წითელი ვერსია
  • 12
  • 3300

პოლიტიკოსები, როგორც ჟურნალისტები

03 ნოემბერი 2023

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბრიტანულ ტელეარხ GB News-ზე იწყებს მუშაობას.


ჯონსონი, რომელმაც დეპუტატის მანდატი მიმდინარე წლის ივნისში დატოვა, იქნება წამყვანი, პროგრამების შემქმნელი და კომენტატორი. როგორც მაუწყებელი აცხადებს, ბორის ჯონსონი წამყვან როლს შეასრულებს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების გაშუქებაში.


ყოფილი პრემიერი, რომელიც უკვე წერს მიმოხილვებს ბრიტანული გამოცემა Daily Mail-სთვის, ტელეკომპანიაში მუშაობას მომავალი წლიდან შეუდგება.


ჟურნალისტის პროფესია ჯონსონისთვის უცხო არ არის - 1989 წლიდან ის მუშაობდა გამოცემა The Daily Telegraph-ის ბრიუსელის კორესპონდენტად, მოგვიანებით პოლიტიკურ მიმომხილველად. 1999-2005 წლებში გამოცემა The Spectator-ის რედაქტორი იყო. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური საქმიანობა მან საკანონმდებლოს შეუთავსა, მას შემდეგ, რაც 2001 წელს პარლამენტში აირჩიეს.


ბორის ჯონსონს წლების განმავლობაში არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა, - იყო ლონდონის მერი, საგარეო საქმეთა მდივანი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.


აღტაცებული ვარ, რომ მალე შემოგიერთდებით GB News-ზე. ვაპირებ, რომ ამ შესანიშნავ ახალ ტელეარხს გადავცე ჩემი შეულამაზებელი შეხედულებები ყველაფერზე - რუსეთით, ჩინეთით და უკრაინაში ომით დაწყებული; იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებით ამ გამოწვევებს და ჩვენს წინაშე არსებულ დიდ შესაძლებლობებზე“, - ამბობს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ვიდეოში.


ჯონსონი ერთადერთი კონსერვატორი პოლიტიკოსი არ არის, რომელიც ბრიტანულ ტელეარხზე იმუშავებს. მანამდე GB News-ს შეუერთდნენ ბიზნესის და ვაჭრობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიკობ რის-მოგი, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და დეპუტატი ლი ანდერსონი, ასევე დეპუტატები ესთერ მაკვეი და ფილიპ დევისი.


დიდ ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობით, ყოფილი მინისტრები თანამდებობიდან წასვლიდან ორი წლის განმავლობაში ვალდებული არიან, დასაქმების საკონსულტაციო დამოუკიდებელ კომიტეტთან (Acoba) შეათანხმონ მათი მომავალი სამსახური.


აღნიშნულმა ორგანომ მანამდე უკვე დაადგინა, რომ ჯონსონმა მინისტრთა ქცევის კოდექსი დაარღვია, როდესაც გამოცემა Daily Mail-ში მუშაობის დაწყება კომიტეტს არ შეუთანხმა.


რაც შეეხება ყოფილი პრემიერის სატელევიზიო საქმიანობას, ბორის ჯონსონმა კომიტეტს მიმართა და მას შეშფოთების მიზეზი არ დაუნახავს, თუმცა მთავრობის ყოფილ მეთაურს გარკვეული პირობები დაუწესა, მათ შორის - ჯონსონმა არ უნდა გამოიყენოს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდის კონფიდენციალური მასალები; ასევე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლიდან ორი წლის განმავლობაში პირადად არ უნდა იყოს ჩართული მთავრობის ლობირებაში GB News-ის სახელით.


ჯონსონის ახალი სატელევიზიო კარიერის დაწყებამდე დიდ ბრიტანეთში აქტუალური იყო დებატები იმასთან დაკავშირებით, უნდა შეეძლოთ თუ არა პოლიტიკოსებს საინფორმაციო გადაცემების წაყვანა.


ჩნდება არაერთი კითხვა სხვადასხვა თემის მიმართ მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.


ივნისში ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ Ofcom-მა იმ გადაცემების შემოწმება დაიწყო, რომელთა წამყვანები პოლიტიკოსები არიან.


ამ გადაწყვეტილების მიზეზი მარეგულირებელი ორგანოს მიერ ტელეწამყვან-პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ასობით საჩივრის მიღება გახდა. საჩივრები მეტწილად ეხებოდა სწორედ GB News-ის გადაცემებს, ასევე ტელეკომპანია Talk TV-ის პროგრამებს.


Ofcom-ის წესებით, ახალი ამბები უნდა იყოს წარმოდგენილი მიუკერძოებლად, ხოლო პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება, წაიყვანონ ახალი ამბების გამოშვება, იყვნენ ინტერვიუერები ან რეპორტიორები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამართლებულია სარედაქციო თვალსაზრისით.


მოქმედი წესებით, რომლებიც 2000-იანი წლების დასაწყისში შემუშავდა, პოლიტიკოსებს შეუძლიათ წაიყვანონ გადაცემები მიმდინარე მოვლენების შესახებ, თუკი ისინი წარმოადგენენ მოსაზრებათა ფართო სპექტრს.


თუმცა მედიაექსპერტების ნაწილი მარეგულირებელს წესების გადახედვისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ექსპერტებს შორის არის კრის ბანატვალა, რომელიც Ofcom-ის სტანდარტების დირექტორი იყო სწორედ იმ პერიოდში, როცა მარეგულირებელმა პოლიტიკოსების მიერ გადაცემების წაყვანასთან დაკავშირებული წესები შეიმუშავა.


BBC-სთან საუბარში მან განაცხადა, რომ ცვალებად მედიაგარემოში, საჭიროა სერიოზული დებატები ახალი ამბების მიუკერძოებლობის საკითხზე.


„დღეს აშკარაა, რომ საინფორმაციო არხებზე წაშლილია ზღვარი ნამდვილ ახალ ამბავს, მიმდინარე მოვლენებსა და მოსაზრებებს შორის. ეს შეიძლება, იყოს კარგი მიზეზი Ofcom-სთვის ამ წესების გადასახედად“, - განაცხადა კრის ბანატვალამ;


ის მიიჩნევს, რომ ტენდენცია, რომელიც ბრიტანულ არხებზე ამჟამად შეინიშნება, გარკვეულწილად ამერიკიდან მოდის, სადაც მიმოხილვითი და საინფორმაციო გადაცემების წამყვანი პოლიტიკოსები ჩვეულებრივი მოვლენაა.


ფოტო theguardian.com

ქეთი ჩოხელი
  • 12
  • 3300
0 Comments