ კრიმინალები იმერეთიდან კი არა, თბილისიდან არიან?


ან თუ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ვიღაც იმერელი კრიმინალი მაინცდამაინც რომელიღაც იმერელი ემიგრანტის ახლობელს უნდა დაესხას თავს, რატომღა იშლება პატრული 12 მუნიციპალიტეტში?


რაზეა საერთოდ სიუჟეტი? რა მოიფიქრეს.. ან უფრო სწორად, რისი მოფიქრება სურდათ და რა ვერ დაალაგეს „მთავარი არხის“ რედაქციაში?


არ არის გამორიცხული, არხს არც ჰქონოდა კონკრეტული გეგმები და არც „სანიუსე“ თემები, ანაზდად რომელიმე ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ სადღაც ყური მოკრა რაღაც ვარაუდს და უსაქმოდ ჯდომას კოლექტივმა უსაქმოდ შრომა არჩია.


დიდი ალბათობით, სიუჟეტი ააწყვეს თეორიულ ვარაუდზე, რომ შესაძლოა ახალი წლისთვის რომელიმე ემიგრანტმა გადაწყვიტოს რამდენიმე ათასი დოლარის საქართველოში გადმორიცხვა, თეორიულად ეს ალბათობა შეიძლება გათვალოს რომელიმე კრიმინალმა და თეორიულად შეიძლება მოინდომოს ამ ფულის წართმევა რომელიმე ბანკის შესასვლელში და პოლიციამ თეორიულად შეიძლება ვერ მოასწროს მისი დაკავება და მორჩა - სიუჟეტიც მზადაა.


საჭიროა მხოლოდ საპატრულო მანქანის გადაღება ბანკთან.


სად შეიძლება ასეთი სურათის ნახვა? სადმე რომელიმე მოედანზე, სადაც ყოველთვის არის ერთი საპატრულო მანქანა და მინიმუმ ერთი ბანკის ფილიალი.


მერე პროლოგის დაწერა, საჭირო კომენტარების გამოწვევა და საქმე გაკეთებულია!


„მთავარ არხს“ ერთი დეტალი გამორჩა, - წამყვანს უნდა ეთქვა ჟურნალისტისთვის, რომ მასაც არ დავიწყებოდა ემიგრანტების თემის ხსენება, სიუჟეტი ფიქტიურად მაინც რომ გაერთიანებულიყო შესავალთან.


თუმცა არაუშავს, როგორც არის, ისეა - მაყურებელი ხომ ყველაფერს გადაყლაპავს.


დავით კობახიძე
  • 18
  • 14974
0 Comments