წითელი ვერსია
  • 75
  • 7214

პირველი მედია-ეპიდემია მსოფლიოს ისტორიაში?

01 მარტი 2020

ინფექცია COVID-19, რომელიც საზოგადოებაში ე. წ. "კორონავირუსის" სახელით გახდა ცნობილი, შესაძლოა მსოფლიოს ისტორიაში შევიდეს როგორც პირველი „მედია-ეპიდემია", ანუ მასობრივი დაავადება, რომელიც... სოციალური ქსელებით და მასმედიით ვრცელდება.


ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ პოპულარული სამეცნიერო გამოცემა Technology Review-ს ავტორები ტანია ბასუ და კარენ ჰაო, რომლებმაც მიმდინარე წლის 12 თებერვალს გამოაქვეყნეს წერილი სათაურით „კორონავირუსი - პირველი ნამდვილი სოციალური მედია-ინფოდემია მსოფლიოში".


აქ მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, რომ როდესაც დაავადების მედიით გავრცელებაზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ უარვყოფთ რეალური ინფექციური აფეთქების ფაქტს;


თუმცა კორონავირუსი, როგორც ისტორიული მოვლენა, უნიკალურია სწორედ იმით, რომ აქამდე მომხდარი ინფექციური აფეთქებებისგან განსხვავებით, ის ფაქტობრივად ორ პარალელურ აფეთქებას გულისხმობს. ერთი ეს არის უშუალოდ COVID-19, რომლის მსგავსი გლობალური აფეთქებები აქამდეც არაერთხელ დაფიქსირებულა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების გააქტიურების სეზონზე;


მეორე აფეთქება კი მედიაში მოხდა. ალბათ სხვას ვერაფერს ვუწოდებთ იმ პანიკას და მასობრივ ისტერიას, რომელიც ძირითადად სწორედ მედიაში და მედიის მიერ იქმნება და რომელიც საბოლოო ჯამში, არანაკლებ საშიში მოვლენა აღმოჩნდა, ვიდრე თავად ინფექცია.


ალბათ სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, 2 თებერვალს გამოიყენა ტერმინი "ინფოდემია" იმ სიტუაციის აღწერისთვის, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა 2020 წლის 25 იანვრის შემდეგ.


მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშან-თვისება არის გაშუქების და საერთოდ, ინფორმაციის ძალიან დიდი და ზოგჯერ ჭარბი ნაკადი, რაც უკვე თავისთავად უწყობს ხელს მოვლენის მნიშვნელობის აღქმის გადაჭარბებას საზოგადოებაში;


იქიდან გამომდინარე, რომ ამ ინფორმაციულ ნაკადებში "საშუალოსტატისტიკური მოქალაქისთვის" ფაქტობრივად შეუძლებელია სიმართლის ჭორისგან ან შეგნებული დეზინფორმაციისგან გარჩევა, საზოგადოებაში ჩნდება პანიკა, რომელიც "დომინოს ეფექტის" პრინციპით, თავის მხრივ კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას და ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას.


ასე იქმნება ჩაკეტილი წრე.


მაგალითად, ჭორის, პანიკის და შესაძლოა ზოგიერთი კომპანიის მიერ საგანგებოდ გავრცელებული დეზინფორმაციის კომბინაციამ გამოიწვია ის, რომ ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში მთელ მსოფლიოში გაჩნდა პირბადეების დეფიციტი; ეს მოხდა იმიტომ, რომ ადამიანებმა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მასობრივად დაიწყეს პირბადეების მომარაგება ან ტარება ქუჩაში გადაადგილების დროს; იმ გათვლით, თითქოს პირბადეს შეუძლია დაიცვას ადამიანი ინფექციისგან, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანთან მივიდა რეალურად სწორი ინფორმაცია, რომ არაინფიცირებული ადამიანისთვის ქუჩაში პირბადით გადაადგილება არა მხოლოდ რეკომენდებული არ არის, არამედ შესაძლოა ამან კიდევ უფრო გაზარდოს მისი ინფიცირების საფრთხე.


ნიშანდობლივია ისიც, რომ კორონავირუსის შემთხვევაში თავისთავად ინფიცირების შიშიც გადაჭარბებულია. როგორც დღემდე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, ისე პრაქტიკაზე დაკვირვებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ COVID-19 დაახლოებით ისეთივე საფრთხეს წამოადგენს ადამიანისთვის, როგორც ე. წ. „ტრადიციული გრიპი“, რადგან მისი სიკვდილიანობის კოეფიციენტი დაახლოებით გრიპის სტატისტიკაში მერყეობს; თუმცა საზოგადოების რეაქცია და შიში განუზომლად აღემატება იმ რეაქციას და შიშს, რომელიც „ძველი“ გრიპების მიმართ გვაქვს;


პანიკის შედეგებში აუცილებლად უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი და შესაძლოა, ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც კორონავირუსმა, როგორც მედია-ეპიდემიამ გაააქტიურა. ეს არის ქსენოფობია.


ადამიანებს, რომლებსაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან გამუდმებით უმეორებენ, რომ კონკრეტული რეგიონიდან თუ ქვეყნიდან მოდის რაღაც „სასიკვდილო ვირუსი“ (?!) გაუჩნდათ შიში და ფობია კონკრეტული რეგიონის თუ ქვეყნის მცხოვრებლების მიმართ. ასეთი ფობია შეინიშნებოდა ჯერ თავად ჩინეთში, ვუჰანთან მიმართებაში და მოგვიანებით მთელ მსოფლიოში, ჩინეთთან და ზოგადად აღმოსავლეთ აზიასთან მიმართებაში;


თუმცა მედიასაშუალებები, რომლებიც იყენებდნენ და იყენებენ ამგვარ „მყვირალა“ ტერმინებს, დიდი ალბათობით ვერც კი აცნობიერებენ, რა შეიძლება გამოიწვიოს პანიკამ და რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას ასეთ სიტუაციაში.


და ბოლოს - კორონავირუსის, როგორც მსოფლიო მედია-ეპიდემიის მიმოხილვა ალბათ არაბუნებრივი იქნება ქართულ მედიაზე დაკვირვების გარეშე. ქართული მედია ამ პროცესში იქცეოდა, როგორც დიდი მსოფლიო მასმედიის ნაწილი და აქედან გამომდინარე, მთლიანობაში უფრო ხელს უწყობდა პანიკას, ვიდრე საზოგადოების ინფორმირებას; თუმცა ქართულ მედიას ბუნებრივია, აქვს საკუთარი, ლოკალური თავისებურებებიც, რომლებიც ამ პროცესში კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა.


მაგალითად ის, რომ „მთავარი არხი“ ცდილობს ნებისმიერი სიტუაცია, და მათ შორის ეპიდემიაც კი, გამოიყენოს პოლიტიკური მიზნების და კონკრეტულად, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. ეს მცდელობა საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ არხს ბოიკოტი გამოუცხადა;


თუმცა სიუჟეტი, რომელიც „მთავარმა არხმა“ 28 თებერვალს გაუშვა ეთერში და რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ არადამაკმაყოფილებელ პირობებს ასახავს, ალბათ კიდევ არაერთ ადამიანს შეურყევს ნდობას ჯანდაცვის სისტემის მიმართ, რაც კრიტიკულ სიტუაციებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


ზვიად ავალიანი
  • 75
  • 7214
0 Comments